ლარი და არჩევნები - კვირის პალიტრა

ლარი და არჩევნები

ლარის კურსი ხელისუფლების მთავარ და ყველაზე ვერაგ გამოწვევად იქცა, რომელსაც ვერც პირს ამოუკერავენ, ვერც არაობიექტურობასა და „"ნაციონალების" დაკრულზე ცეკვას დასწამებენ და ვერც ფეისბუკ-სტატუსებით შეებრძოლებიან. მეტიც, განვითარებულ და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა, ხელისუფლებასთან ერთად მთელი პოლიტიკური სპექტრის გამოწვევა იქნებოდა და არა მხოლოდ საარჩევნო ქულების დაგროვების პოპულისტური საშუალება. დღეს არც ერთ პარტიას არ უნდა ეპატიოს ჩასაფრებულის პოზიცია: ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნავს მხოლოდ ის პარტია, რომელიც ლარის კურსის პრობლემას კვალიფიციურად და ობიექტურად შეაფასებს და, იმავდროულად, წარმოგვიდგენს ამ პრობლემის გადაჭრის დამაჯერებელ და ეფექტურ გეგმას.

საკუთარი არაკომპეტენტურობით დაბოღმილ-დაკომპლექსებული ხელისუფლება ახლა უნდა მოუწოდებდეს ყველა ოპოზიციურ პარტიას, პროფესიონალთა ჯგუფებს თუ შესაბამისი პროფილისა და გამოცდილების არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და გეგმები, რომლებიც საფუძვლად დაედება საერთო-ეროვნული ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავებას. მეტიც, ხელისუფლებამ პოლიტიკურ სპექტრს უნდა მოუწოდოს ფინანსური სისტემის გაჯანსაღების პროცესში ერთობლივი პასუხისმგებლობისკენ.

გასაგებია, რომ ხელისუფლება იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ საზოგადოებას აუხსნას ლარის გაუფასურების ობიექტური და ჩვენზე დამოუკიდებელი მიზეზები, როგორიცაა: ომი რეგიონში და შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვის შემცირება მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორებთან; სავალუტო გადმორიცხვების ვარდნა და ა.შ. აღარაფერს ვამბობთ სუბიექტურ მიზეზებზე, როგორიცაა არაპროფესიონალიზმი, გადაწყვეტილების მიმღები პირების  სრული გამოუცდელობა სახელმწიფოს მართვაში, ალტერნატიული აზრის შეუსმენლობა... მაგრამ მაშინ, როცა საქართველოს თითოეულ ოჯახში დღითი დღე მატულობს სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, ოპოზიციური პარტიების ვალია, არა მომგებიანი ქულების დაგროვება ლარის კურსის ხარჯზე და ქაოსის კიდევ უფრო გამწვავება, არამედ გამოსავლის გზების ძიების შეთავაზება საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის.

რადგანაც სათუოა, რომ ყველას "ჩარეცხვით" დაკავებული ხელისუფლება გამოვიდეს მსგავსი ინიციატივით, მაშინ სამოქალაქო სექტორმა უნდა მოვუწოდოთ წამყვან პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის (მიკერძოებულობა რომ არ დამწამოთ, ალფაბეტის მიხედვით ჩამოვთვლი): "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას" (ნინო ბურჯანაძე), "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" (ირმა ინაშვილი-დავით თარხან-მოურავი), "ჩვენი საქართველო-თავისუფალ დემოკრატებს" (ირაკლი ალასანია)“და ა.შ. და, ბუნებრივია, უპირველესად ხელისუფლებას, რომ ძალიან მოკლე ხანში საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანონ თავიანთი ხედვები და გეგმები ქვეყნის ფინანსური სისტემის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე. შემდეგ, პროფესიონალთა მონაწილეობით, შესაძლებელი იქნება მოვიწვიოთ სამუშაო კონფერენცია, სადაც შეჯერდება წარმოდგენილი ხედვები ერთიანი ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავების მიზნით. სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა მოვუხმოთ საქართველოს იმ უზარმაზარ ინტელექტუალურ და პროფესიულ პოტენციალს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, უარს არ იტყვიან, ასეთ დროს დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას. ეს სამი კურდღლის დაჭერის ფუფუნებას მოგვცემს საზოგადოებას: ჩვენი პოლიტიკური სპექტრის პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობის გრძნობასაც შევამოწმებთ; ქვეყნის კრიზისისგან დაძლევის გზებსაც გამოვნახავთ და საზოგადოების სასიკეთოდ ერთობლივი მუშაობისა და შესაძლო კონსენსუსის პრეცედენტსაც შევქმნით.

სწორედ ჩვენ, საზოგადოებამ, აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანებმა, უნდა ავიღოთ არბიტრისა და საზოგადოების თუ პოლიტიკის მამოძრავებელი მუხტის როლი თავზე და არ უნდა ვიყოთ პირდაღებული შეჩერებული სხვას. თუ ამ ინიციატივამ გაამართლა, შეიძლება ეს ხერხი საზოგადოების პოლიტიკურ სპექტრთან ურთიერთობის კარგ ფორმად დავამკვიდროთ. მთავარია, ახლა ამ კრიზისს ავარიდოთ თავი და შემდეგ უკვე ყველა სხვა აქტუალურ თემაზე უნდა „დავუკვეთოთ“ პოლიტიკურ პარტიებს, წარმოადგინონ საკუთარი პროფესიული და კატეგორიულად არაპოპულისტური ხედვები, მაგალითად, როგორიც არის: საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარება; საქართველოს როლი რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებში; განათლების სისტემის მოდერნიზაცია თუ მოსახლეობის სოციალური დაცვის მექანიზმების შემუშავება და ა.შ. თემა უამრავია, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილი წელიწად-ნახევარი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ამ გზით დავინახოთ, ვის უნდა მომავალ პარლამენტში მოსვლა: შარლატანებს, ჩვენს ხარჯზე იოლი გამდიდრების მსურველ მორიგ ცალკალოშიანებს თუ პასუხისმგებლობიან, პროფესიონალ და გულშემატკივარ ადამიანებს.

ასე რომ, ამ იდეის რეალიზაციისთვის მოვუწოდებ ხელისუფლებასაც, ჩემს კოლეგებსაც სამოქალაქო საზოგადოებიდან, პარტიებსაც და ბიზნესმენებსაც, რომელთათვისაც მშვიდი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძალისხმევის გაერთიანებისკენ. ვნახოთ, შესწევს თუ არა საზოგადოებას უნარი, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ მომავალზე...