"კარგი იქნებოდა, ევროსაბჭოს დეპუტატებს ფარული ჩანაწერები ენახათ" - კვირის პალიტრა

"კარგი იქნებოდა, ევროსაბჭოს დეპუტატებს ფარული ჩანაწერები ენახათ"

გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების ნაწილმა საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტი, რომელსაც ხელს  30 დეპუტატი აწერს, პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის, გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობას ეხება. დეპუტატები "ხშირ და დაუსაბუთებელ წინასწარ პატიმრობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშშიც იყო საუბარი. მმართველი გუნდი  კი ამას კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" პიარკამპანიას უწოდებს და ირწმუნება, რომ ოპონენტები ევროპელ პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა - მომავალში ასეთ პარტიზანულ ქმედებებს უფრო მომზადებული შევხვდებითო. ექსპერტები კი კითხულობენ - აქამდე რით ვეღარ მოემზადნენო.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: "ეს ტრადიციად ქცეული ქმედება გახლავთ შედეგი "ნაციონალური" მოძრაობის" პოლიტიკური აქტივობისა; მეორე მხრივ, თვალნათლივ ჩანს უსუსურობა დღევანდელი მმართველი ძალისა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებს, საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს საერთაშორისო პარტნიორები. ვცხოვრობთ, ერთი მხრივ, გიორგი კანდელაკის აქტივობისა და მეორე მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის ფონზე. თუ არ გვინდა, მმართველი ძალის სიმართლე გაიგონ საერთაშორისო წრეებმა, კი ბატონო, მათი მოვლა-პატრონობა გადავაბაროთ ბატონ კანდელაკს, რომელიც ამას მშვენივრად ახერხებს, ოღონდ - სათავისოდ. ვიყუროთ ცაში, ოცნებას არა აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ოცნებებისგან პირდაღებული რომ დავრჩებით, უდავოა".

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე: - ეს არის 30 დეპუტატის ხელმოწერილი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომელიც არ გამოხატავს ევროსაბჭოს პოზიციას. განცხადებაში ნახსენებია საკითხები, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში ყოველ ოთხშაბათს წამოჭრის ხოლმე. ვფიქრობ, ეს არის ევროსაბჭოს კონკრეტული დეპუტატების სუბიექტური მიდგომა. ვურჩევ ჩამოვიდნენ, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმეებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს. კარგი იქნება, თუ ნახავენ იმ ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც უკანონოდ იქმნებოდა ჩვენს თანამოქალაქეებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე.

- ასეთი ჩანაწერები კვლავ არსებობს? როგორც ვიცით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა...

- ახლა არ არსებობს, მაგრამ კარგი იქნებოდა, თავის დროზე ენახათ გაუპატიურებისა და წამების უმძიმესი კადრები და ასეთ დასკვნებს აღარ გააკეთებდნენ.

- ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელსაც თუკი კვლავ მიანიშნებთ, რომ ევროპელი დეპუტატები შეცდომაში შეჰყავთ, ჩნდება კითხვა - ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ ახერხებთ მათთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას?

- ანგარიშები, რომლებიც ქვეყნდება, თუნდაც "ჰუმან რაითს ვოთჩის" მიერ, აღარ არის ხელისუფლების მიმართ ისეთი კრიტიკული... იქ აღარ არის საუბარი პატიმრების წამებებზე, მანიფესტაციების დარბევაზე, ჟურნალისტების დევნაზე...

- თუმცა, იმავე ანგარიშში საუბარია ნუგზარ წიკლაურისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის ფაქტების არაეფექტურ გამოძიებაზე...

- ჭიაბერაშვილთან დაკავშირებით დადგენილია პირი, ვინც ეს ჩაიდინა და სასამართლოს განაჩენიც არსებობს.  წიკლაურის საქმეზე გამოძიება კვლავაც გრძელდება. სამწუხაროდ, ყველა საქმე გამოძიებული არც ერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენი ხელისუფლების დროს გამოძიებული იქნა ვალერი გელაშვილის საქმე, სადაც სააკაშვილის დანაშაული იკვეთება. კარგი იქნება, თუ ამ საქმითაც დაინტერესდებოდნენ ევროსაბჭოს დეპუტატები. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 30-ზე მეტი ხელმომწერი ვერ იპოვა, სხვა დეპუტატების  დაყოლიება ვერ შეძლეს. ვფიქრობ, ამ ხალხსაც არა აქვს რეალური ინფორმაცია, ან საკითხს სუბიექტურად უდგებიან. სააკაშვილს წესად ჰქონდა, უცხოელ მეგობრები სუფრაზე თუ ქვევრთან მიეპატიჟებინა და მათი გული მოეგო.

- ანუ ქვევრთან მიპატიჟების გამო ევროპელ დეპუტატებს ვალდებულება გაუჩნდათ?

- როდესაც ასეთი ურთიერთობა გაქვს ვინმესთან, შესაძლოა, ობიექტური ვერ იყო.

- თქვენი საუბრით მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტის ამ განცხადებას მმართველი გუნდის წარმატებად მიიჩნევთ, რადგან ამ დოკუმენტზე მხოლოდ 30 დეპუტატის ხელმოწერაა...

- არა, ჩვენი წარმატება იქნება, თუკი საქმეთა გამოძიება დასრულდება და განაჩენი სამართლიანი იქნება. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც წარდგებიან სასამართლოს წინაშე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ვახო ბერიძე