მიშას მეორედ დაბადება (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

მიშას მეორედ დაბადება (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

შეიძლება ითქვას, უკრაინის რევოლუციის "ავრორამ" სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობისთვის"' გაისროლა. ნეტავ სად იქნებოდნენ დღეს, უკრაინაში ისევ იანუკოვიჩი რომ ყოფილიყო? საინტერესო კი იქნებოდა, თუმცა, იანუკოვიჩი აღარ არის და მათაც მიეცათ შანსი პოლიტიკური რეაბილიტაციისა, ოღონდ სხვა ქვეყანაში. მიეცათ მეორე შანსი, დაამტკიცონ, რომ წარმატების მიღწევა შეუძლიათ სახელმწიფოს მშენებლობაში. ეს, ალბათ, უპრეცედენტო შემთხვევაა: ერთ პოლიტიკურ გუნდს ასეთი შანსი ორჯერ ეძლეოდეს სხვადასხვა ქვეყანაში. სხვა საკითხია, ამ შანსს როგორ გამოიყენებენ, ან გამოიყენებენ თუ არა. "ნაციონალებს" რა თქმა უნდა, საქართველოშიც ჰქონდათ წარმატებები და ბევრი მართლაც საინტერესო რეფორმა გაატარეს, უბრალოდ, მერე იმდენი დააშავეს, რომ მათი რეფორმები ყველას დაავიწყდა! მთავარი კითხვა ახლა ასეთია: გააანალიზეს თუ არა თავიანთი შეცდომები? მათ გამოსვლებს რომ ვუსმენ, ეჭვი მეპარება. უბრალოდ, უკრაინის შანსი ის არის, რომ იქ მათ ისეთი შეუზღუდავი ძალაუფლება არ ექნებათ, როგორიც აქ. იმედია, არ ექნებათ!

დანარჩენი კი, რა გითხრათ, თანამდებობაზე დანიშვნის მერე სააკაშვილი ინტერვიუში ისეთი მშვიდი ჩანდა, ეს ყველამ აღნიშნა. მართლაც თავიდან დაბადებულს ჰგავდა. მართალია, ტყუილების ლაპარაკი ვერ მოუშლია და ახლაც გამოიჭირეს, მაგრამ მე ყველაზე მეტად თვალში მისი ახალი იმიჯი მეცა. სიმშვიდის გარდა, ისეთი ღვთისმოსავი გამხდარა, ჯერ რომ არავის უნახავს. რაც მაოცებს, ეს სააკაშვილის გარდასახვის უნარია!

ლარის კრიზისი

დღეს კაცს რომ შეხვდები, გამარჯობის მერე' უნდა ჰკითხო: სესხი ლარში გაქვს თუ დოლარშიო.

დღეს ეს გახდა ყველაზე საჭირბოროტო საკითხი. როგორც გაირკვა, მარტო 2014 წელს ლამის ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს აქვს სესხი აღებული დოლარში და მათი გადასახდელი თანხა ყოველდღე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ყოველდღე უფრო ღარიბდებიან, არადა, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას უპირველესად სწორედ ეკონომიკური  ვითარების გაუმჯობესების იმედს უკავშირებდნენ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კი  დღეს ამბობს, რომ ლარი ჯანმრთელად იქცევა. ლარი შეიძლება პროცესებზე ადეკვატურად რეაგირებს, მაგრამ ეკონომიკა რამდენად არის ჯანმრთელი, აი, ეს არის საკითხავი. პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: "ნაციონალების" დროს ვამბობდით, რომ ბიზნესს ატერორებდნენ, მაგრამ ეკონომიკური ზრდა გვქონდა და არც ლარს მისდიოდა საქმე ასე ცუდად. ახლა ბიზნესი გათავისუფლდაო და ჩვენი ეკონომიკა უკან-უკან მიდის, ხოლო "ნაციონალები" "ოცნებას" დასცინიან და უნიათო მთავრობას ეძახიან. დასტურად თუნდაც ის მოჰყავთ, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში პანიკაა ლართან დაკავშირებით, მთავრობამ სხდომა ორშაბათს დანიშნა. შაბათ-კვირას შეკრება არ იკადრესო. როგორ გინდა ამ შემთხვევაში "ნაციონალებს" არ დაეთანხმო?! ხომ შეიძლებოდა შეკრებილიყვნენ და რაღაც დამამშვიდებელი ეთქვათ ხალხისთვის? ეგ კი არა, ეკონომიკური გუნდის წევრებს გადაცემაში მოსვლა არ უნდათ.

ამათ ჰგონიათ, ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება და ახსნა, თუ რას აკეთებენ, მნიშვნელოვანი საქმე არ არის! საქმე, ეტყობა, მარტო თათბირები და პრემიების აღებაა. ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებაც თქვენი მოვალეობაა, მით უმეტეს, როდესაც ასეთი პანიკაა.

ამ დროს სულ ტელევიზიებში უნდა ისხდეთ და ცდილობდეთ მოსახლეობის დამშვიდებას, რომ პანიკამ ლარი უფრო არ დააზარალოს. ესენი კი იმალებიან და ყველა ეთერს ექსპერტებს უთმობენ! მაგალითად, პარასკევს ლარის კურსზე სასაუბროდ ფინანსთა სამინისტროში არავის ეცალა. ის კი არა, თბილისის მერიას შევთავაზე დებატების მოწყობა თავიანთ წამოწეულ თემაზე - ვინ მეტ პრემიას იღებდა: ძველი თუ ახალი მთავრობა და არ მოვიდნენ.  კარგი, ლარზე რომ არავის უნდა ლაპარაკი, გავიგე, მაგრამ საკუთარ წამოწეულ თემაზე რომ არ გინდა...

პრემიერმა შაბათს იკადრა და კომენტარი გააკეთა - მთავრობამ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ და ადმინისტრაციული ხარჯები შევამციროთო. საინტერესოა, ყველგან შტატები ლამის რომ გააორმაგეს, რათა ნათესავები და თანაპარტიელები დაესაქმებინათ, ახლა გაყრიან თუ პრემიებზე იტყვიან უარს? იმედია, საქმე იქამდე არ მივა, რომ ჯაბა იოსელიანის უკვდავი ფრაზის გახსენებამ მოგვიწიოს, კუპონთან დაკავშირებით რომ თქვა: როგორც ჩემი "ის" ვერ გამყარდება აწი, ისე ვერ გამყარდება კუპონიო.

აჭარის კრიზისი

აჭარაში კი "ოცნება" ხელისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას! უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა უკვე დაკარგეს და ეს უმრავლესობა ახლა "ნაციონალური მოძრაობისა" და მურმან დუმბაძის გუნდის წევრების ხელშია ("თავისუფალი დემოკრატები" განზე გადგნენ და პროცესში არ ერევიან). მათ გადააყენეს ორი თანამდებობის პირი და მალე აპირებენ თავმჯდომარეობიდან ავთანდილ ბერიძეც გადააყენონ. ბერიძეს, ალბათ, მოუწევს დაემშვიდობოს ძვირად ღირებულ მანქანას და ქოლგის დამჭერს, თუმცა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის, გადასაყენებლად შეთქმულებს ჯერ ხმები არ ჰყოფნით, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს არც აწყობთ, რადგან ხაბაძის გადაყენება უკვე რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, ვერც "ნაციონალებს" და ვერც დუმბაძის გუნდს ვერავინ მისცემს წარმატების გარანტიას. მათ უნდათ, უმაღლეს საბჭოზე კონტროლი დაამყარონ და ასე მართონ ხაბაძე,„"ოცნებას" კი პირიქით, რიგგარეშე არჩევნები აწყობს, რადგან უმრავლესობა ისედაც დაკარგული აქვს! რიგგარეშე არჩევნებისთვის კი საჭიროა, აჭარის მთავრობის ორი მინისტრი გადადგეს თანამდებობიდან.

ასეთ დროს უმაღლესმა საბჭომ მთავრობას თავის თავმჯდომარიანად თავიდან უნდა გამოუცხადოს ნდობა.

თუ "ოცნება" სპეციალურად გადააყენებს მინისტრებს და მერე თავად აღარ დაუჭერს მხარს ხაბაძის ახალ კაბინეტს, "ნაციონალურ მოძრაობას" და დუმბაძის გუნდს მოუწევთ ამის გაკეთება, რათა რიგგარეშე არჩევნები თავიდან აიცილონ, ანუ არჩილ ხაბაძე შეიძლება "ნაციონალების"“არჩეული თავმჯდომარე გახდეს!

აი, ასეთი უცნაური ვითარებაა აჭარაში და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა არ დაუჯერა რესპუბლიკელებსა და იმ ხალხს, ვინც ურჩევდნენ, მურმან დუმბაძე ახლოს არ გაიკაროო.