"ზოგ ოპოზიციონერს სააკაშვილზე მეტად სხვა ოპოზიციონერი ეზიზღება" - კვირის პალიტრა

"ზოგ ოპოზიციონერს სააკაშვილზე მეტად სხვა ოპოზიციონერი ეზიზღება"

"ჩვენ დიპლომატიური პასუხები კი არა, შედეგი გვაინტერესებს"

"უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ"

"თუ გავერთიანდებით, სააკაშვილის რეჟიმს ბოლო მოეღება. თუ ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ, ჩვენი თაობის ოპოზიციონერებს პოლიტიკური მოღვაწეობის დასრულება მოუწევთ",  - აცხადებს "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, რომლის ბოლოდროინდელ პასიურობას (მერის არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებაზე უარის თქმას) ჭორი მოჰყვა, "დაიცავი საქართველოს" წევრები ერთ-ერთი კანდიდატის, ნიკა ივანიშვილის ბანაკში გადავიდნენო. ლევან გაჩეჩილაძესთან ინტერვიუ ამ ინფორმაციის გადამოწმებით დავიწყეთ:

- ვინ სად გადავიდა ან გადმოვიდა, ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს მხოლოდ მერაბიშვილისა და სააკაშვილის სიზმრებია. "დაიცავი საქართველო" ვერ მუშაობს, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური ტერორი გამოგვიცხადა. ძალიან გართულდა პროექტების დაფინანსება. "დაიცავი საქართველო" არსებობს და მასში დიდი ვნებათაღელვაა იმის გამო, რაც ოპოზიციაში ხდება.

- მიუხედავად იმისა, რომ მერობის კანდიდატი არა ხართ, სხვადასხვა ინტერაქტივში მოსახლეობა მაინც მხარდაჭერას გიცხადებთ. არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ზოგიერთს ამომრჩევლის დაღალატებად მიაჩნია.

- თვეების წინ ხალხის დიდ სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობდი, დღეს ასე აღარ არის და ამას ობიექტური მიზეზი აქვს. ყველაფერი რომ ლოგიკურად დასრულებულიყო და იურიდიულად გავმხდარიყავი საქართველოს პრეზიდენტი, სიყვარული და ნდობა უწინდელივით მექნებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ვერ მოვაწერე ხელი სისხლის ღვრასა და სამოქალაქო ომს. საქართველოს მტრების წისქვილზე წყალი არ დავასხი. თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლას არ ვაგრძელებ. მზად ვარ საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად ვიბრძოლო, ვინც ნდობას ისევ მიცხადებს. მაგრამ, თუ კიდევ ფორსმაჟორში აღმოვჩნდით, თუ ისევ ომი ან მსგავსი დიდი პროვოკაცია მოხდა (რაც, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ხელისუფლების გამოწვეული იქნება), ადგილობრივი არჩევნები ყველას დაავიწყდება და დაირაზმება იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება როგორმე მმართველობას ჩამოაშოროს. თუ ასეთი ფორსმაჟორი არ მოხდა (რასაც ნამდვილად არ ვუსურვებ ჩემს ქვეყანას), მაშინ რეჟიმის შეცვლის გზად ადგილობრივი არჩევნები მიმაჩნია.  ადგილობრივი არჩევნები უნდა გახდეს სანთებელა დიდი კოცონის დასანთებად, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს.

თავისუფალი საარჩევნო გარემოსთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ცხადზე უცხადესად ვხედავ, რომ იმ ოპოზიციას, რომელიც ქუჩაშია, სააკაშვილი მერის სკამს არ გამოუწერს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაიჩაგრება და სწორედ ეს საბაბი უნდა გამოვიყენოთ, რომ რეჟიმს რაც შეიძლება მალე მოეღოს ბოლო. თუ სააკაშვილს ჰქონდა იმის იურიდიული უფლება, არჩევნების გამო რევოლუცია მოეხდინა, ხალხს და ოპოზიციასაც აქვთ.

- ამ იდეას ყველა ოპოზიციური ძალა ეთანხმება?

- გულწრფელად გეტყვით, ოპოზიციაში დღეს კრიზისია, ბევრი სხვადასხვანაირი ხედვაა. ყველა ოპოზიციური ლიდერი იმას ფიქრობს, რომ სწორედ მისი არჩეული გზაა ქვეყნის გადარჩენის საშუალება. დამოუკიდებელი აზროვნება ერთიანობას გამორიცხავს. ერთიანობა თუ არ იქნა, გამორიცხულია საპროტესტო ტალღა ისევ მძლავრად აგორდეს და ხალხს გამარჯვების რწმენა ჩაესახოს. ჩემთვის მთავარი სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაა და არა მერობა, პრეზიდენტობა ან პარლამენტის თავმჯდომარეობა. ღმერთმა ქნას, ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას მივაღწიო. ამჟამად იმ ალიანსებთან ვმუშაობ, რომლებიც არჩევნებს უჭერენ მხარს.

- აქამდე გამწვავებას ერიდებოდით, ოპოზიცია ახლა ვა-ბანკზე მიდის?

- ხალხს რევოლუციის მოხდენის უფლება 5 იანვარსაც ჰქონდა, 20 იანვარსაც და 26 მაისსაც. ღვთის წინაშე მართალი ის ხალხია, რომელიც ყველა გზას მოსინჯავს. საზოგადოებასა და ოპოზიციას უნდა გაევლო მშვიდობიანი მანიფესტაციების, პერმანენტული აქციებისა და საკნების, ეკლესიისა და პატრიარქის გზაც იმისათვის, რომ სისხლის ღვრა აეცილებინა თავიდან. ოპოზიცია ვალმოხდილია, თუმც ჩვენმა მცდელობამ ნაყოფი არ გამოიღო.

ამერიკული დელეგაციის წევრებსაც ვუთხარი, ძალიან მსიამოვნებს თქვენთან შეხვედრა, მაგრამ დამანახეთ მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგი. როგორ დავიჯერო, რომ აშშ-ის რაღაცის გაკეთება უნდა და ვერ აკეთებს. ჩვენ დიპლომატიური პასუხები კი არა, შედეგი გვაინტერესებს.

თავად ამერიკელები ლაპარაკობენ სასამართლოს ნაკლზე, მედიაზე, უკანონოდ დაპატიმრებულებზე, არჩევნებზე, მაგრამ ჩვენთან მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ხალხმა ყველა მშვიდობიანი ხერხი ამოწურა. არა მგონია,  მეყოს ძალა, რომ სააკაშვილის მახინჯი რეჟიმის წინააღმდეგ აზღვავებული ხალხის ტალღა კიდევ ერთხელ გავაჩერო.

უცნაურია საზოგადოების ნაწილის განცხადებები, უგულავა ამას და ამას გვიკეთებსო. უგულავა სააკაშვილის ბოროტი ხელისუფლების გაგრძელებაა. მეტსაც გეტყვით, თუ ოპოზიციაში კრიზისი არ დაიძლია, შესაძლოა, კარის გადატრიალება მოხდეს. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ენას, სულიერებას, ეკლესიასა და სამშობლოს Gგვართმევენ? საქართველოს უხილავი, ფარული გზებით იპყრობენ!

სააკაშვილის მართვის სტილი ასეთია: ადამიანი ბოლომდე უნდა დააბეჩავოს და მერე 200 გრამ პურს და ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერს რომ მისცემ, კმაყოფილი იქნება. უნდათ, ხალხი ვოლიერში შეყრილი მაიმუნებივით იყოს, რომლებიც კმაყოფილი არიან, თუ კანფეტს გადაუგდებენ.

საზოგადოების 2-3%-ის ხელშია ბიზნესი და ფასებიც. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს შაქარსა და ნავთობპროდუქტებზე! ამ ყველაფერს აკონტროლებს კაცი, რომლის სინდისზეა გამოქცეული ჯარი და დაკარგული ტერიტორიები.

ასეთი ხელისუფლების სამართალმემკვიდრე უგულავას თუ დაუჭერს მხარს ვინმე, ეს ოპოზიციაში კრიზისის ბრალი იქნება, რომელიც ერთმანეთის გინების გამო კიდევ უფრო ღრმავდება.

- საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეთანხმება, ადგილობრივ არჩევნებზე რატომ იმძლავრა ერთმანეთის სიძულვილმა?

- ოპოზიციამ ერთმანეთის ნდობა დაკარგა. როგორ შეიძლება ძლიერი იყოს ოჯახი, სადაც ნდობის ნაცვლად გაუთავებელი ეჭვიანობაა.

საქართველოში არ მოიძებნება არავინ, ვისზეც ვიტყვი, ამას სააკაშვილი ჯობს-მეთქი. ყველა მირჩევნია სააკაშვილს. ვიღაც-ვიღაცებს კი ურჩევნიათ სააკაშვილი დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ მისი კოლეგა არ მოვიდეს ხელისუფლებაში. აი, ეს დავინახე ორწელიწადნახევრიანი ბრძოლის შემდეგ.

ამ ქვეყანას ყოველდღიურად ნამუსს ხდიან, აუპატიურებენ და გასაკვირია, რომ ძალადობას საზოგადოებაც შეეჩვია(?!). სწორედ ოპოზიციის კონსოლიდაცია გაუღვიძებს ხალხს გამარჯვების რწმენასა და ღირსებას, სხვა ვერაფერი.