რამ გამოიწვია პაუზა ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებში?! - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია პაუზა ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებში?!

"დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს, ამას აზრი არ აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო" - საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის ინტერვიუდან ეს ამონარიდი სკანდალური გამოდგა. ბერუჩაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატიც შეჩერდა გაურკვეველი ვადით. მოგვიანებით ქალბატონ მინისტრს განმარტებების გაკეთებამ მოუწია.

ვითარებაში გასარკვევად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს დავუკავშირდით: - ქალბატონმა თამარმა უკვე განმარტა, რომ მის ნათქვამს ჟურნალისტმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცა. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან გრძელდება და შეფერხება არ ყოფილა. ჩვენ თავშივე გავმიჯნეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკური საკითხებისგან იმ ფორმატში, რომელიც შეიქმნა ამ ორმხრივი დიალოგისთვის. კარასინთან შეხვედრაზე განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს, ესენია: სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული პრობლემები.

- ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება შეჩერებულია იმ შეთანხმებების გამო, რომელიც რუსეთმა აფხაზეთთან უკვე გააფორმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან კი მის გაფორმებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

- ჩვენს მოლაპარაკებებში პაუზა ნამდვილად არის, თარიღი ჯერ არ შეთანხმებულა, თუმცა ეს ფორმატი და კომუნიკაციის არხი შენარჩუნებულია. რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება გააფორმოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, ცხადია, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე. შექმნილია უარყოფითი ფონი, რა დროსაც შეხვედრა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. დაველოდებით მოვლენების განვითარებას.

- რუსულ მხარეს ჰქონდა შეხვედრის სურვილი და პროტესტის ნიშნად უარი თქვით?

- ასე ვერ ვიტყოდი. ყოველდღე ისედაც არ ვხვდებოდით. მოლაპარაკებები იმართებოდა სამ თვეში ერთხელ. ბოლოს ოქტომბერში შევხვდით და არაერთი საკითხის გადაწყვეტა მოვახერხეთ. მაგალითად, საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებული, სამშობლოში დავაბრუნეთ. პრობლემების მიუხედავად, ასეთ უახლოეს მეზობელთან საჭიროა გარკვეულ საკითხებზე ლაპარაკი, ამის კარგი მაგალითი უკრაინაა, სადაც ომია, თუმცა რუსეთთან ურთიერთობას მაინც არ წყვეტენ.

ნათია დოლიძე