"დღეს რუსეთის ტრენდია: იფიქრე, განსაზღვრე, იპოვე და მოკალი მტერი" - კვირის პალიტრა

"დღეს რუსეთის ტრენდია: იფიქრე, განსაზღვრე, იპოვე და მოკალი მტერი"

27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი მოკლეს. პოლიტიკოსმა და 19 წლის უკრაინელმა მოდელმა ანა დურიტსკაიამ სავაჭრო ცენტრ "გუმში", ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს.  ამის შემდეგ ფეხით გაისეირნეს. კრემლის ახლომდებარე ხიდზე ნემცოვს ავტომანქანიდან ესროლეს. ოპოზიციონერი ადგილზე გარდაიცვალა. 1-ელ მარტს მოსკოვში ანტიკრიზისული მარში უნდა გამართულიყო, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ ნემცოვი იყო.

რუსეთის ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა პუტინმა ეს მკვლელობა პროვოკაციად შეაფასეს. საგამოძიებო კომიტეტმა კი მკვლელობის რამდენიმე ვერსია დაასახელა. ერთ-ერთი ვერსიით, ნემცოვს ისლამისტები ემუქრებოდნენ პარიზში ჟურნალ "შარლი ებდოზე" თავდასხმის დაგმობის გამო. მეორე ვერსიით, მის მკვლელობაში უკრაინულ კვალს ხედავენ - კონფლიქტის ორივე მხარეს არიან რადიკალები, რომლებიც მზად არიან მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის. მესამე ვერსია მის სამეწარმეო საქმიანობას უკავშირდება, მეოთხე - პირადი მტრობა, ეჭვიანობა...

ოპოზიციურად განწყობილი რუსი ექსპერტები ნემცოვის მკვლელობაში უფრო პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

დმიტრი ორეშკინი, პოლიტოლოგი: "ეს ქვეყანაში დაწყებული ტერორის გაგრძელებაა. მოსკოვის ქუჩებში იღუპებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. მაგრამ, რატომღაც არ იღუპებიან პუტინის მომხრე პოლიტიკოსები თუ ჟურნალისტები. იკვეთება კანონზომიერება - პოლიტიკური მოტივით მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პირების დახოცვა შეიძლება".

მატვეი განაპოლსკი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი: "თუ არ ჩავთვლით ხოდორკოვსკის, რომელიც ქვეყნიდან დევნილია, და ნავალნის, რომელიც დროს იზოლატორში ატარებს, ნემცოვი იყო ჯერაც დაუპატიმრებელი ოპოზიციის ნამდვილი ლიდერი. ნიშანდობლივია ისიც, რომ ოპოზიციური მარშის “გაზაფხულის” წინ მოკლეს. მეეჭვება, რომ პუტინს პირადად გაეცა ბრძანება ნემცოვის ლიკვიდაციაზე, მაგრამ თუ მკვლელი იპოვეს, ის იქნება ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, პუტინისთვის ესიამოვნებინა. დღეს რუსეთის მთავარი ტრენდია - იფიქრე მტერზე, განსაზღვრე მტერი, იპოვე მტერი და მოკალი მტერი".”

ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე მკვლელობის ორ ვერსიაზე საუბრობს:

- ბორის ნემცოვი ან პუტინის დავალებით მოკლეს, ან ეს მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის დაიგეგმა. თუმცა, კითხვა დავსვათ: რაში აწყობდა პუტინს ანტიკრიზისული მარშის წინადღეს ნემცოვის მკვლელობა, როცა ოპოზიციის ლიდერი და მისი ელექტორატი ხელისუფლებას საფრთხეს არ უქმნიდა?!

- იქნებ პუტინი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაანადგურებს?

- ამ მსჯელობაშიც კითხვა ჩნდება: პუტინს დისკრედიტირებული ოპოზიციის ლიდერი უფრო არ აძლევდა ხელს, ვიდრე ნემცოვის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში მოსალოდნელი ტალღის აგორება?

- სოციალურ ქსელში რუსი მოსახლეობა აქტიურად საუბრობს "მოსკოვური მაიდნის" ალბათობასა და პუტინის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისზე.

- რუსეთში მცირეა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ნემცოვის მკვლელობის გამოყენებას ხელისუფლების დასამხობად შეეცდებიან, თუმცა, ნემცოვის თანამებრძოლებს შესანიშნავი არგუმენტი აქვთ, რომ რუსეთში დიქტატურის დამყარებაზე დამაჯერებლად ისაუბრონ - ზოგი ამ მკვლელობას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებს, ზოგსაც გულწრფელად სწყდება გული, მაგრამ რუსეთი უკრაინა არ არის და იქ დემოკრატიულ ძალებს "მაიდნის" ორგანიზება გაუჭირდებათ. შესაძლოა, ამ ტალღას გარკვეული შედეგიც მოჰყვეს, მაგრამ "მაიდნის" ორგანიზებას სერიოზული დაფინანსებაც სჭირდება, რუსეთში კი ოპოზიციას ფულს არავინ მისცემს. ამიტომ, თუ მოსკოვში "მაიდანი" რეალურად "გახურდა", კიდევ ერთხელ დაისმება კითხვა: ნემცოვის ლიკვიდაცია პოლიტიკური ტალღის ასაგორებლად სხვა ქვეყნებისთვის ხომ არ იყო ხელსაყრელი?! ისე, მკვლელობის კიდევ ერთ ვერსიასაც არ გამოვრიცხავ - შესაძლოა, ანტიკრიზისული მარშის წინ აქციის ორგანიზატორი ნემცოვი "ნაციონალისტებმა" მოკლეს, რომლებიც რუსეთში საკმაოდ გაძლიერდნენ... ნემცოვი დემოკრატიული ძალების ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ ამ მოძრაობის რესურსი, განსაკუთრებით კი რეგიონებში, საკმაოდ მწირია, ამიტომ ოფიციალური მოსკოვი ნემცოვს რეალურ საფრთხედ არ განიხილავდა.

- არადა, მათ მიერ ორგანიზებული მრავალრიცხოვანი აქციებიც ხომ გვახსოვს?

- რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, უნიკალური შემთხვევა იყო, მაგრამ ამის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზეც კი, დემოკრატიულმა ძალებმა მასშტაბური საპროტესტო აქციის ორგანიზება ვერ მოახერხეს. ვნახოთ, ნემცოვის მკვლელობის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები ქუჩაში ხალხს რამდენ ხანს შეინარჩუნებენ.

- ისე, არც ის გაეჭვებთ, რომ გამოძიებამ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთ მთავარ მოტივად ეჭვიანობა დაასახელა?

- ეს დიდი შეცდომა იყო. ჭკვიანი გამომძიებელი ამ ვერსიას ბოლოსთვის შემოინახავდა. დაველოდოთ, რას იტყვიან რუსი სამართალდამცავები, შემდეგ მკვლელობის კონტურებიც მკვეთრი გახდება.

"მეშინია, არ მომკლას"

ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც ბორის ნემცოვმა ერთ-ერთ რუსულ გაზეთს რამდენიმე დღის წინ მისცა: "დედას სერიოზულად ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ ჩემი ბოლოდროინდელი გამოსვლებისა და აქტიურობისთვის, შეიძლება პუტინმა მომკლას, ეს სახუმარო სულაც არ არის - დედაჩემი ძალიან გონიერი ადამიანია! ამიტომ დედას პუტინის ძალიან ეშინია, მით უმეტეს, წინ არაერთი მაგალითი აქვს, იგივე ხოდორკოვსკისა და ნავალნის ამბავი. მათი ამბავი ძალიან განიცადა, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებით ნერვიულობს, ის ხომ დედაჩემია?! თქვენ წარმოიდგინეთ... ცოტათი მეშინია".

სიკვდილამდე ერთი საათით ადრე...

სიკვდილამდე ერთი საათით ადრე ბორის ნემცოვმა "ეხო მოსკვის" ინტერვიუ მისცა, რომელშიც პუტინი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა: "პუტინმა დაარღვია ბირთვული იარაღის გადანაწილების სისტემა... ეს დანაშაულია,…ნერვიულობენ მარშთან დაკავშირებით და ყველა სატელევიზიო არხი დაგვიბლოკეს...…პუტინმა უკრაინასთან ჩვენი ქვეყნისთვის სასიკვდილო ომის პოლიტიკა დაიწყო...…როდესაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, ყველაფერი კატასტროფით მთავრდება".

რუსუდან შელია