რამდენი ადამიანის მკვლელობა უკავშირდება ჟვანიას ბურუსით მოცულ დაღუპვას - კვირის პალიტრა

რამდენი ადამიანის მკვლელობა უკავშირდება ჟვანიას ბურუსით მოცულ დაღუპვას

"შესაძლოა, ეს თქვენი სიცოცხლისთვის სახიფათოც აღმოჩნდეს"

ოპოზიციის ერთი ნაწილი უკვე კარგა ხანია ცდილობს "კვანძის გახსნას", რომელიც ცნობილ ან ნაკლებცნობილ პერსონათა  მოულოდნელ  და უცნაურ გარდაცვალებებს შორის უხილავ ჯაჭვს თვალხილულს გახდის. ე.წ. კვანძი კი სწორედ ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენით შესაძლოა გაიხსნას.

ნუგზარ ნაჭყებია, კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი: "არ გამოვრიცხავ, ზურაბ სოსელიას გარდაცვალებაც ერთგვარად ზურაბ ჟვანიას ფაქტორთან ყოფილიყო დაკავშირებული. მას კონტროლის პალატის თავმჯდომარეობამ სიცოცხლე მოუსწრაფა. ფაქტობრივად, ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა. ჩემი ვარაუდით, მასზე უფრო დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა იმხანად, ვიდრე ჩემზე.

მე, როგორც  დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ოდეერები ბიძინა გიორგობიანის, თამარ ლებანიძისა და მიხეილ ჯანიკაშვილის წინააღმდეგ არასწორი აქტის დაწერას მავალებდნენ. მოგეხსენებათ, ეს პირები ზურაბ ჟვანიას "კადრებად" მოიაზრებოდნენ. რამდენადაც ვიცი, იგივე დაკვეთა გია ბარამიძის წინააღმდეგაც არსებობდა. ჩანს, უშიშროების სამსახურს მათი მეშვეობით  ზურაბ ჟვანიაზე გასვლა და მისი დანაშაულებრივ ქმედებებში მხილება უნდოდა. ჩემი ვარაუდით, ამ ამბებს შეეწირა ზურაბ სოსელია. თანამდებობაზე დანიშვნიდან უმოკლეს დროში გულის მძიმე შეტევა მოუვიდა, ისრაელში იმკურნალა, თუმცა იქიდან დაბრუნებული მალევე გარდაიცვალა ინსულტით".

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრისთვის" ერთი დღემდე გაუხმაურებელი დეტალიც გახდა ცნობილი, რაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას წინ უძღოდა. თურმე, პრემიერ-მინისტრი მოსალოდნელი  ლიკვიდაციის შესახებ ინფორმირებული იყო!

გოგა ჟვანია: "იგი ან უნდა დაეჭირათ, რაც თავად ზურას სრულიად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, ან უნდა მოეკლათ. ამის თაობაზე პირადად მეც და ზურასაც გამაფრთხილებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს. უბრალოდ გვითხრეს, რომ ზურაბ ჟვანიას "მოიცილებდნენ" (სხვათა შორის, ამ ინფორმაციის მომწოდებლები დღესაც ცოცხლები არიან და იმედი მაქვს, მოვა დრო და ალაპარაკდებიან. ახლა კი მათი მხრიდან ეს უაზრობა იქნება).

ზურას "ჩამოცილება" ხელისუფლებისგან  თუ  რა ფორმით მოხდებოდა, ინფორმატორებს აღარ დაუზუსტებიათ.  დედაჩემი სულ კი გაიძახოდა, - ზურას მოკლავენო, მაგრამ მე ამის დაჯერება ძალიან მიჭირდა. ზურამ სიცოცხლის ბოლო დღეებში მაინც გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია, რათა დარწმუნებულიყო, რამდენად რეალური იყო საფრთხე. მას ჩვენი "დიდი მეგობარი ქვეყნიდან" საქართველოს გარეთ დასაქმებაც შესთავაზეს. საერთოდ, მსგავს შეთავაზებებს მოქმედ პრემიერ-მინისტრებს არ აძლევენ, რაც თავის დროზეც უცნაურად გვეჩვენა. თუმცა, დედამ ზურას ურჩია, - თავი დაანებე პრემიერმინისტრობას, ცოლ-შვილთან ერთად საზღვარგარეთ წასვლაზე დათანხმდიო. ნეტავ, მართლაც ასე მოქცეულიყო, დღესაც ცოცხალი იქნებოდა".

არსებული მოსაზრებებით, ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის,  ლევან სამხარაულის ბურუსით მოცული მკვლელობაც ზურაბ ჟვანიას საქმესთან არის დაკავშირებული. ოფიციალური ინფორმაციით კი ლევან სამხარაულს თანაკლასელმა დავით მჭედლიშვილმა შელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შინ დაბრუნებულმა კი თავი მოიკლა(!). კითხვას აჩენს ის გარემოება, რომ მჭედლიშვილმა "თვითმკვლელობა" ორ ადგილას, თავისა და გულის არეში გასროლით განახორციელა. ე.ი. გამოდის მან თავი ორი იარაღით მოიკლა(?!)... სხვანაირად წარმოუდგენელია ადამიანმა ჯერ თავში დაიხალოს სასიკვდილო ტყვია და შემდეგ გულშიც ისროლოს.

გოგა ჟვანია: "თავიდანვე ძალზე საეჭვოდ მეჩვენა სამხარაულის მკვლელობა, ვინაიდან იგი თავიდან ბოლომდე უკავშირდებოდა ზურას გარდაცვალების მიზეზების დადგენის მიზნით  ჩატარებულ ექსპერტიზას. შეიძლება ითქვას, ყველაფერმა მის ხელში გაიარა. ფაქტია, ექსპერტიზამ ხელისუფლებისთვის მთლად სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა, რომელიც გაამძაფრა გამოძიების ოფიციალურმა ვერსიამ. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  წარმოადგინა მასალა, რომელიც ოფიციალურ ვერსიასთან თანხვედრაშიც არ იყო.

ყველაზე მთავარი აქედან ის გახლდათ, რომ ექსპერტიზამ ვერ მოახერხა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის თითის ანაბეჭდების პოვნა ბინაში, სადაც ვითომდა პრემიერ-მინისტრი და  ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გაზით გაიგუდნენ".

ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს ხანში ოპოზიცია შეეცდება იმ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ პერსონათა უცნაურ  გარდაცვალებათა ფაქტების გახმაურებას, რომლებიც მათი აზრით, ზურაბ ჟვანიას  საქმეს უკავშირდებოდნენ. სავარაუდოდ, განხილული იქნება სოდ-ის  ერთ-ერთი ოფიცრის ავტოკატასტროფაში დაღუპვის ფაქტიც, რაც მის მიერ უშიშროებაში გასაიდუმლოებული ვიდეოკასეტის  შესახებ მოხსენების წარდგენას მოჰყვა.

შესაძლოა, სხვა არაერთი პერსონის ვინაობაც დასახელდეს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით.

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ამგვარ საკითხთა განხილვა ოპოზიციის "ეროვნულ კრებაზე" იგეგმება. თავის დროზე ამ თემებით ბადრი პატარკაციშვილი იყო დაინტერესებული, რომელმაც  მისივე ლიკვიდაციის შესახებ  ინფორმაციაც წინასწარ გაავრცელა, მოკლე ხანში კი გულის მოულოდნელი შეტევით მართლაც საეჭვო ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სატელევიზიო პროექტის "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" განხორციელებას სულ მცირე 370.000 დოლარი მაინც დასჭირდება.…მოგეხსენებათ, ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე ჩანაწერის გამოქვეყნება ამ პროექტის მიხედვით უნდა მოხდეს. თუმცა, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა, გოგა ჟვანია ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ ინფორმაციის  პროექტის განხორცილებამდე გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

გოგა ჟვანია: "შოუდ ნუ გადააქცევთ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამიტომ თუ ვინმეს რაიმე ჩანაწერი ხელთა გაქვთ, კეთილი ინებეთ და  დროულად წარმოადგინეთ, ნუ დაელოდებით 370 ათასს. შესაძლოა, ეს  თქვენი სიცოცხლისთვის სახიფათოც აღმოჩნდეს".