დატრიალდა კარუსელი?! - კვირის პალიტრა

დატრიალდა კარუსელი?!

კოდუას ადგილზე არსოშვილი, ბაჩო ახალაიას ნაცვლად ქუთელია, ქუთელიას ადგილზე ეკა ტყეშელაშვილი, ტყეშელაშვილის ნაცვლად ახალაია...

სოდ-ისა და კუდ-ის გაერთიანების მოლოდინს ძალოვან სტრუქტურებში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებზე დაუსრულებელი კამათი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებულმა ვნებათაღელვამ სახელისუფლებო კულუარებშიც გადაინაცვლა. მართალია, კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების შეფების დაპირისპირების ამსახველი ფაქტების წარმოდგენა ძნელია, თუმცა ამაზე საუბარიც აღარ სრულდება.

აჯობეს თუ არა ახალაიებმა კოდუებს, ამაზე დაზუსტებულ პასუხს ალბათ პოსტფაქტუმ შევიტყობთ, როდესაც აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება. ისე კი უშიშროების პოლკოვნიკი, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ სოდ-ისა და კუდ-ის შესაძლო გაერთიანება პიროვნულ ფაქტორებს უკავშირდება.

- "საერთოდ, არც ერთი სპეცსამსახურისა და ძალოვანი უწყებისათვის ასეთი გაერთიანება  სარგებელს არ მოიტანს. ამ შემთხვევაში სულ არა აქვს მნიშვნელობა, ვის დანიშნავენ ვთქვათ, კოდუას  ნაცვლად. ვისაც დანიშნავენ, ბუნებრივია, თავისი გუნდითა და კადრებით მოვა და  მთლიანად სამსახურის, დეპარტამენტის ხელახალ რეორგანიზაციას დაიწყებს. ეს ალბათ დეპარტამენტის მუშაობას 5-6 თვით მაინც შეაფერხებს. არ გამოვრიცხავ, რომ სოდ-ისა და კუდ-ის გაერთიანება არა სისტემური, არამედ სულ სხვა მიზეზით, უფრო პიროვნული ფაქტორებით იყოს განპირობებული".

კულუარული ინფორმაციით, კოდუას შემცვლელად ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ არსოშვილი სახელდება. ოღონდ ჯერ არავინ იცის, რა სახელი დაერქმევა გაერთიანებულ სოდ-სა და კუდ-ს და რა უფლებები ექნება  თავად არსოშვილს ამ სტრუქტურაში.

თავის დროზე, არსოშვილის პარლამენტიდან გვარდიაში გადაყვანას ხელისუფლებისადმი მის ერთგულ სამსახურს უკავშირებდნენ. ახლახან ამ უკანასკნელის გვარი უკრაინაში წარგზავნილ ქართველ დამკვირვებელთა შორისაც ამოტივტივდა. რას უპირებენ კოდუას, ეს კულუარებშიც ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, ისიც სასწავლებლად გაგზავნონ უცხოეთში.

როგორც ამბობენ, გაერთიანებულ სოდ-სა და კუდ-ს მთლიანად დავით ახალაია უხელმძღვანელებს. აი, ბაჩო ახალაიას კი შესაძლოა თავდაცვის სამინისტროდან უშიშროების საბჭოში უკრან თავი. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად აშშ-ში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია სახელდება. მის ადგილს სავარაუდოდ, ეკა ტყეშელაშვილი დაიკავებს. ამ ყველაფერთან ერთად  ერთი არასასიამოვნო ამბავიც გავრცელდა ერეკლე კოდუას სიმამრის (ნანუკა ჟორჟოლიანის მამის)  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ზოგიერთმა არაკეთილმოსურნემ ეს ამბავი კოდუას მომავალთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას მიაწერა.

ამგვარმა ჭორმა  ნანუკა ჟორჟოლიანი ძალიან ააღელვა: "განა შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობის პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენება? მამაჩემს დაემართა ინსულტი, მომაკვდავი კაცი ვენაში გადავიყვანეთ და მინდა იცოდეს ყველამ, ოპოზიციამაც და პოზიციამაც, ახლა ყველაზე ნაკლებად გვაღელვებს ის, ვინ სად იმუშავებს. მას თითქოს ინსულტი დაემართა იმის გამო, რომ ჩემს ქმარს რამე ემუქრებოდა, ეს არის საშინელი ჭორი. ჯერჯერობით, ჩემი ქმარი იქ მუშაობს, სადაც მუშაობდა. 2013 წლისთვის კი, როცა არჩევნები იგეგმება, ერთი თვით ადრე ან გვიან, ყველა დატოვებს თანამდებობას.…იმ ქვეყნად სკამი არავის მიაქვს. ჩემს ოჯახში გაცილებით სხვა ღირებულებებია, ვიდრე ის, კოდუა სოდ-ის უფროსი იქნება თუ არა".