ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი ჩამოვიდა
16-02-2015
ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი ჩამოვიდა
10 თებერვალს ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა მოხდა: ჩინეთიდან პირველი სატვირთო მატარებელი ჩამოვიდა. საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის ამ ერთობლივი პროექტის შედეგად ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება 9 დღეში ხდება, მანამდე არსებული საზღვაო გზით კი იმავე ტვირთის ჩამოტანას 45 დღე სჭირდებოდა. ტრანსაზიურ-კავკასიური მატარებელი ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით იმოძრავებს, საიდანაც ტვირთი შემდგომ ევროპის, ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სხვა ქვეყნებს მიეწოდება. ამ პროექტის მხოლოდ ერთი მიმართულების (ჩინეთი-საქართველო) ამოქმედებით ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 120
მილიონ დამატებით შემოსავალს მიიღებს, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულების შემდეგ ამოქმედდება მეორე მიმართულება: თურქეთი-ყაზახეთი, რომელიც შემოსავლებს გააორმაგებს... არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონული როლის ზრდაც. სკეპტიკოსები იტყვიან, ჩინეთმა ევროპაში უკვე ჩაიყვანა პირველი სატვირთო მატარებელიო, მაგრამ ეს ჩვენი პროექტის მნიშვნელობას მაინც არ აკნინებს. ასეთი მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტი "მეოცნებე" ხელისუფლებას,
ალბათ, არ განუხორციელებია და ესეც ისე უჩუმრად ჩაატარა, თითქოს ლილოს ბაზრობის ჯიხურში მოვაჭრეს 10 კილო ტვირთი გადმოეტანა თურქეთის საზღვარზე ფეხით. მეც შემთხვევით წავაწყდი ამ ინფორმაციას.

წარმოვიდგინოთ, როგორ საერთო-სახალხო ზეიმად აქცევდა ამას წინა ხელისუფლება და მართალიც იქნებოდა: ხალხს იმედი სჭირდება, მატერიალიზებული, ციფრებით გამოხატული იმედი, რომელსაც ასეთი პროექტები აჩენს. ჩინეთიდან ევროპაში პირველი მატარებლის ჩასვლა კარგა ხანს იყო მსოფლიო პრესის უმთავრესი თემა, ჩვენმა ხელისუფლებამ კი ქვეყნის შიგნითაც ვერ მოახერხა ამის დემონსტრირება. გამოდის, რომ ხელისუფლება თავისი მიღწევების ხალხამდე მიტანას ვერ ახერხებს, საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, იბოღმება და დამნაშავე ჰგონია ყველა, გარდა საკუთარი თავისა... ასე იწყება "ჯვაროსნული ომები" არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების, ანალიტიკოსებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციისა და საინფორმაციო სივრციდან განდევნის მიზნით.
დაბოღმილ ხელისუფლებას სხვაც დაბოღმილი და ჩასაფრებული ჰგონია, ამიტომ ცდილობს, საზოგადოებას ავტორიტეტული, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები ჩამოაშოროს და გამოთავისუფლებულ ველზე ერთადერთ„სიმართლის მღაღადებლად თვითონ დარჩეს.

"ნაციონალებთან" ბრძოლაში გამობრძმედილი ხელისუფლება ამჯერად თავად შეიარაღდა "ნაციონალური"“ტაქტიკით - ყველა ოპონენტს თავის მართლებას აიძულებს. ლაფს გესვრის, არაპროფესიონალიზმში დაგადანაშაულებს და მერე შენ მოიფიქრე, როგორ ჩამოირეცხო ტალახი. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაიწყება უკვე დაანონსებული, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაფაილება და მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია. გამოდის, რომ ხელისუფლება აპირებს "ნაცმოძრაობის" დროინდელი ფიზიკური ტერორი მორალური ტერორით შეცვალოს.
ერთი რამ უნდა ვურჩიო ხელისუფლებას: ეს არ არის ბრძოლა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის წინააღმდეგ. გახსოვდეთ, რომ საზოგადოებასთან ბრძოლაში ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. ძალაუფლების მქონეთ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა ხელისუფლებას აქვს კრიტიკული პერიოდი, როცა საზოგადოება მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი და ამ დროს შუამავლის ფუნქციას სწორედ ასეთი, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ადამიანები ასრულებენ, ამიტომაც, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამ ადამიანებისკენ გზას არ მოიჭრის.

უკეთესი იქნება, თუ ძალაუფლების მქონენი ამ აგრესიულ და წამლეკავ რიტორიკას აქტიურ სამოქალაქო სექტორთან დიალოგით შეცვლიან. ეს მათაც წაადგებათ და ქვეყანასაც. ეს არის სასურველი შედეგისკენ მიმავალი ყველაზე იოლი გზა. 
მირიან
24 თებერვალი 2015 19:23
სამწუხაროდ ამ ტვირთს არავითარი შეხება აქვს ტრანზიტთან და ტრასეკას კორიდორთან. ტვირთი, სამშენებლო მასალები გამიზნული იყო თბილისის ზღვაზე მშენებარე და ძალიან მალე ჩასაბარებელ ოლიმპიური სოფლის პროექტისთვის. უბრალოდ ჩინელები ვადებში ვეღარ ეტეოდნენ და ჩამოიტანეს ეს ტვირთი უფრო მალე მაგრამ ბევრად უფრო ძვირად ვიდრე ამას ოკეანით გააკეთებდნენ. ეს იყო და ეს. ღმერთმა ქნას ჩინეთიდან ტვირთები პერმანენტულად გვეხილოს, მაგრამ არსებული კორიდორის სიძვირის გამო ეს ჯერ არ მოხდება. ასე რომ ამ თემით სპეკულირება და მითუმეტეს მისი გაპიარება არის უბრალოდ უსინდისობა და ხალხის კიდევ ერთხელ დაბოლება. პო ჩიომ ოპიუმ დლია ნაროდა?
archil Khoperia
23 თებერვალი 2015 16:29
მე დილეტანტი ველოდები ზოგიერთი ჭკუით დაურსულის პასუხს!
archil Khoperia
21 თებერვალი 2015 15:26
მე ვიცი! სსრკ–ს დროს პირდაპირ არ დადიოდა! მიდიოდა საზღვრამდე. იმ საზღვარზე მიმუშავია, სხვის მოყოლილს არ გეუბნებით. არც ამ მატარებლის ჩამოსვლა მწყინს. პირიქით მიხარია, მაგრამ მეც მინდა ვისარგებლო თუ რაიმე სასარგებლო მოხდა და არის! ასე რომ ვკხულობ კიდევ ერთხელ, რომელი სატრანსპორტო კომპანია მონაწილეობს ამ პროექტში და სად შეიძლება ინფორმაციის მოპოვება?!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები