ახალ-ახალი კორუფციული სქემები - ჯოკია ბოდოკიას გზას მალე ბევრ სხვასაც გაუყენებენ?! - კვირის პალიტრა

ახალ-ახალი კორუფციული სქემები - ჯოკია ბოდოკიას გზას მალე ბევრ სხვასაც გაუყენებენ?!

"შესაძლოა, დავით შავლიაშვილს მალე მინისტრის პოსტი დაატოვებინონ"

"არა მგონია, "წყალმომარაგების კომპანიაში" საკითხი მხოლოდ ცოლ-ქმრის დონეზე გადაწყვეტილიყო, გამოძიება

გარიგებაში სხვა მაღალჩინოსნების როლითაც უნდა დაინტერესდეს..."

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას, ქრთამის აღების ბრალდებით დაპატიმრებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში ანტიკორუფციულმა სამსახურმა კორუფციული სქემა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც" გაშიფრა.

რა პრეტენზიები გამოძიების ცნობით, კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ფხოველიშვილმა და მისმა მეუღლემ, ზურაბ ნუცუბიძემ, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ანგარიშიდან პირად ანგარიშებზე 2.227.887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს, მითვისებული თანხით კი ძვირად ღირებული ბინები და ავტომობილები შეიძინეს, რომლებიც ამ ეტაპზე დაყადაღებულია. შს სამინისტრომ ზურაბ ნუცუბიძე დააკავა, თამარ ფხოველიშვილზე კი ძებნა გამოაცხადა. გამოძიება დანაშაულში სხვა პირთა გამოსავლენადაც გრძელდება.

კორუფციული სქემის გამოვლენის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი: - ანტიკორუფციული სამსახურის გააქტიურება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მიხვდნენ, თუ დროულად არ მიიღეს ზომები, შემდეგ გვიან იქნება. ჩემი აზრით, კიდევ არაერთ სკანდალურ დაკავებას ვიხილავთ. სანამ სახელმწიფო და ადამიანები არსებობენ, კორუფციული გარიგებების ცდუნებაც მუდმივად იქნება, მთავარია, მთავრობამ კანონდარღვევის პრევენციისთვის სწორი პოლიტიკა შეიმუშაოს.

საერთოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელისუფლებაში ერთ-ერთ საკვანძო რგოლს წარმოადგენს, ამიტომ მინისტრის თანამდებობაზე შემთხვევითი პირები არ უნდა ინიშნებოდნენ.

"წყალმომარაგების კომპანიაში" არა მგონია, საკითხი მხოლოდ ცოლ-ქმრის დონეზე გადაწყვეტილიყო, გამოძიება გარიგებაში სხვა მაღალჩინოსნების როლითაც უნდა დაინტერესდეს.

ეს დანაშაული ლოკალური ხასიათისაა, მაგრამ თუ სახელმწიფო პრევენციულ ზომებს არ მიიღებს, დანაშაულის მასშტაბიც გაიზრდება.

- მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება პრევენციული ღონისძიება იქნება?

- შესაძლოა, დავით შავლიაშვილს მალე მინისტრის პოსტი დაატოვებინონ, მაგრამ თუ "წყალმომარაგების კომპანიაში" ჯგუფური დანაშაული გამოვლინდა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი გარდაუვალია. მსგავსი ფაქტების პრევენცია პროფესიონალი კადრების მოზიდვა და მათთვის სათანადო პირობების შექმნაა. განათლება - მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად ამ მთავარი კრიტერიუმით უნდა ვიხელმძღვანელოთ...

რუსუდან შელია