ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი ჩამოვიდა - კვირის პალიტრა

ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი ჩამოვიდა

10 თებერვალს ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა მოხდა: ჩინეთიდან პირველი სატვირთო მატარებელი ჩამოვიდა. საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის ამ ერთობლივი პროექტის შედეგად ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება 9 დღეში ხდება, მანამდე არსებული საზღვაო გზით კი იმავე ტვირთის ჩამოტანას 45 დღე სჭირდებოდა. ტრანსაზიურ-კავკასიური მატარებელი ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით იმოძრავებს, საიდანაც ტვირთი შემდგომ ევროპის, ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სხვა ქვეყნებს მიეწოდება. ამ პროექტის მხოლოდ ერთი მიმართულების (ჩინეთი-საქართველო) ამოქმედებით ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 120 მილიონ დამატებით შემოსავალს მიიღებს, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულების შემდეგ ამოქმედდება მეორე მიმართულება: თურქეთი-ყაზახეთი, რომელიც შემოსავლებს გააორმაგებს... არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონული როლის ზრდაც. სკეპტიკოსები იტყვიან, ჩინეთმა ევროპაში უკვე ჩაიყვანა პირველი სატვირთო მატარებელიო, მაგრამ ეს ჩვენი პროექტის მნიშვნელობას მაინც არ აკნინებს. ასეთი მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტი "მეოცნებე" ხელისუფლებას, ალბათ, არ განუხორციელებია და ესეც ისე უჩუმრად ჩაატარა, თითქოს ლილოს ბაზრობის ჯიხურში მოვაჭრეს 10 კილო ტვირთი გადმოეტანა თურქეთის საზღვარზე ფეხით. მეც შემთხვევით წავაწყდი ამ ინფორმაციას.

წარმოვიდგინოთ, როგორ საერთო-სახალხო ზეიმად აქცევდა ამას წინა ხელისუფლება და მართალიც იქნებოდა: ხალხს იმედი სჭირდება, მატერიალიზებული, ციფრებით გამოხატული იმედი, რომელსაც ასეთი პროექტები აჩენს. ჩინეთიდან ევროპაში პირველი მატარებლის ჩასვლა კარგა ხანს იყო მსოფლიო პრესის უმთავრესი თემა, ჩვენმა ხელისუფლებამ კი ქვეყნის შიგნითაც ვერ მოახერხა ამის დემონსტრირება. გამოდის, რომ ხელისუფლება თავისი მიღწევების ხალხამდე მიტანას ვერ ახერხებს, საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, იბოღმება და დამნაშავე ჰგონია ყველა, გარდა საკუთარი თავისა... ასე იწყება "ჯვაროსნული ომები" არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების, ანალიტიკოსებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციისა და საინფორმაციო სივრციდან განდევნის მიზნით.

დაბოღმილ ხელისუფლებას სხვაც დაბოღმილი და ჩასაფრებული ჰგონია, ამიტომ ცდილობს, საზოგადოებას ავტორიტეტული, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები ჩამოაშოროს და გამოთავისუფლებულ ველზე ერთადერთ„სიმართლის მღაღადებლად თვითონ დარჩეს.

"ნაციონალებთან" ბრძოლაში გამობრძმედილი ხელისუფლება ამჯერად თავად შეიარაღდა "ნაციონალური"“ტაქტიკით - ყველა ოპონენტს თავის მართლებას აიძულებს. ლაფს გესვრის, არაპროფესიონალიზმში დაგადანაშაულებს და მერე შენ მოიფიქრე, როგორ ჩამოირეცხო ტალახი. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაიწყება უკვე დაანონსებული, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაფაილება და მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია. გამოდის, რომ ხელისუფლება აპირებს "ნაცმოძრაობის" დროინდელი ფიზიკური ტერორი მორალური ტერორით შეცვალოს.

ერთი რამ უნდა ვურჩიო ხელისუფლებას: ეს არ არის ბრძოლა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის წინააღმდეგ. გახსოვდეთ, რომ საზოგადოებასთან ბრძოლაში ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. ძალაუფლების მქონეთ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა ხელისუფლებას აქვს კრიტიკული პერიოდი, როცა საზოგადოება მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი და ამ დროს შუამავლის ფუნქციას სწორედ ასეთი, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ადამიანები ასრულებენ, ამიტომაც, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამ ადამიანებისკენ გზას არ მოიჭრის.

უკეთესი იქნება, თუ ძალაუფლების მქონენი ამ აგრესიულ და წამლეკავ რიტორიკას აქტიურ სამოქალაქო სექტორთან დიალოგით შეცვლიან. ეს მათაც წაადგებათ და ქვეყანასაც. ეს არის სასურველი შედეგისკენ მიმავალი ყველაზე იოლი გზა.