უკრაინაში "ქართველი ტერორისტი” დააკავეს - კვირის პალიტრა

უკრაინაში "ქართველი ტერორისტი” დააკავეს

უკრაინის არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. როგორც ბერეზოვსკი ამბობს, ახლა მსოფლიო ფრონტის ხაზი უკრაინაში გადის. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი უკრაინა მსოფლიოსათვის, ეს ამერიკელმა სტრატეგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ ერთხელ უკვე განმარტა, რუსეთი უკრაინის გარეშე იმპერია აღარ არისო.

პირველ ტურში ქართველი დამკვირვებლების გამო ატეხილი სკანდალი ჯერ არ განელებულა და რუსული მედიასაშუალებები უკრაინულ პოლიტიკაში ისევ ქართულ კვალზე ლაპარაკობენ. ამჯერად ბრალდება გაცილებით საგანგაშოა: გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე, დააკავა მამაკაცი, რომელიც აფეთქების მოწყობას აპირებდა. სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში განაცხადა, რომ დაკავებულია 1968 წელს დაბადებული ეთნიკური ქართველი, ვინმე გ.რ. მას უკრაინის პასპორტი, ელექტროდეტონატორიანი ტროტილი და იარაღი ჰქონდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და კიევის პროკურატურა ადგენენ, როგორ აიღო საქართველოს მოქალაქემ უკრაინის პასპორტი, - აცხადებს "ინტერფაქსი".

ჩვენ გავეცანით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ განცხადებას, სადაც დაკავებულის ქართველობასა და შეუმდგარი ტერაქტის ქართულ კვალზე არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი.

კიევში ახლა ძალზე დაძაბული ვითარებაა. პრეზიდენტობის კანდიდატ იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერი აქცია სოფიას მოედანზე გაიმართა, ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერები კი მიხაილის მოედანზე არიან შეკრებილი. ასე რომ, ორი პრეზიდენტობის კანდიდატის მომხრეთა თეთრი და ცისფერი კარვები ერთმანეთისგან არცთუ მოშორებით (150მ) არის დაცემული და პატარა პროვოკაციაც კი საკმარისია შეიარაღებული დაპირისპირების დასაწყებად.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა უკრაინაში საქართველოს საელჩოს, რომლის წარმომადგენელმა ასეთი რამ გვითხრა: - რა ხელი აქვს  კიევში დაკავებულ დამნაშავესთან საქართველოს? არც ის არის ცნობილი, ის მართლაც ქართველია თუ არა. მხოლოდ ის ვიცით, რომ აფხაზეთიდანაა. ამბობენ, ეს პირი კრიმინალური საქმიანობისთვის ადრეც ყოფილა ძებნილი.

- რატომ გააკეთა აქცენტი უკრაინელმა მინისტრმა მის ქართველობაზე?

- ტყუილია. ამას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

ეს აზრი ტელეკომპანია "ინტერმა" ოსტატურად მიაწოდა საზოგადოებას,  ნალივაიჩენკოს კი საქართველოს მოქალაქეობაზე და დამნაშავის ეთნიკურ წარმოშობაზე არც ულაპარაკია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ტელეარხ "ინტერის" ყველა მფლობელი და დირექტორატი რუსები არიან...

ჩვენ დავუკავშირდით სპეცსამსახურების ყოფილ მაღალჩინოსანს (მან ვინაობის გამხელა არ ისურვა) და შევეცადეთ მასთან ერთად გაგვეანალიზებინა სიტუაცია და ჩამოგვეყალიბებინა შესაძლო ვერსიები.

- უკრაინის არჩევნები მხოლოდ პირამიდის წვერია. სინამდვილეში ეს არის მსოფლიო გადანაწილების ახალი ეტაპი და ფარული ბრძოლის დასაწყისი, სადაც საქართველოს საკმაოდ დიდი ფუნქცია აკისრია. დიდი პოლიტიკური თამაშების დროს ისეთი დესანტის გადასხმა, სადაც გაშიფრული ზონდერები იყვნენ ჩანერგილი, ან დიდი შეცდომა იყო, ან საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული რუსეთის აგენტების შეგნებული პროვოკაცია.

ახლა რუსებისათვის მთავარი საფრთხე ნატოს გაფართოებაა. რუსები შეეცდებიან საქართველო-უკრაინის ალიანსი დაარღვიონ და ორი ქვეყანა ერთმანეთს წაჰკიდონ. ის, რაც არჩევნების პირველ ტურში მოხდა, ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. ამაზე რუსულმა სპეცსამსახურებმა აშკარად ბევრი იმუშავეს. რუსებს სიურპრიზები მეორე ტურისთვისაც ექნებოდათ. კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეორე ტურამდე ყველა დამკვირვებელი უკან გამოიწვია. შესაძლოა, ეს საქართველოს ხელისუფლების ნებით არც მომხდარა და დასავლელმა პარტნიორებმა ურჩიეს რუსეთის პროვოკაციების მოსაგერიებლად. თორემ ჩვენი ხელისუფლება პირველი ტურის სკანდალურად დასრულების შემდეგ თავს იკლავდა, უკრაინაში ორჯერ მეტი დამკვირვებელი უნდა გავგზავნოო.

ახლა "ტერორისტი ქართველის" დაკავებას მივუბრუნდეთ: ჯერ ერთი, საკითხავია, მართლაც ქართველია თუ არა. რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა მხოლოდ მისი ინიციალები გაავრცელეს. მოგვიანებით კი დადგინდა, რომ თურმე ეს "ქართველი" აფხაზეთიდან ყოფილა, 25 წელია, უკრაინაში ცხოვრობს და უკრაინის მოქალაქეა. თუ ვინმეს ხელს აძლევს უკრაინაში არეულობა და ვითარების დაძაბვა, ეს რუსეთია. ის აშკარად ნერვიულობს, რადგან ვინც უნდა გახდეს უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნის დასავლური კურსი არ შეიცვლება. ახლა მთავარი ამოცანა უკრაინაში მასობრივი არეულობა და ქვეყნის ჩიხში შეყვანაა.

რუსეთის პოლიტიკა ხომ ყველგან ერთნაირია: - არეულობა და ქაოსით თავისი პოზიციების გამყარება. "ქართველი ტერორისტის გამოცხობაც" სწორედ მისი გეგმის ნაწილია, რასაც მიზნად აქვს ქართველების ავტორიტეტის დამცრობა და მისთვის ისეთი პარტნიორის მტრად მოკიდება, როგორიც უკრაინაა. გამოუცდელმა სპეცსამსახურის აგენტმაც იცის, რომ ასეთ გლობალურ პოლიტიკაში ეთნიკური ელემენტის გათვალისწინება აუცილებელია.

ეს ამბავი საქართველოს სპეცსამსახურების მოწყობილი  რომ იყოს, დავალებაზე ქართველს არაფრით არ გაგზავნიდნენ. ეგეც არ იყოს, ტერორისტები ასე იოლად არ აჭერინებენ თავს სპეცსამსახურებს. თუ დაკავებული  პირი მართლაც ქართველია, ეჭვი არ არის, რუსებმა დაიქირავეს და დაავალეს ასაფეთქებლით სპეცსამსახურებს ჩავარდნოდა ხელთ. ამასობაში რუსეთის კონტროლირებადი მედიასაშუალებებიც "გამოიღებდნენ ხელს" და ანტიქართული ისტერიაც მზად იქნებოდა. ანტიქართული ისტერია კი დასავლურ კურსზე დარტყმას ნიშნავს. ის აჟიოტაჟი, რაც რუსულ მედიასა და რუსეთის დაფინანსებულ უკრაინულ ტელეარხზე ატყდა, სწორედ ამაზე მეტყველებს.