მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

განტევების ვაცი

ვალუტის გაუფასურება ხშირად ხელისუფლებისადმი ნდობის გაუფასურების პირდაპირპროპორციულია. ამიტომაც შეშფოთდა "პირველი მოქალაქე" და ლარის ჯანმრთელობის ცნობების გაცემიდან დამნაშავის ძებნაზე გადავიდა. მისი პოვნა არც გასჭირვებია: აგერ არ არის "ნაციონალების" კადრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე?! ხალხის დიდ ნაწილს ხომ ყველაფრის სჯერა, "ნაციონალებს" რაც უნდა დააბრალო! არადა, მთლად უბრალო, ალბათ, არც ქადაგიძეა, მაგრამ ჯოხის მარტო მასზე გადატეხა?! როდესაც მთელი ეს პერიოდი მთავრობა და მისი ეკონომიკური გუნდი გაიძახიან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კოორდინირებულად ვმუშაობთო, სიტყვა არვის დაუძრავს ეროვნულ ბანკზე, მაგრამ როცა "პირველი მოქალაქე" მისკენ ხელს იშვერს, ალაპარაკდებიან, რომ თურმე ბანკი დროზე არ რეაგირებდა, სულ ცოტა, უსამართლობა მგონია. როგორ, აქამდე ქადაგიძე "ჭკვიანი ახალგაზრდა" იყო და ახლა გახდა ცუდი?! აგერ, ნოდარ ჯავახიშვილმა "პალიტრის" ეთერში, გადაცემაში სტუმრობისას მითხრა: ივანიშვილს მაგის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მაშინვე ვთხოვდი, როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, მაგრამ არ დამიჯერაო! აი, ეს კაცი ნამდვილად არის თანამიმდევრული (მართალია თუ არა ეს, კიდევ სხვა საკითხია): არც მაშინ ფიქრობდა კარგს ქადაგიძეზე და არც ახლა! ივანიშვილმა და მთავრობამ კი იპოვეს განტევების ვაცი!

ზოგი ჭირი მარგებელია

ლარის კურსის ვარდნას მარტო ცუდი შედეგები არ ჰქონია. ამ პროცესმა მთავრობა ისე შეარყია, რომ ცოტა გამოიღვიძა - ქამრებს შემოვიჭერთო, საპრივატიზაციოდ ობიექტებს გავიტანთო, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფულს მოვიზიდავთო. აქამდე მეგონა, ქვეყანაში გასაყიდი აღარაფერი იყო და თურმე ყოფილა, მაგრამ რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, სიტყვა "პრივატიზაცია" მათი პირიდან არც გაგვიგონია. მაინცდამაინც სავალუტო კრიზისი უნდა მომხდარიყო, პრივატიზაციის პროცესი რომ განახლებულიყო?! მაინცდამაინც სავალუტო კრიზისი უნდა მომხდარიყო, ხელისუფლება რომ მიმხვდარიყო, ასე "უპრაგონოდ" ფულის ხარჯვა რომ  არ შეიძლება? მაინცდამაინც სავალუტო კრიზისი უნდა მომხდარიყო, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის საჭიროება რომ დაენახათ?! ეს ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს! ამ პროცესის შედეგად აღიარეს რამდენიმე შეცდომა, მაგალითად, გამკაცრებული სავიზო რეჟიმი, ინვესტორისთვის უცხოელების დასაქმების შეზღუდვა, ბიუროკრატიული ბარიერების არსებობა... ამ პროცესმა დადებითი კიდევ ის მოიტანა, რომ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მიწის გაყიდვის აკრძალვისკენ თუ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ცოტა ხნით მიჩუმდნენ. ხალხმა დაინახა, რომ თუ ინვესტორი არ გამოჩნდა, თუ ქვეყანაში ფული არ შემოვიდა, მიწაც ოხრად დაგვრჩება და ქვეყანაც, და უკან, კუპონიზაციის ეპოქაში წავალთ!