მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ერთი მარტივი ჭეშმარიტება

იმის მაგივრად, რომ საქმე აკეთონ, "ოცნების" წარმომადგენლები მოსალოდნელი დესტაბილიზაციით აშინებენ ხალხს და ცდილობენ, ხალხის ყურადღება პრობლემებიდან "ნაციონალური მოძრაობის" "ბნელ გეგმაზე" გადაიტანონ, რომელიც ჯერ ფაქტებით ვერ დაადასტურეს.  მესმის, რომ "ნაციონალებს" სახელი ისე აქვთ გატეხილი, ხალხის უმრავლესობა, არცთუ უსაფუძვლოდ, მზად არის, მათზე ყველაფერი დაიჯეროს და ხელისუფლებაც ამით სარგებლობს, მაგრამ ხომ გაგიგიათ არაკი: მგელი, მგელიო! და ისიც ხომ გახსოვთ, როგორ დასრულდა?

დესტაბილიზაციაზე ბოლოს ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. მერე, როდესაც ჟურნალისტებმა რაღაცების დაკონკრეტება მოსთხოვეს, "ნაციონალები" არ მიგულისხმია, ზოგადად ვთქვი, მსოფლიოში უამრავი საფრთხე არსებობსო. ცუდია, როდესაც მინისტრი თავის საქმიანობას ისეთი განცხადებით იწყებს, რომლის უარყოფაც ლამის მაშინვე უწევს. ჭიკაიძემაც ასე დაიწყო - რაღაც საბურავებსა და უკრაინიდან მოწვეულ აქტივისტებზე ალაპარაკდა, მაგრამ ამას გაგრძელება არ მოჰყვა და მისი ნათქვამი დღემდე სალაპარაკო აქვთ "ნაციონალებს". კი ბატონო, შეიძლება მინისტრს არ ჰქონდეს კონკრეტული ფაქტები, მაგრამ ჰქონდეს ინფორმაცია და პრევენციის მიზნით გააკეთოს განცხადება, რათა მოწინააღმდეგე გააფრთხილოს, რომ მათი გეგმის შესახებ ხელისუფლებამ იცის - ეს გასაკვირი არ გახლავთ, მაგრამ ხშირი ლაპარაკი დესტაბილიზაციაზე, ჯერ ერთი, ძალიან ძველ დროს გვახსენებს და მეორეც - ინვესტორებს აფრთხობს! ვინ მოვა და ვინ დააბანდებს ფულს ისეთ ქვეყანაში, სადაც გამუდმებით დესტაბილიზაციას ელოდებიან?!

ბოლოს და ბოლოს, დესტაბილიზაციას ყოველთვის ხელისუფლება იწვევს! თუ ხალხში საამისო განწყობა არ არის, ოპოზიცია დესტაბილიზაციას ვერ გამოიწვევს! ამიტომ საქმეს მიხედეთ! თქვენმა ხელისუფლებამ ერთი რამ ვერ გაიგო: თუ ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ახერხებ, მაშინ შენსასაც ნუ გაიუმჯობესებ. ასე მაინც აგრძნობინე საზოგადოებას, რომ მის გვერდით ხარ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს (თუმცა, ის დღე თქვენთვის მშვენიერი ვეღარ იქნება) ყველაფერს გაზღვევინებს! რად უნდა ამას "ნაციონალები"?

"ნაციონალების" შანსი

სხვა საკითხია, შეუძლიათ თუ არა  "ნაციონალებს" არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში დაბრუნება. ვიღაცები ამბობენ, შეიძლება„"ოცნების" რეიტინგი ეცემა, მაგრამ "ნაციონალების" რეიტინგს არაფერი ემატება, ამიტომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ზღაპარიაო. მე ასე არ ვიტყოდი. ხელისუფლებაში შეიძლება ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსი აქვთ, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც საყურადღებო შედეგი აჩვენონ. როგორ? თუ 2016 წლისთვის "ოცნების" რეიტინგი დაეცა და არც ახალი ძალა გამოჩნდა, ამომრჩეველთა უმრავლესობა, უბრალოდ, შინ დარჩება,„"ნაციონალებმა"“ კი ბოლო ორ არჩევნებზე დაამტკიცეს, რომ მათი მხარდამჭერები ძალიან აქტიურები და მოტივირებულები არიან. შესაბამისად, ეს ხალხი, თუ წინა არჩევნებზე 20-22% გამოვიდა, რადგან ყუთებთან ბევრი ამომრჩეველი მივიდა, 2016 წელს შეიძლება 40%-ად იქცეს, ანუ“ შეიძლება "ნაციონალებმა" თავიანთი პროცენტული მაჩვენებელი ისე გაზარდონ, რომ რეიტინგის მომატება არც დასჭირდეთ. მე როგორც ვატყობ, საკუთარი რეიტინგის გაზრდის იმედი არც თვითონ აქვთ და მათი ძალისხმევა სწორედ იქით არის მიმართული, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი დატოვონ სახლში, ანუ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეუფლოს უიმედობის განცდა. ამისთვის ისინი ყველა მეთოდს იყენებენ; ცდილობენ, თავიანთი რიტორიკით კიდევ უფრო გააღიზიანონ მათზე ისედაც გაბრაზებული ამომრჩეველი, რომ მერე ისინი "ოცნებაზე" გაბრაზდნენ, "ნაციონალებს" როგორ "აბლატავებთო". და ამ საქმეში მათი მთავარი მოკავშირე "ოცნებაა" თავისი შეცდომების კასკადით!

უმადურობა

როგორც კი ივანიშვილმა არასამთავრობოთა ხელმძღვანელების წინააღმდეგ გაილაშქრა, უმალ გამოჩნდა ამ ადამიანების წინააღმდეგ მებრძოლთა მთელი არმია. არადა, ვისი ვისი და, "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრის თუ გულშემატკივრის მიერ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული საყვედურები უმადურობაა, რადგან სწორედ ეს არასამთავრობოები 2012 წლის არჩევნებამდე კბილებით„იცავდნენ  "ოცნების" წევრების და აქტივისტების უფლებებს, ყველა რაიონსა თუ სოფელში აღნუსხავდნენ მათ წინააღმდეგ ძალადობას თუ სხვა დარღვევებს, იცავდნენ მათ უფლებებს, იბრძოდნენ სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის, დაიწყეს კამპანია "ეს შენ გეხება!" და მოახერხეს  მასტ ქერის“მიღება, რამაც მაშინდელი ხელისუფლების დაკრულზე მოცეკვავე საკაბელოები აიძულა, ოპოზიციური არხებიც ჩაერთოთ! მათ ანგარიშებს ეყრდნობოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როცა „"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას აკრიტიკებდნენ. ამას ისინი აკეთებდნენ არა მხოლოდ 2012 წელს, არამედ წლების განმავლობაში და თუ მაშინ მიშას ტელევიზიები მათ საქმიანობას არ აშუქებდნენ, მათი ბრალი არ არის!

ისინი ამ ყველაფერს დემოკრატიის დასაცავად აკეთებდნენ და დღეს, როდესაც იმავე საქმიანობას აგრძელებენ, ბიძინა ივანიშვილი და "ოცნების" ზოგიერთი წევრი აღშფოთებას ვერ მალავენ! კი ბატონო, შეიძლება მათ ყველაფერში არ დაეთანხმო, შეიძლება მათი აქტიურობა გაღიზიანებდეს, მაგრამ ღვაწლი არ უნდა დაუკარგო! მათი წვლილი კი საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში მართლაც დიდია! ვიღაცები მათ მთავარ ბრალდებად იმას უყენებენ, უცხოეთი აფინანსებთო. აბა, საქართველოში ფულს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არავინ იძლევა და! იმასაც საყვედურობენ - მარტო უმცირესობებს რატომ იცავთ, მართლმადიდებლები და მათი უფლებებიც დაიცავითო. ისინი იმათ იცავენ, ვისაც დამცველი არ ჰყავს, მართლმადიდებლობას კი საქართველოში იმდენი დამცველი ჰყავს, ადგილიც აღარაა!

ყველაზე მეტად ასეთი საქციელი ივანიშვილისგან მიკვირს, რომელმაც წესით, კარგად უნდა იცოდეს არასამთავრობოების ფასი - თვითონაც ამ სექტორში არ წავიდა? თუ არა?..