ნინო გვენეტაძე: არ გამოვრიცხავ, პარლამენტმა ჩემი კანდიდატურა ჩააგდოს
23-02-2015
ნინო გვენეტაძე: არ გამოვრიცხავ, პარლამენტმა  ჩემი კანდიდატურა ჩააგდოს
რას უპირებს ნინო გვენეტაძე გირგვლიანისა და რობაქიძის საქმის მოსამართლეებს

პოლიტიკურ თუ სამოქალაქო სპექტრში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე თითქმის ორთვიანი დავა დასრულებულია - საქართველოს პრეზიდენტმა რჩეული დაასახელა და ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა. დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა "მეამბოხე მოსამართლეს" და რა ტიპის ცვლილებებს გეგმავს მესამე ხელისუფლებაში, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს ესაუბრა:


- წინა ხელისუფლებამ მე და რამდენიმე მოსამართლე უზენაესი სასამართლოდან დისციპლინური დარღვევის საფუძველზე
გაგვათავისუფლა, რადგან პრინციპებთან შეუთავსებელ წინადადებას არ დავთანხმდით - თუ დამოუკიდებლობაზე უარს ვიტყოდით, ხელფასს მივიღებდით, საკუთარი ნებით სასამართლოს სისტემიდან წასვლის შემთხვევაში კი პენსიით უზრუნველყოფას გვპირდებოდნენ. მე და ჩემმა მეგობრებმა პრინციპების დაცვა გადავწყვიტეთ, თუმცა, ზოგიერთმა მოსამართლემ მიუკერძოებლობას გარანტიები ამჯობინა. უკვალოდ ბრძოლას არ ჩაუვლია - საკანონმდებლო ბაზა, რომელიც
დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს არეგულირებდა, ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, 2007 წელს ვენეციის კომისიაში განიხილეს და მათ შესაცვლელად წინა ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებიც შესთავაზეს. 

- მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილს თქვენს მიუკერძოებლობაში ეჭვი  ეპარება, რადგან მოსამართლედ 1999-2005 წლებში, ანუ სწორედ იმ პერიოდში მუშაობდით, როცა მოსამართლეებს გადაწყვეტილებები ხშირად პოლიტიკური თუ სხვა ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებით გამოჰქონდათ.
- არ უარვყოფ, რომ მოსამართლედ სწორედ ამ პერიოდში ვიმუშავე, თუმცა, საზოგადოებას ისიც ახსოვს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, პრეზიდენტ შევარდნაძეს ჩემი კანდიდატურა ახალგაზრდა რეფორმატორებმა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილმა, წარუდგინეს. 

კორუფციის მიუხედავად, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ვახერხებდი. თუ წლების განმავლობაში დავადასტურე, რომ ჩემი უფლებების დასაცავად ბრძოლა შემიძლია და დღესაც იმავე პრინციპების გასატარებლად მოვდივარ, "ნაციონალური მოძრაობისთვის" რატომ გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემი წარდგენა პრობლემა?

- იქნებ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებასთან თქვენი სამართლებრივი ბრძოლა პოლიტიკურ ჭრილში გადაიზარდა, დღეს კი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე სასამართლოში ერთდროულად განიხილება და შესაძლოა, საპარლამენტო ოპოზიციას თქვენი შურისძიების მოლოდინი აქვს?
- დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომლის ერთგულების გამო ჩემი ცხოვრებაც რისკის ქვეშ დავაყენე, შურისძიებას არ მოიაზრებს.

- არც რესპუბლიკური პარტიის გავლენაში მოექცევით, რომლის წევრიც  იყავით?
- პარტიის წევრი მართლაც გახლდით, მაგრამ როგორც კი კოალიცია მმართველ ძალად მოვიდა, პარტია დავტოვე.
თავის დროზე, პარტიაში პოლიტიკოსად ჩამოყალიბებისთვის არ გავწევრებულვარ, ეს ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა და საშუალება იყო. ამიტომ, როცა მიზანს მივაღწიეთ, ჩემი უფლებების დაცვა პარტიის გარეშე გავაგრძელე.

- გახმაურებული საქმეების მოსამართლეები დღემდე მანტიას ინარჩუნებენ. რა კონკრეტული მექანიზმი გაქვთ სასამართლოში არსებული ვითარების შესაცვლელად?
- მათ გასათავისუფლებლად მექანიზმების შემუშავების უფლება არა მაქვს, პირიქით, თითოეულ მოსამართლესთან ეთიკურ ურთიერთობას გავაგრძელებ. რაც შეეხება საკანონმდებლო მექანიზმებს, დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში კანონი შესაბამის რეაგირებას ითვალისწინებს, რომელსაც ზედმიწევნით Yსწორად შევასრულებ.  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ინდივიდუალური განცდების საფუძველზე მოქმედების უფლება არა აქვს, ამიტომ ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს - მოსამართლეების უფლებებსა და კანონს დავიცავ. არც ერთმა პოლიტიკურმა პროცესმა მართლმსაჯულების ინტერესი არ უნდა დააზარალოს.

-  როგორ აპირებთ საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობის გაჩენას?

- უპირველესად საჭიროა სასამართლოს მკაფიოდ გამიჯვნა პოლიტიკისგან, რასაც მხოლოდ სამართლიანი გადაწყვეტილებებით მივაღწევთ.

მართლმსაჯულების ლიბერალური კურსის გატარებას ვფიქრობ, რისთვისაც, ცხადია, საკანონმდებლო ცვლილებებიც საჭირო იქნება. საზოგადოებაში სასამართლოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების გასაღვივებლად კომპლექსური მუშაობაა ჩასატარებელი. საჭიროა ორგანიზაციული საკითხების ახლებურად გადაწყვეტა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება არა მხოლოდ მოსამართლისთვის, არამედ სასამართლოს აპარატის თანამშრომლებისთვისაც.

- დაბოლოს, ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის რჩეულს მმართველი გუნდი მხარს დაგიჭერთ?

-  წინასწარ ვერ ვიტყვი, რამდენად ერთიანი იქნება პარლამენტი, მაგრამ ის კრიტერიუმები, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სჭირდებოდა, ვფიქრობ, გარკვეულწილად, დავაკმაყოფილე. პარლამენტში განსხვავებული აზრის მოსასმენად მართლაც ვემზადები, ვიცი, რომ ოპონენტებიც მეყოლება, მაგრამ მინდა თითოეულ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხო. არც იმას გამოვრიცხავ, პარლამენტმა ჩემი კანდიდატურა ჩააგდოს.

რუსუდან შელია
/
24 თებერვალი 2015 11:08
სამწუხაროდ ეს ქალბატონი ვერ იქნება, სამართლიანი სასამრთლოს გარანტი. იმედი მაქვს ვცდები.
magda
23 თებერვალი 2015 17:35
ვფიქრობ, ქ-ნი ნინო გულწრფელია ყველა სიტყვაში.
ვფიქრობ, მისი ხელმძღვანელობით მართლა სასამართლოს დაემსგავსება საქართველოს მართლსაჯულება და აღარ იქნება ვიღაცების პირადი სანოტარი კანტორა.
ეს კი ბევრს სურს და არ მგონია, კანდიდატურა ჩავარდეს.
ყველაფერი კარგად იქნება მართალთათვის.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები