ბრუნდება თუ არა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში
02-03-2015
ბრუნდება თუ არა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში
ბოლო დღეებში კვლავ გახმაურებულმა ინფორმაციამ საქართველოს რკინიგზის წილის შესაძლო გაყიდვისა და აფხაზეთ-საქართველოს რკინიგზის, უფრო ზუსტად, სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევნის  მონაკვეთის აღდგენის თაობაზე, რუსეთის ინტერესი საქართველოს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიმართ კიდევ ერთხელ გამოკვეთა. ბოლოდროინდელ ქრონოლოგიას თუ თვალს გადავავლებთ, ეს ძალზე თვალსაჩინოდ გამოჩნდება: ფოთის პორტის ნავმისადგომების დასაკუთრების სურვილი, ავარეთ-კახეთის გზის რუსული მონაკვეთის ინტენსიური მშენებლობა, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო კორიდორის იდეის აქტივაცია, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნების დაკავშირებას აზიასთან: ირანთან, ინდოეთთან, პაკისტანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.
ამ პროექტში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის აქტიური მონაწილეობა და თავისთავად მომგებიანი იდეაა, თუმცა, ყურადსაღებია ის, რომ ამ პროექტის ცალკეულ მონაკვეთებს პუტინის შექმნილი ევრაზიის კავშირი აფინანსებს.

აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნაც, რუსეთის ბაზრის ქართული პროდუქციისთვის გახსნისა არ იყოს, ორლესული მახვილის ფუნქციას ატა­რებს. ერთი მხრივ, უნდა ვისაუბროთ
იმ სარგებელზე, რომელიც ამ რკინიგზის აღდგენამ შეიძლება მოიტანოს, დაწყებული ეკონომიკური მოგებით და დამთავრებული ორი ათეული წლის მანძილზე გაწყვეტილი კომუნიკაციის აღდგენით ქართველებსა და აფხაზებს შორის, რაც ამ პროექტის მთავარი სავარაუდო ბენეფიტი შეიძლება იყოს. თუმცა, რისკების ჩამონათვალი გაცილებით დიდია და საგარეო-პოლიტიკური რისკებიდან უპირველესი რეგიონში აზერბაიჯანის პოზიციისა  და აზერბაიჯან-საქართველოს პარტნიორობის ღერძის შესუსტებაა. ეს ღერძი კი ახლო თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში სწორედ ის ანკესია, რომელმაც რეგიონში დასავლეთის ინტერესები უნდა განსაზღვროს. იმ დროს, როცა რეგიონი დასავლეთისთვის ფეთქებადსაშიში და ფუნდამენტალისტური განწყობებით დახუნძლული ხელისუფლებების თაიგულს წარმოადგენს - რუსეთის, თურქეთის თუ ირანის ჩათვლით, სწორედ აზერბაიჯან-საქართველოს პარტნიორობა უნდა იქცეს მთავარ მიზიდულობის ცენტრად. სომხეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნა კი სწორედ ამ ურთიერთობის სტაბილურობას ემუქრება.

ამასთან, სანამ აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის აღდგენაზე ფიქრს დაიწყებს, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პასუხები ძალიან ბევრ კითხვაზე, მათ შორის: ამ რკინიგზით ირიბად ხომ არ ვაღიარებთ აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის ნაწილად, რადგან რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ვერსიით საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი, ფაქტობრივად, უქმდებოდა და ეს საზღვარი გადმოდიოდა ლამის ენგურზე. და ამასთან, მიბმული საკითხი: სად იდგებიან მესაზღვრეები და მებაჟეები და ვისი წარმომადგენლები იქნებიან ისინი? ვინ უზრუნველყოფს ტვირთების და მგზავრების უსაფრთხოებას აფხაზეთის ტერიტორიაზე: რუსები, აფხაზები თუ სპეციალურად ვიწვევთ უსაფრთხოების უზრუნველმყოფ საერთაშორისო მისიებს? ჩვენ რომ იქ არავინ ჩაგვიშვებს, ხომ ცხადია. რა პოლიტიკურ დივიდენდებს ვითხოვთ რუსეთისგან ამ რკინიგზის გახსნის სანაცვლოდ? და ა.შ.

თუ ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვაზე წინასწარ არ გვეცოდინება პასუხები, მაშინ ეს რკინიგზაც საქართველოზე რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. და ზოგადადაც, თუ რუსეთმა საქართველოს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის მოპოვება შეძლო, ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნება. თუმცა, ეს არ იქნება ისეთი ხანგრძლივვადიანი, როგორიც მე-19 თუ მე-20 საუკუნეში. თუ დასავლეთი და ჩინეთი რუსეთს ერთობლივად მოინელებენ, მერე უკვე რუსეთის ყოფილი გავლენის სფეროების მორიგი გადანაწილების დრო კიდევ ერთხელ დადგება.

თუმცა, ზემოთქმული ჯერჯერობით თეორიაა, რეალობა კი ჩვენგან მოით­ხოვს  ქვეყნის ფინანსური სისტემის გადარჩენას. საინტერესოა, ფიქრობს თუ არა ხელისუფლება ფინანსური დახმარებისთვის მიმართოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს?! 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ დასავლეთის რამდენიმემილიარდიანმა უანგარო დახმარებამ გადაარჩინა საქართველოს ეკონომიკა ფინანსურ კრიზისს. რატომ არ შეიძლება, რომ დღესაც ვთხოვოთ დახმარება აშშ-ს?! ამით შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებაც მივიღოთ და ეს ერთგვარი ტესტიც იქნება, ამჯერად, უკვე ამერიკისთვის: რამდენად უღირს მას საქართველო, როგორც პარტნიორი რეგიონში. იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონის სხვა, რესურსებით მდიდარი ქვეყნები, იგივე აზერბაიჯანი თუ თურქეთი, საგარეო დახმარების გარეშე გაცილებით იოლად დააღწევენ კრიზისს თავს, ვიდრე ძირითადად იმპორტზე ჩამოკიდებული საქართველო.

ისიც შევახსენოთ ამერიკელებს, რომ უკრაინის ტრაგედიის ფორმალურ საბაბად სწორედ იანუკოვიჩისთვის დასავლეთის მხრიდან 15-მილიარდიან დახმარებაზე უარის თქმა იქცა. ამასთან, თუ სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ამერიკის დახმარების წყალობით მოხდა ლარის კურსის ვარდნის შეჩერება და საზოგადოების სულ უფრო ფართო ფენების სოციალური და ეკონომიკური კრიზისისგან დაზღვევა, ეს საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში დასავლეთისა და იმავე აშშ-ის, როგორც ქმედითი, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ გაჩენილ იმედგაცრუებას კვლავ მადლიერების განწყობით შეცვლის. ამადაც ღირს ამერიკელების შეწუხება, რაც რუსულ საინფორმაციო ომთან გამკლავების ძალზე ეფექტური იარაღიც იქნება. მაგრამ იმისთვის, რომ ამერიკელებმა ამ საკითხზე ფიქრი დაიწყონ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაუჩნდეს სურვილი ამ თემაზე ამერიკასთან აქტიური მოლაპარაკების დაწყებისა. საგარეო პოლიტიკაში წაჯექუკუჯექობას მიჩვეული `მეოცნებე~ ხელისუფლების რეალური ზრახვებისა და ნაბიჯების გათვლა კი ძალზე რთულია.
ალექს
05 მარტი 2015 12:53
უკაცრავად ჩენელ ენერჯის ფოთის ე.წ.ტერმინალზეა საუბარი,არაა სუდაძეების,სამი კასრია სულ,ონკანუი დგას ნავმისდგომზე თუ დაკეტავს პორტი-აღარ არსებობს ცენელ ენერჯი.
ამას არ ქვია რომ რაიმე ღირებულია ეს ობიექტი,არც სტრატეგიაა აქ და არც კომერცია.
არის რა საყველპურო !
ბოდიში წინა მცდარი ინფოსთვის,ისიც მსგავსი ტერმინალია,ისიც ნულია ,იგივე ონკანით იკეტება.
ანუ პორტი აკონტროლებს,პორტს აკონტროლებს სხვა ..
ალექს
05 მარტი 2015 11:58
ჰოდა გრანტიყლაპია არასამთავროებს ჩვეულებრივი (არა ტრანსგენდერული, ორა ოჯახში მოძალადე,არა ბისექსუალი და ასეთების ) ქართველი მოქალაქის უფლებები უნდა დაგეცვათ არარჩეული გაყალბებული არჩევნებით ქართველთათვის თავსმოხვეული ხელისუფლებისაგან
ალექს
05 მარტი 2015 11:57
იმის თქმა მინდა ,რომ რუსეთს ტრადიციულად უჭირს საკუთარი ქმედებების სამართლის ჩარჩოებში მოქცევა,მუშტით და ჩექმით მისი მორევა შეუძლებელია,ბაყბაყდევის წინააღმდეგ ხუთკუნჭულას სადგისი ქონდა,ეს სადგისია საერთაშორისო სამართალი.
ამ ველზე ჩვენს ხელისუფლებას შეეძლო 1993 წელს შეეტია,ამის რესურსი ქონდა ,მერე ნაცებს ხომ ქონდათ და ქონდათ ,პირველივე რუსული პასპორტი ჩვენს ტერიტორიაზე უკანონოდ უნდა გვეცნო ,არათუ აქ,ევროპაშიც,თავად რუსეთის ტერიტორიაზე,როგორ ?
რუსი მოქალაქე ან ჯგუფი ან ორგანიზაცია შეიტანდა სარჩელს მის საკონსტიტუციო სასამართლოში-არ დაირღვა რუსის უფლება ,როცა ვიღაც არარუსს ხელისუფლება პასპორტს აძლევს ,რომც არ დაირღვეს უნდა გვეღვივებინა იდეა.
ასეთი სადგისები უამრავია,და იმის მაგივრად რომ ეს ექნათ ,ჩვენს მოქალაქეებს გვიბაგუნეს საკანონმდებლო მუშტები შევარდნაძე სააკაშვილის ტანდემმა ,თუ შემდგომმა ტრიუმვირატებმა.ახლაც იქნევენ მათი შთამომავლები,მალე ცხვირში მოირტყავენ !!

რედაქტორის რჩევით