ჰიბრიდული ომი და საქართველო
09-02-2015
ჰიბრიდული ომი და საქართველო
ბოლო პერიოდში დასავლეთში სულ უფრო ხშირად შეხვდებით შეშფოთებულ ვარაუდებს იმის თაობაზე, ვინ იქნება რუსეთის მომავალი სამიზნე: რისკის ზონათა შორის ერთმნიშვნელოვნად განიხილება მოლდავეთი, საქართველო და ბალტიის ქვეყნები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ბჟეზინსკი პირდაპირ მოუწოდებდა აშშ-ისა და ნატოს ხელმძღვანელობას, განალაგონ ნატოს ბაზები ბალტიის ქვეყნებში, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი რუსული აგრესიის თავიდან აცილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა ერთ დღეში დაიპყროს ბალტიის ქვეყნები და ჩვენ ისღა დაგვრჩება, ჩვენთვის კარგად ჩვეული ვიშვიშითა და აღშფოთებით
შემოვიფარგლოთო. სულ ახლახან კი ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა განავრცო ეს მოსაზრება.

მან თქვა, რომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ პუტინი ბალტიის სახელმწიფოებშიც შეიჭრას, რათა გამოცადოს, ნატო კიდევ არსებობს თუ არა, ანუ აამოქმედებენ თუ არა ძველი ევროპის ქვეყნები ნატოს არსებობის არსს: კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ მე-5
მუხლს, რომელიც ერთ წევრზე აგრესიის შემთხვევაში, ნატოს ყველა წევრს მის დაცვას ავალდებულებს. რასმუსენი უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ფინანსური კრიზისის შემდეგ, ევროპელებმა იმდენად შეამცირეს სამხედრო ხარჯები, რომ მათ თითქმის არ შეუძლიათ  საკუთარი თავის დაცვა ამერიკის დაუხმარებლად. თუმცა, რასმუსენი ფიქრობს, რომ რუსეთი თავს აარიდებს პირდაპირ სამხედრო აგრესიას ნატოს თუნდაც ყველაზე სუსტ წევრთან და ჰიბრიდული ომის მეთოდს გამოიყენებს, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში.

რა არის ჰიბრიდული ომი? ჰიბრიდული ომის შესახებ გავრცელებული შეხედულებებიდან ერთი საერთოს პოვნა ნამდვილად შეიძლება: ეს არის ომი მართვადი ქაოსის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი საინფორმაციო ომია, მოწინააღმდეგის სრული დემორალიზების მიზნით. გამოყოფენ ჰიბრიდული ომის ელემენტებს: მიზანში ამოღებულ სახელმწიფოში "დასაყრდენი ჯგუფების" შერჩევა და მათი გამოყენება პროვოკაციებისთვის, სიტუაციის შერყევა და კრიზისის ინსპირირება მსხვერპლ სახელმწიფოში; ქვეყნის დეგრადაცია, გაღატაკება და დაშლა; აგრესორისთვის სასურველი პოლიტიკური ხელისუფლების მოყვანა სამიზნე ქვეყნის სათავეში. ჰიბრიდული ომის პირველი ნაბიჯები, ერთი შეხედვით, ისეთი უწყინარი და უმტკივნეულოა, ანუ იწყება ისე, რომ მისი აღმოჩენა ხშირად უკვე გაქანებული ომის სტადიაშია შესაძლებელი.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი ამოცანაა, დაადგინოს, ხომ არ ვიმყოფებით ჰიბრიდული ომის ფარულ სტადიაში და რა მსგავს სიმპტომებზე შეიძლება საუბარი ან სად უნდა ვეძიოთ ნოყიერი ნიადაგი პროვოკაციებისთვის.

რუსული საინფორმაციო პროპაგანდისგან საქართველოს საინფორმაციო სივრცე სრულიად დაუცველია და ჩვენ უკვე ორი წელია ვიმყოფებით რუსული საინფორმაციო ნაკადის გავლენაში, რომელიც, მოკლედ რომ ვთქვათ, გვაჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთადერთი გზა რუსეთია და იმავდროულად, როგორი უნაყოფო აღმოჩნდა საქართველოსთვის დასავლური გზა;
ქვეყანაში ბოლო პერიოდში სოკოებივით მომრავლებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები აშკარად მუშაობენ საქართველოს რუსეთთან ინტეგრაციის განხრით;

ოპოზიციური პარტიების საკმაოდ გავლენიანი ნაწილი, მართალია, თავს არ აცხადებს პრორუსულად, მაგრამ აშკარად ატარებს ანტიდასავლურ პოლიტიკას პროქართული იდეოლოგიის დროშით;
შესაძლო პროვოკაციების იმდენი წერტილია მონიშნული საქართველოში, რომ მათი მხოლოდ ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, დაწყებული რუსეთისა და მისი სატელიტების მიერ ენგურჰესის, თრუსოს ხეობის თუ ავარეთ-კახეთის გზის თემების გააქტიურებით, დამთავრებული რუსული დროშების აფრიალებით კახეთისა თუ მაღალმთიანი აჭარის რეგიონებში;
ამას ემატება ლარის დევალვაცია, ფასების მატება. სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების მწყობრი ხედვა კი არ ჩანს.

პარალელურად, თუ თვალს გადავავლებთ ვითარებას ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკურ ფლანგზე, რომელიც ისე სუსტია, როგორც არასდროს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შეგვიძლია მოვხაზოთ მომავალი პარლამენტის ზოგადი სურათიც: სადაც მკვეთრად პროდასავლური პარტიები -  "ნაციონალების", "თავისუფალი დემოკრატების", რესპუბლიკელების თუ "ახალი მემარჯვენეების" ჩათვლით, საუკეთესო, ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაში, ხმათა 30-35%-ს თუ აიღებენ (დღევანდელი მოცემულობით). დანარჩენი ხმები გადანაწილდება დასავლეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ ძალებსა და ძირითადად, "ოცნებაზე", რომელიც თავის თავს ცენტრში მოიაზრებს.

თუ ამას დავუმატებთ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ "ჯვაროსნულ ომს", ანუ ტალახის სროლის კამპანიას საზოგადოებრივი აზრის ლიდერების, ანუ აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე პირების წინააღმდეგ, მივიღებთ სრულიად დემორალიზებულ საზოგადოებას, რომელიც ძალიან იოლი დასაპყრობი და გადასატეხი იქნება ნებისმიერი მტრისთვის.

აღარ შევუდგები ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა თუ მოვლენების შედარებას ჰიბრიდული ომის თვისებებთან, ისედაც ყველაფერი ნათელია. საკითხავი მხოლოდ ის არის, რას უპირისპირებს ამას დასავლეთი: მხოლოდ ნატოს სასწავლო ცენტრს, რომელიც წლის ბოლოსთვის უნდა გაიხსნას საქართველოში?! ხომ ცხადია, რომ დასავლეთი ამ ეტაპზე არ ან ვერ ზრუნავს საქართველოში მწყობრი საინფორმაციო-იდეოლოგიური ხაზის გატარებაზე, რომელიც, სულ მცირე, შეაჩერებდა პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების რღვევას. აღარაფერს ვამბობთ სხვა უფრო აქტიურ ქმედებებზე.

რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება? თუ მისი პოლიტიკაა დროის მოგება, რათა საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომი ფარული ფაზიდან აქტიურში არ გადავიდეს, მაშინ მისი პათოსი გასაგებია: ჩვენი ამოცანაა რუსეთის შესაძლო "მსხვერპლი სახელმწიფოებიდან" ყველაზე ბოლოს ვიქცეთ რუსეთის სამიზნედ. მანამდე ვინ იცის, რა შეიცვლება მსოფლიოში პოლიტიკურ ძალთა განლაგებაში და იქნებ დასავლეთსაც ვინმე ძლიერი ლიდერი გამოუჩნდეს.

მაგრამ დასაბუთებული პასუხი კითხვაზე: ჩვენ დროს ვკარგავთ თუ ვიგებთ ამ წაყრუებით, სამწუხაროდ, არ გვაქვს.
ნაცქოცმდღუნელი
27 აგვისტო 2018 04:06
ანალიზი მაშინ არის ღირებული, როცა ობიექტურობასთან ახლოსაა. ეს ერთი პოლიტიკური პოზიციის გახმობანება უფროა. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
bero
20 თებერვალი 2015 12:52
შესანიშნავი ანალიზია! მომეწონა ბატონ თეიმურაზის კომენტარიც!
Nona
15 თებერვალი 2015 21:01
ბადრი!
დიდი მადლობა!
ბარე ორ ექსპერტს თუ არასამთავრობოს წაადგებოდა თქვენნაირი ჭკვიანი ადამიანების აზრის გათვალისწნება!

რედაქტორის რჩევით