სკანდალური ოქმი - სად იმყოფება გირგვლიანის მკვლელობისთვის ძებნილი ალანია და რას ითხოვდა ის პროკურატურისგან?! - კვირის პალიტრა

სკანდალური ოქმი - სად იმყოფება გირგვლიანის მკვლელობისთვის ძებნილი ალანია და რას ითხოვდა ის პროკურატურისგან?!

28 იანვარს სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. 9 წლის შემდეგ გამოძიებამ ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პასუხისგებაში მისცა, მათ შორის დაუსწრებლად ბრალი წარედგინა დათა ახალაიას, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი საქმე, რაშიც კუდ-ის ყოფილი შეფი ამხილეს. მის წინააღმდეგ ჩვენებები სწორედ იმ პირებმა მისცეს, რომლებიც თავის დროზე გირგვლიანის საქმეზე გაასამართლეს. გამონაკლისია მხოლოდ გერონტი ალანია, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული - 2005 წელს მოდულის შენობაში პოლიციელების ცემის გამო დათა ახალაიას, გერონტი ალანიასა და სოსო თოფურიძეს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვთ მისჯილი.

"კვირის პალიტრამ" მოიპოვა საგამოძიებო ოქმი, რითაც ირკვევა, რომ ძებნილი ალანია ესტონეთში იმყოფება და ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვდა. ოქმს ხელს აწერს პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი კახაბერ ჭუმბაძე. დოკუმენტში ვკითხულობთ:

"მობილურ ტელეფონზე დამიკავშირდა ძებნილი გერონტი ალანია. განმიცხადა, რომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენების მიცემას გირგვლიანის გატაცებისა და გარდაცვალების ფაქტზე, მაგრამ, როცა შეიტყო, რომ წაყენებული აქვს ბრალდება პოლიციელების ცემის ფაქტზე, ჩამოსვლისგან თავი შეიკავა. თუმცა, საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, მაინც ჩამოვიდეს და გამოძიებას მისცეს ჩვენება, თუ მიიღებს გარკვეულ გარანტიებს, რაზეც განვუცხადე, რომ გარანტიების მიცემა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება იმ ჩვენების შინაარსი, რომლის მოცემასაც აპირებს. შესაბამისად, შევთავაზე ჩამოეყალიბებინა წერილობით ან გადაეღო ვიდეოფირზე და გამოეგზავნა, რის შემდგომაც გაირკვეოდა მოწოდებული ინფორმაციის ღირებულება. იმავდროულად, ალანიას განემარტა, რომ ვინაიდან გამოცხადებულია ძებნა, მისი ჩამოსვლის შემთხვევაში საჭირო გახდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლა... ალანიამ მითხრა, რომ დაელაპარაკება მის ადვოკატ დავით ხაჟალიას, რომლის საშუალებითაც გამოძიებას წერილობით მოაწვდის ინფორმაციას სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებების შესახებ".

იქვე მითითებულია, რომ სატელეფონო ზარი ესტონეთიდან იყო განხორციელებული. საბოლოოდ თანამშრომლობა არ შედგა, როგორც ჩანს, გერონტი ალანიამ პროკურატურისგან გარანტიები ვერ მიიღო.

ადვოკატი დავით ხაჟალია ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირგვლიანის საქმეზე ჩვენება აღარ მიუცია.

- ალანიას აინტერესებდა, რის გამო ეძებდნენ და რატომ უნდა დაეკავებინათ იმ საქმეზე, რომლის გამოც სასჯელი ერთხელ უკვე მოიხადა. ბუნებრივია, ასეთი საუბარი იქნებოდა, მაგრამ არ უთქვამს, ჩამოვალ და გირგვლიანის საქმეზე ახალ ჩვენებას მოგცემთო. როგორც ამბობს, თავის დროზე უკვე მისცა ჩვენება და მზად არის, კიდევ ერთხელ დაჰკითხონ, მაგრამ მისთვის მიუღებელი იყო დაკავება. მას პოლიციელების ცემის ფაქტზე ბრალი მოგვიანებით წაუყენეს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი თანამშრომლობა საგამოძიებო უწყებასა და გერონტი ალანიას შორის არ შემდგარა...

საქმე, რის გამოც ალანია იძებნება, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულს ეხება. პროკურატურის განმარტებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ოლეგ მელნიკოვმა, იოსებ თოფურიძემ და ამ ეტაპზე დაუდგენელმა სხვა პირებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" სალაყაიასთან მომხდარი უსიამოვნების გამო, სასტიკად სცემეს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსს, მალხაზ აზარაშვილსა და შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროს ზაზა მესხს.

"კვირის პალიტრისთვის" ასევე ცნობილი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რამაც შესაძლოა სხვა დანაშაულსაც ახადოს ფარდა. საქმე ეხება კუდ-ის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, მიხეილ ბიბილურიძის ჩვენებას, სადაც პოლიციელების ცემის ფაქტზე გასამართლებული პირების გარდა, კიდევ რამდენიმე გვარს ასახელებს.

"ტელეეთერში გასული სიუჟეტით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციელების ცემის ფაქტზე პასუხისგებაში იყვნენ მიცემული დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, სოსო თოფურიძე და გია ალანია. ვინაიდან ამ ფაქტზე ვფლობ ინფორმაციას, მსურს დავეხმარო გამოძიებას: 2005 წელს (ზუსტი თვე და რიცხვი არ მახსოვს) ვიმყოფებოდი ჩემს სამუშაო ოთახში, თანამშრომელ ბადრი პოლიაშვილთან ერთად. ამ დროს შემოვიდნენ ჩვენი თანამშრომლები, დათო კუხიანიძე და გიორგი მაზმიშვილი. შემოიყვანეს უცნობი პირი. იმ ბიჭს თმა ჰქონდა გადაპარსული. რამდენიმე წუთში კვლავ გაიღო კარი და შემოვიდა დათა ახალაია, მას თან ახლდნენ ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული პირები. ახალაიამ უთხრა,„ბიჭო, ეს რა მაგარი ყოფილა და რა მაგრად ჩხუბობს თურმეო. ამათ ჰკითხეს, რა ხდებაო? ამის შემდეგ ახალაიამ ის ბიჭი თავის კაბინეტში წაიყვანა. ცოტა ხანში სიგარეტის მოსაწევად გავედი და შემხვდა მელნიკოვი, რომელიც ასევე სიგარეტს ეწოდა. ძალიან განერვიულებული, სახეაწითლებული იყო. არ გამოვლაპარაკებივარ, ისე დავბრუნდი ჩემს ოთახში. ამის შემდეგ ჩემს ოთახში დავით კუხიანიძემ და გიორგი მაზმიშვილმა სცემეს ზემოხსენებულ პირს, რომელიც მათ ეკითხებოდა, რატომ მირტყამთო? ის ოთახში დატოვეს და კვლავ დათა ახალაიას კაბინეტში გავიდნენ.

რამდენიმე თვის შემდეგ, დავით კუხიანიძეს ჩემთვის ბენზინის ტალონები უნდა მოეცა და როდესაც სეიფი გააღო, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი დავინახე. ვკითხე, ეს იარაღი ვისია-მეთქი? მიპასუხა, არ გახსოვს, ის პოლიციელი რომ გვყავდა მოყვანილი, იმას ავახიეო", - წერს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული მიხეილ ბიბილურიძე და იქვე დათა ახალაიას სკანდალურ ბრალდებას უყენებს.

(სტილი დაცულია) "საქმე ეხება დათა ახალაიას მიერ ახალგაზრდა ბიჭის ბოთლით გაუპატიურების მცდელობის ფაქტს. როგორც მახსოვს, კუდში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ამ ბიჭის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ფაქტზე. მოწმეების და ამ ვითომ გატაცებული ბიჭის გამოტეხვის მიზნით ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. კერძოდ, მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი პირადად დათა ახალაიას მიერ მოწმის გაუპატიურების მცდელობის ფაქტი, რასაც ესწრებოდნენ ჩვენი სამსახურის სხვა თანამშრომლებიც".

ვახო ბერიძე