დარტყმა "კეზერას" კარტელზე?! - მალე კორუფციული სქემა გაიშიფრება
09-02-2015
დარტყმა "კეზერას"  კარტელზე?! - მალე კორუფციული სქემა გაიშიფრება
ეს კომპანიები შექმნილია იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები დააფინანსონ. ცხადია, ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" მყავს მხედველობაში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სარეკლამო კომპანია "აუთდორ. ჯის" საქმიანობას სწავლობს. გამოძიება კომპანიის როგორც კონტრაქტორ, ისე შვილობილ კომპანიებშიც მიმდინარეობს.  გამოძიების დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ეს კომპანია, თავის დროზე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, წითელი ცირკულარით ძებნილი დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა, ისევე როგორც კომპანია "გალფი" და მისი კონტრაქტორი "უნიგრუპი", რომლებშიც ასევე საგამოძიებო სამსახურია შესული.

ის, თუ როგორ
გამოიყენა დავით კეზერაშვილმა თანამდებობრივი გავლენა და ძალაუფლება პირადი კეთილდღეობისთვის, არაერთი ორგანიზაციის კვლევისა და ჟურნალისტური გამოძიების თემა იყო. თუმცა, მისი ბიზნესების წარმომავლობითა და საქმიანობით საგამოძიებო უწყებები აქამდე არ დაინტერესებულან.
გარე რეკლამაზე მოპოვებული მონოპოლია ერთ-ერთია იმ საეჭვო სქემებს შორის, რომელიც კეზერაშვილის სახელს უკავშირდება.

დღეს თბილისში გარე რეკლამის
განთავსების ექსკლუზიურ უფლებას, 2021 წლამდე, შპს "აუთდორ. ჯი" ფლობს, რომლის ერთ-ერთი მფლობელი დავით კეზერაშვილი იყო. ერთი კომპანიისთვის ექსკლუზიური უფლებების გადაცემითა და კონკურენტების ჩამოშორებით ვიწრო  ჯგუფის ხელში აღმოჩნდა როგორც მასშტაბური სარეკლამო (მათ შორის - პოლიტიკური მიზნებითაც) ბერკეტები, ასევე მილიონების შოვნის გარანტირებული შესაძლებლობა.
თუმცა, ამას წინ უძღოდა ძალზე საეჭვო მანევრები, რომელიც საჯარო აუქციონის სახელით "კარგად" შეიფუთა. 2009 წლის 6 თებერვალს მერიამ, რომელსაც უგულავა ხელმძღვანელობდა, საკრებულოს, ფაქტობრივად, ჩამოართვა გარე რეკლამის რეგულირების უფლება. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, თბილისის მერიამ გამოაცხადა აუქციონი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე. აუქციონი 2 აპრილს გაიმართა და 3 აპრილს მერიამ უკვე გადასცა ნებართვა დარღვევებით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულ "აუთდორ. ჯისა" და "მაგი სტილი მედიას". შემდეგ კი "მაგი სტილი მედიამ" გარე რეკლამის თავისი ნებართვა უსასყიდლოდ დაუთმო "სმოდ ედვერთაიზინგს", რომელიც, თავის მხრივ, ისევ "აუთდორთან" ასოცირდებოდა და ერთი ჰოლდინგის წევრები იყვნენ. ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, მერიამ გარე რეკლამის მონოპოლიზებაც მოახდინა.

გარე რეკლამის მსგავსად, საკმაოდ მსუყე ლუკმა იყო საწვავის ბაზარი და შესაბამისად, არც ეს გამორჩენიათ მხედველობიდან ყოფილი ხელისუფლების წევრებს. 2006-2011 წლებში საწვავის საცალო ბაზარზე მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის წილი საერთო ბრუნვაში 20%-დან 7%-მდე შემცირდა, სამაგიეროდ, რამდენიმე მოთამაშე გამსხვილდა. მაგალითად, თუ "ვარდების რევოლუციამდე" საწვავით საცალო ვაჭრობის ბაზარზე რამდენიმე ათეული ეკონომიკური აგენტი მოქმედებდა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას  ბაზარზე ხუთი დომინანტი კომპანია დარჩა. აღსანიშნავია, რომ ფარული (კარტელური) შეთანხმების ალბათობა მით უფრო დიდია, რაც უფრო ცოტა ეკონომიკური აგენტი მოქმედებს შესაბამის ბაზარზე. ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ის, თუ როგორ შემოვიდა ბაზარზე კეზერაშვილის "გალფი" და რა ფასად ჩაიგდო ხელში ბაზრის ყველაზე დიდი წილი.  
"გალფი", იგივე "სან პეტროლიუმ ჯორჯია", 2010 წლის ნოემბერში "სონოლ ოილ პროდაქტსის" სახელით დაფუძნდა და ბაზარზე მანამდე მოქმედი კომპანიების - "სენტას", "ეკოსა" და "მაგნატის" ავტოგასამართ სადგურებს დაეპატრონა. აღნიშნული კომპანიების მესვეურები დღემდე ითხოვენ სასამართლოსგან სამართლიანობის აღდგენასა და წართმეული ქონების დაბრუნებას(!). კონკურენტების ძალისმიერი მეთოდებით ჩამოშორების გზით კეზერაშვილის ფირმამ მანამდე  მოქმედი მსხვილი კომპანიები მალევე უკან ჩამოიტოვა და ყველაზე მსხვილი ავტოგასამართი სადგურების ქსელი შექმნა.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი მოხდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ნავთობპროდუქტების სფეროში მოქმედ ათამდე საშუამავლო კომპანიაში შევიდა. Eექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ორგანიზაციებში საგამოძიებო სამსახურის შესვლა კონკურენციის სააგენტოს შუალედური დასკვნის საფუძველზე მოხდა (სააგენტომ საწვავის ბაზრის შესწავლა პრემიერის განკარგულებით დაიწყო).  გავრცელებული ინფორმაციით, შუამავალ კომპანიებს თავად ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ქმნიდნენ და კონკურენტები ერთმანეთსაც კი აწვდიდნენ საწვავს. მაგალითად, "ლუკოილ ჯორჯიას" მარკეტინგულ და ექსკლუზიურ სადისტრიბუციო მომსახურებას უწევდა შპს "უნიგრუპი", რომლის საქმიანობას ამჟამად საგამოძიებო სამსახური სწავლობს. აღნიშნული კომპანიის პარტნიორები იყვნენ გიორგი პირველი და დავით კეზერაშვილი - "გალფის" ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც, წესით, ბაზარზე "ლუკოილ ჯორჯიას" კონკურენტი უნდა ყოფილიყო.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაბამისი სამსახურები ფოთის ნავთობტერმინალის საკითხითაც დაინტერესდნენ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით,  ორიოდე წლის წინ კეზერაშვილმა "გალფთან" ერთად ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მიჰყიდა. Mმან კი  ნავთობტერმინალისა და "გალფის" გარკვეული წილი "როსნეფტს" დაუთმო.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო სამსახურის გააქტიურებამ შესაძლოა, ამოხსნას კეზერაშვილის მოულოდნელი” გამდიდრების საიდუმლო.  
კეზერაშვილმა ბიზნესები ოფიციალურად კი გაყიდა, მაგრამ ყველა ამ კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული. შესაბამისად, ექსპერტების თქმით, რთულია გარკვევა,  რეალურად შეიცვალეს თუ არა მათ მესაკუთრეები, თუ ეს უბრალოდ შირმა იყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე, ექსპერტი: "ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები ანონიმური საზოგადოებაა, სადაც დამფუძნებლებს არ აცხადებენ. ბევრნაირი სქემა შეიძლება არსებობდეს ასეთი კომპანიების დასაფუძნებლად, მაგრამ იღებენ უმარტივეს სქემას. ოფშორში, სადღაც ტაიმანის კუნძულებზე  აფუძნებენ კომპანიას. თავად ამ ქვეყნების კანონმდებლობა უკრძალავს მათ დამფუძნებლების გვარ-სახელების გამოაშკარავებას და შემდეგ ეს აბსოლუტურად ამორფული წარმონაქმნი იწყებს ბიზნესებს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის შეიძლება იყოს საქართველო. ჩვენ შეგვიძლია დამფუძნებელს მხოლოდ ურთულესი საერთაშორისო გამოკვლევის შედეგად მივაკვლიოთ, მაშინ როცა ამ კომპანიიდან გადარიცხვები პირად ანგარიშებზე წავა. ჩვენ ამ კომპანიის ანგარიშებს ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ "ეჭვმიტანილი" პირების პირადი ანგარიშების გაკონტროლება სავსებით შესაძლებელია და ჩვენ ვნახავთ ფულად ნაკადებს. ასეთი მიდგომით ძალიან ზუსტად დავადგენთ არა მარტო პირთა ვინაობას, არამედ დივიდენდების განაწილების შესაძლებლობით დავადგენთ მათ წილს ამ კომპანიებში. ეს არის ჩვეულებრივი მექანიზმი, საუბედუროდ, საკმაოდ ხანგრძლივი და რთული. ის, რომ ეს კომპანიები შექმნილია იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები დააფინანსონ, ცხადზე უცხადესია. ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" მყავს მხედველობაში და ალბათობა იმისა, რომ ისინი სწორედ ამ ფულით ფინანსდებიან, ძალიან მაღალია. შემოსავლების სამსახურის შესვლა კეზერაშვილთან ასოცირებულ კომპანიებში დადებითი მომენტია. წარმოიდგინეთ, რომ
არსებობდა ადამიანი, ჩვეულებრივი თბილისის მოქალაქე და საკმაოდ ღარიბი, და ორ წელიწადში მას 2-მილიარდიანი ქონება გაუჩნდა, რაც ნონსენსია! ეს ქონება ხომ თქვენი, ჩვენი და საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის წართმეული ქონებაა".

კეზერაშვილთან ასოცირებულ კომპანიებში საგამოძიებო უწყებების  შესვლა და ნავთობის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლა შესაძლოა, პირველი ნაბიჯი იყოს იმისკენ, რომ გამილიარდერებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ახალი საქმეები აღიძრას და იმ დიდი კარტელის საქმიანობა ბოლომდე გაიშიფროს, რომელსაც კეზერაშვილი ედგა სათავეში. ეს, სავარაუდოდ, პირველი დარტყმაა "კეზერას" კარტელზე და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი.

თინა ხიდაშელი, საქართველოს პარლამენტის წევრი: "როცა კეზერაშვილს ეხება საქმე, ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია: კეზერაშვილის ფინანსური ინტერესების, მონოპოლიის შესწავლა, ფასების ხელოვნურად დადგენისა და მისთვის ხელოვნური მონოპოლიების შექმნის ამბის გარკვევა, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გახმაურებული მკვლელობების საქმეების გამოძიება და გახსნა.

ეს თავისი არსით სხვადასხვა ტიპის საქმეებია, მაგრამ მნიშვნელობით ერთნაირად მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის. ამიტომ მე მხოლოდ მივესალმები, თუ ამ საკითხს ნათელი მოეფინება. ან უნდა დადასტურდეს ერთხელ და სამუდამოდ, ან უარყოფილი უნდა იყოს ამბავი იმის შესახებ, რომ ყოფილი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა კეზერაშვილისთვის ხელოვნური მონოპოლიების შესაქმნელად, იქნებოდა ეს ლატარიის კომპანია, გარე რეკლამა თუ ნავთობპროდუქტები".

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ოფშორულ კომპანიებში კომპანიების დაფუძნების მიზანი შეიძლება იყოს ორი: მათი რეალური მფლობელის ვინაობის დამალვა და მეორე - როცა ქვეყანაში ცვლილებები ხდება, ოფშორული კომპანიის საქმის ძიება უფრო გართულებულია. თუმცა, საფუძვლიან კითხვებს ბადებს კეზერაშვილის ასე უცებ გამდიდრების ფაქტი, რადგან, როგორც წესი, შემთხვევით არ ხდება, რომ სახელმწიფო სამსახურიდან წასული პირი ხვდებოდეს ასეთ რენტაბელურ ბიზნესში. შესაბამისად, ამ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და ყველას პასუხი უნდა გაეცეს. რაც შეეხება იაკობაშვილს, ის უკვე მესამე მხარეა, რომელიც კვალიფიცირდება როგორც პატიოსანი მყიდველი. სხვა საკითხია, იცოდა თუ არა, ან რა იცოდა ამ ბიზნესების წარმომავლობაზე, ეგ სხვა საქმეა, თუმცა, მთავარი კითხვები უნდა დაისვას მათ მიმართ, ვინც ეს ბიზნესები სხვებს წაართვა, დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ როგორ "გააპრავა" ეს ბიზნესები".


რა წერია კონკურენციის სააგენტოს სკანდალურ დასკვნაში

კონკურენციის სააგენტოს შუალედური დასკვნის დეტალებს არ ახმაურებენ, თუმცა, "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა დოკუმენტის შინაარსი, რომელიც, შეიძლება ითქვას, სკანდალურია.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოკვლევის თანახმად, იმპორტიორ კომპანიებს თავადვე აქვთ დაფუძნებული ე.წ. საშუამავლო კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გადანაწილებას ახდენენ. თავისთავად, ხელოვნურად შექმნილი ბარიერი საწვავის ფასებზეც აისახება. ექსპერტების თქმით, ეს კორუფციული სქემა ჯერ კიდევ დავით კეზერაშვილის დროს დაინერგა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე მთავარი მოთამაშეების არაადეკვატურ გამდიდრებას ემსახურებოდა.
მოგელანდებით
15 თებერვალი 2015 23:37
კარგი კომენტარია ალექს. მომეწონა . ბევრი გიშრომიათ.
arsena
10 თებერვალი 2015 02:40
TEGETA MOTORSHIC ar askendat hecvla. Rogor akotreben mesarmeebs. Ty dainteresdebian mivasvdi detalebs.
tekla
10 თებერვალი 2015 00:58
მამაპაპურ-გლეხურად რომ ვთქვათ, "ვერ გაძღა ამათი მუცელი"
ფული ფეტიშად ჰქონდათ ნაქცევი და არა იმისთვის, რომ ადამიანურად ეცხოვრათ.

რედაქტორის რჩევით