"ზურამ სასაფლაოზე მაინც გაგვაერთიანა" - კვირის პალიტრა

"ზურამ სასაფლაოზე მაინც გაგვაერთიანა"

"უგულავა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენელია და არა საქართველოსი"(?!)

3 თებერვალს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 5 წელი შესრულდა. პრემიერის საფლავზე მისი მეგობრების ერთი ნაწილი (ძირითადად, ხელისუფლებაში მყოფნი) ოჯახის მოსვლამდე მივიდა. ოპოზიციაში გადასულმა ჟვანიას თანაგუნდელებმა კი მის ოჯახთან ერთად გაიხსენეს პრემიერი, რომლის გარდაცვალების გარემოებები დღესაც ბურუსით არის მოცული. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლებს თანამდებობებიც აქვთ და გავლენაც,  მეგობრის გარდაცვალების საიდუმლოს ფარდა მაინც ვერ ახადეს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ეჰ... (ოხრავს) ზურაბის საფლავთან განწყობაც იმ დღის შესაბამისი, სამგლოვიარო მქონდა. 3 თებერვალს, მისი გარდაცვალების დღეს, განსაკუთრებით მტკივნეულად მახსენდება ის დღეები, ზურაბთან ერთად რომ გავატარე. იცით, ისეთი განცდა მაქვს, რომ ზურა ისევ ცოცხალია.

- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ოჯახსაც ბევრი კითხვა აქვს.

- დავიღალე ამაზე ლაპარაკით. საზოგადოებამ და ჩვენ, ზურას მეგობრებმა, გაცილებით ნაკლები ვიცით მისი სიკვდილის გარემოებებზე, ვიდრე მისმა ოჯახმა. მთავარია, ოჯახმა მიიღოს პასუხი, რომელსაც ამდენი ხანია ელოდება. მეუღლემ, დედამ, ძმამ და რაც მთავარია, შვილებმა უნდა გაიგონ სიმართლე.

- ზურაბ ჟვანიას მეგობრები ორი ბანაკივით იყავით მის საფლავთან. ალბათ, იმის გამო, რომ ზოგი ხელისუფლებაში ხართ, ზოგიც - ოპოზიციაშია.

- ზურამ იმ დღეს სასაფლაოზე მაინც გაგვაერთიანა. ჩვენ ხომ მისი გუნდის წევრები ვიყავით. მოვიდა ნინო ბურჯანაძეც, ხაინდრავაც და ნოღაიდელიც. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება გვაქვს, ყველას მივესალმე.

- მინდა ზურაბ ნოღაიდელის ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე გკითხოთ...

- ზურაბ ნოღაიდელის არც ერთ ნაბიჯს არ შევაფასებ. ნოღაიდელი გუშინდელი ბავშვი არ არის და მისი გადასაწყვეტია, რა ნაბიჯს გადადგამს. თუმც გეტყვით, ზურაბ ნოღაიდელის შეხედულებებს რომ ვიზიარებდე, მასთან ვიქნებოდი.

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ რუსეთთან ოპოზიციის მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩნდეს?

- რუსეთთან მოლაპარაკება მათ უნდა გამართონ, ვინც დღეს ხელისუფლებაშია. შედეგის მომტანი მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების დიალოგი იქნება, ოპოზიციის შეხვედრებს რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან კი არც ვიცი, რა ვუწოდო.

- ჟურნალ "ნიუზვიკთან" ინტერვიუში გაკეთებულ უგულავას განცხადებაზე რას ფიქრობთ?

- ასეთი აზრი ხელისუფლებაში არ განიხილება. ჩვენი გზა ნატოსკენ მიდის.

- უგულავაც ხელისუფლების წარმომადგენელია და მის განცხადებას რით ახნით?

- უგულავა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენელია და არა საქართველოსი(!). რას ფიქრობს უგულავა, მას ჰკითხეთ. მე ის ვიცი, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საითაც არის მიმართული.