უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ძნელია, სხვანაირად შეაფასო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნის თაობაზე. მართალია, შტატგარეშე მრჩეველი იქნება და უკრაინის პრეზიდენტთან შექმნილ რეფორმების საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს. როდესაც შენთვის მეგობრული სახელმწიფო თანამდებობაზე ნიშნავს იმ პირს, ვინც ძებნილად გყავს გადაცემული, წესით, იქ მეგობრობა მთავრდება. და მნიშვნელობა არა აქვს, ვის მოსწონს სააკაშვილი და ვის არა, მართლა დამნაშავეა თუ არა. ფაქტია, რომ მას ჩვენი სახელმწიფო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება. რა მოხდება, თუ სააკაშვილის ძებნას ინტერპოლიც გამოაცხადებს? პოროშენკო პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს? აქამდეც ინიშნებოდნენ უკრაინაში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მაგრამ მათზე ძებნა არ იყო გამოცხადებული, თუმცა, ახლა სიტუაცია იცვლება. აუცილებელი არ არის პირდაპირ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა. არსებობს დიპლომატიური დემარშის სხვა ხერხებიც, მაგალითად, ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე და ა. შ. ამ დღეებში საუბრობდნენ, რომ ღარიბაშვილის ვიზიტი მზადდებოდა უკრაინაში. ბუნებრივია, ვიზიტი უნდა გაუქმდეს. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გართულებული ვითარება, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთშია. როგორ გინდა დაუპირისპირდე იმ სახელმწიფოს, რომელსაც ახლა ასე უჭირს და რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო გვერდით უდგას?! მართლაც არაორდინარული სიტუაციაა, თუმცა, რეაგირების გარეშე ვერ დარჩება ეს ყველაფერი. პოროშენკომ პირდაპირ სილა გააწნა საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ ან ხელი უნდა შევუბრუნოთ, ან მეორე ლოყა მივუშვიროთ, ან, უბრალოდ, გავაპროტესტოთ!

ვიცინოთ თუ ვიტიროთ

ხელისუფლებისთვის პრემიების სკანდალი დაუსრულებელი სერიალივითაა. ზოგჯერ ისე მოულოდნელად ვითარდება, რომ კარგ სცენარისტსაც შეშურდება. ახლა გურჯაანის საკრებულოს ამბავი გასკდა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ზურაბ სეფიაშვილის თხოვნას,  მიეღო განმარტება, რატომ დაიხარჯა წინასაახალწლოდ მხოლოდ 10.500 ლარი სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად, 193.400 ლარი კი პრემიებზე, "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრების აგრესია მოჰყვა: "პრემიები  ჩვეულებრივი ამბავია, თვით პატრიარქის მიერ არის ნაკურთხი", - განაცხადა ლევან ხაზიურმა. ამით რომ დამთავრებულიყო ყველაფერი, ვიფიქრებდი, ერთი უცნაური ყველგან გამოერევა-მეთქი, მაგრამ პრემია ილია II-ის კურთხევით არისო, რომ“დაამატა საკრებულოს სხვა წევრმა, ზაქარია ქაჩლიშვილმა, და მერე, როდესაც ეს ამბავი გახმაურდა, თავის მართლება სცადეს, კიდევ უფრო ჩაეფლნენ ჭაობში. ერთმა თქვა: ის ვიგულისხმე, რომ საჯარო სამსახურია, ანუ ჯარია ნაკურთხი პატრიარქის მიერო, მეორემ, იმის თქმა მინდოდა, რომ ყველანაირი პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფული ნაკურთხიაო. ზაქარია ქაჩლიშვილმა ესეც არ იკმარა და ზურაბ სეფიაშვილს პრეტენზიის საპასუხოდ წამოაძახა: სამაგიეროდ, შენ თბილისში ტაქსაობო! ახლა მე თქვენ გეკითხებით: რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც ტაქსაობა სირცხვილი ჰგონია და ფიქრობს, რომ საკუთარი თავისთვის პრემიის გამოწერა უფრო პატიოსანი შრომაა, ვიდრე ტაქსიზე მუშაობა?!

სად მოაგროვა "ქართულმა ოცნებამ" ასეთი ხალხი? ყველა ერთნაირად ფულზე დახარბებული როგორაა? ნარმანიამ, მგონი, ერთი კაცი დანიშნა მერიაში თავისი ნებით და ისიც ქრთამის აღებაზე დაუჭირეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძემ კი, რომელსაც გურჯაანელი კოლეგისგან განსხვავებით, სახელმწიფოს კუთვნილი მანქანა ემსახურება, 5 თვეში 4 ტონამდე საწვავი დახარჯა! გამოიანგარიშეს და გამოვიდა, რომ დღეში მინიმუმ 200 კილომეტრი უნდა გაევლო! სად იარა საკრებულოს წევრმა, ისიც ხომ არ ტაქსაობს? ვიღაცებმა ივარაუდეს: იქნებ საწვავს ყიდდაო, მაგრამ ბატონ გიორგის საამისო რა უჭირს? მამამისი, ზურაბ ტყემალაძე, გარდა იმისა, რომ პარლამენტის წევრია, ბიზნესმენიცაა და ფული საკმარისი აქვს. აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს, თუმცა, ჯერ ტყემალაძე-უმცროსი ამ ამბავზე კომენტარს არ აკეთებს.