შტეფან შენახი: "ნატო არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას" (ექსკლუზივი)
09-02-2015
შტეფან შენახი: "ნატო არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას" (ექსკლუზივი)
"შეცდომაა უკრაინისა და 2008 წლის კონფლიქტების შედარება"

იანვრის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოვლენები დრამატულად განვითარდა: რუსეთს ხმის უფლება აპრილამდე შეუჩერეს, რასაც კრემლმა ევროსაბჭოს ერთწლიანი ბოიკოტით უპასუხა. მიღებულ იქნა რეზოლუციები, რომელთაგანაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებისთვის მიძღვნილი რეზოლუცია გამოდგა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რუსეთისთვის უკრაინის გამო ნათქვამ "საყვედურს" მიაბეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კომიტეტის თავმჯდომარე შტეფან შენახი, რომლის მომზადებული რეზოლუციის შედეგად რუსეთს უფლებამოსილება შეუჩერდა, მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას ვერ მალავდა...

ევროსაბჭოს ავსტრიელ დელეგატს საქართველოზე, უკრაინასა და რუსეთზე ექსკლუზიურად ვესაუბრეთ:


- 2008 წლის ომის შედეგებზე მიღებულ რეზოლუციაზე გადასვლამდე, იქნებ ევროსაბჭოს მიერ რუსეთისთვის ხმის შეჩერება და კრემლის საპასუხო ბოიკოტი შეგეფასებინათ...
- მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატი ვარ და უმრავლესობის აზრს პატივს ვცემ, უნდა ვთქვა, მიღებული გადაწყვეტილება არაპროდუქტიულია და
ზომიერების ფარგლებს სცდება. ჩემ მიერ შექმნილი კომიტეტის მიზანი იყო რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნება, რისი სურვილიც რუსულ მხარეს ჰქონდა. ჩვენ არ გვჭირდება ახალი "ცივი ომი" ევროპაში! რუსეთი ევროპულ ქვეყნად მიმაჩნია და მწამს, რომ ევროპის უსაფრთხოება და მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა მის გარეშე ან მის წინააღმდეგ. თავიდან უმრავლესობა ჩემს კომპრომისულ მიდგომას უჭერდა მხარს, მაგრამ შემდეგ ე.წ. "ცივი ომის მეომრები" წამოდგნენ და განაცხადეს: "არა! რუსეთს აპრილამდე უნდა შევუჩეროთ უფლებამოსილება!" - შესაბამისად, კომპრომისიც არ შედგა.

- რეზოლუციის მიღების დღეს თქვენს ნათქვამ ციტატას მოვიყვან, კერძოდ, განაცხადეთ, რომ კონფლიქტი უკრაინაში ვერ გადაწყდება "რუსეთის სრულფასოვანი ჩართულობისა და პოლიტიკური ნების გარეშე". რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სწორედ რუსეთია მთავარი აგრესორი?
- იცით რა, ქართველ დელეგატებს ყოველთვის ვეუბნები, - ისევე, როგორც შვილი მშობლებს, ქვეყანა ვერ აირჩევს საკუთარ მეზობლებს. ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ცივილიზებულ სამყაროში კონფლიქტების მოსაგვარებლად ვიყენებთ, დიალოგი და კომპრომისია. ამ სიტუაციიდან საომარი გამოსავალი არ არსებობს და საქართველომ, მგონი, ეს კარგად უნდა იცოდეს.

- და რა იქნებოდა ევროსაბჭოსთვის მისაღები კომპრომისი რუსეთის მხრიდან?
- რა გითხრათ? ამ დროისთვის რუსეთს უფლებები შევუჩერეთ... რაც მოხდა, მოხდა, და ახლა ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ისეთი სახიფათო ვითარება, როგორიც ახლა უკრაინაშია, არ ყოფილა. დიდი იმედი მაქვს, რომ არც ერთი ქვეყანა ამ რეგიონში იარაღს არ გაგზავნის. იქ ისედაც უამრავი იარაღია. ჩვენ რაც გვჭირდება, ეს ცეცხლის შეწყვეტაა.

- მესამე ქვეყნებისგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგებით, არადა, რუსეთი განუწყვეტლივ აწვდის შეიარაღებას სეპარატისტულ რეგიონებს...

- სწორედ ამიტომ ჩემს ანგარიშში აშკარად წერია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი მოხალისეები და გაიტანოს შეიარაღება ამ რეგიონებიდან. თუ იარაღს ორივე მხარეს გავუგზავნით, ომიც გაგრძელდება. თქვენ რა, გინდათ უკრაინა მეორე სირიად იქცეს? ევროპაში XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და  ყველამ უნდა იცოდეს, რომ კონფლიქტების სამხედრო გზით გადაწყვეტა მიუღებელია.

- 2008 წლის ომის შედეგებზე მიღებულ რეზოლუციაზე გადავიდეთ... იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ევროსაბჭომ ანალოგიური შინაარსის 4 რეზოლუცია მიიღო, რუსეთმა კი არც ერთი არ გაითვალისწინა, რა გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს, რომ ეს ბოლო რეზოლუციაც უბრალოდ ქაღალდზე არ დარჩება?
- მე ვიცი წინა რეზოლუციების შესახებ და სწორედ ამიტომ ამჯერად ჩვენი მიზანი იყო პირველი ნაბიჯის გადადგმა პროგრესისაკენ. ვგულისხმობ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს. ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად, ალბათ, ორმოცდაათამდე ნაბიჯია საჭირო, მაგრამ ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება, თავიდანვე 50-ე საფეხურზე ვერ ახტები. სიტუაციას რუსეთსა და საქართველოს შორის ჯანსაღს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, ასე რომ, ვიმედოვნებდი, რომ მოხერხდებოდა პირველი ნაბიჯის გადადგმა მაინც და იცით რა, მგონი, ძალიან შორს არ ვიყავი ამის მიღწევისაგან. ახლა კი, იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, დიდი პროგრესის იმედი არა მაქვს.

- და რაზე იყო დამყარებული თქვენი იმედი, რომ რუსეთი თანახმა იქნებოდა, ერთი ნაბიჯი მაინც გადმოედგა ამ კონფლიქტების მოგვარებისთვის, იმის ფონზე, რასაც ახლა უკრაინაში სჩადის?
- იმედი შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რუსეთის ინტერესებში არ შედის გამუდმებული კონფლიქტი ევროპასა და საზოგადოდ, მსოფლიოსთან, თან, სანქციების მოხსნაც სურთ. ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუბრუნდეთ - სხვა გამოსავალი არ არსებობს. თანაც, უკრაინამაც უნდა გაითავისოს, რომ ერთობ უჩვეულო გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. იგივე ითქმის საქართველოზეც: ნატოში გაწევრების მოთხოვნა კონფლიქტის გაღვივებას ნიშნავს. ამავე მიზეზით ნატოც არ შეიფარებს არც საქართველოსა და არც უკრაინას, რადგან ბრიუსელში იციან, რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრის. ასეთი ტიპის სიმბოლური პოლიტიკა არაფერში გამოგადგებათ.

- ანუ ფიქრობთ, რომ საქართველოს მისწრაფება, გახდეს ნატოს წევრი, არარეალურია, სანამ კონფლიქტები არ მოგვარდება?

- მე იმას ვფიქრობ, რომ უკრაინამაც და საქართველომაც უნდა გაიაზრონ, რომ დიდ მეზობელთან ერთობ ცუდ და სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. უნდა იფიქრონ ალიანსის გარეშე არსებობაზე. იმაზე, რომ გაძლიერდნენ ალიანსის წევრობის გარეშე და მზად იყვნენ ურთიერთობისათვის როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან, ღია იყვნენ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევრაზიული კავშირისათვის.

- სანქციები ახსენეთ - როგორ ფიქრობთ, რატომ არ დადგა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი 2008 წელს? უკრაინის უფრო დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო?

- ვფიქრობ, შეცდომაა უკრაინისა და 2008 წლის კონფლიქტების შედარება. ქართველი ხართ და მესმის თქვენი პოზიცია, მაგრამ 2008 წელს მსოფლიო ერთობ უკმაყოფილო იყო იმით, რომ საქართველომ პრობლემის გადაჭრა სამხედრო გზით სცადა. იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტებს ემსხვერპლნენ, ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ ეს ომი არა ძალის, არამედ პოლიტიკის, შეთანხმებებისა და დიალოგის გამოყენებით.

ვაჟა თავბერიძე


17 თებერვალი 2015 12:55
გამაოგნებელია!!!! ეს რა ხდება ქართველებისს თავს? რამდენი პარაზიტი აღმოცენებულა!საკითხი სერიოზულძე სერიოზულია, მინდოდა ყველა კომენტარს გავცნობოდი, რომ ჩემი კომენტარიც გამეცნო საზოგადოებისათვის, მაგრამ ვეღარ გავუძელი. ქართველი ხალხი აქამდე ბრძენმა ქარტველებმა მოიყვანეს, საბედნიეროდ ასეთი პიროვნებები დღესაც არსებობენ, მაგრამ ასეთ მარაქაში რა თქმა უნდა არავის არ უნდა გარევა, ამიტომ ჟურნალითებმა უნდა თქვან თავიანთი სიტყვა.
klara
15 თებერვალი 2015 00:55
ზუსტად ის ილაპარაკა, რაც არაერთხელ დამიწერია საიტებზე კომენტარებში.
"ნატო ნატოს" ძახილი არის ის წითელი ქსოვილი, რასაც ტორეადორი ხარს ცხვირწინ უფრიალებს გასაგიჟებლად.


როგორც ჩანს, "ცივი ომი" კი არ დამთავრდა, არამედ ახალ ფაზაში გადავიდა.
და პლანეტა განადგურების საფრთხესთან ახლოს მიიყვანა.

mitua
14 თებერვალი 2015 02:11
შტეფან შენახი: "ნატო არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას" (ექსკლუზივი)
-----------------------------------


ეიიი ..... შტეფან....
ეგრე არა, ეგრე კულტურულად არ უნდა თქვა---ნატოს ვერ უსუნებთო---- ქართველებს უნდა დედა გვაგინო, დედა, რომ იქნებ ზოგიერთებმა როგორმე გაიგონ, რომ ეს სიაფანდი ნატო, საქართველოსთვის მხოლოდ მირაჟია და მეტი არაფერი-----და ისიც მხოლოდ რუსების გასაგიჟებლად.
----------------------------------------------

უკრაინამაც და საქართველომაც უნდა გაიაზრონ, რომ დიდ მეზობელთან ერთობ ცუდ და სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. უნდა იფიქრონ ალიანსის გარეშე არსებობაზე. იმაზე, რომ გაძლიერდნენ ალიანსის წევრობის გარეშე და მზად იყვნენ ურთიერთობისათვის როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან, ღია იყვნენ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევრაზიული კავშირისათვის.


მეტი რაღა უნდა თქვან ამ მართლა კეთილებ..მოწყობილებმა.....ჰაააა???

ნატო კი არ ტასიკო....

რედაქტორის რჩევით