"კიტოვანმაც და გიორგაძემაც გამსახურდიას მკვლელის ვინაობა იციან" - კვირის პალიტრა

"კიტოვანმაც და გიორგაძემაც გამსახურდიას მკვლელის ვინაობა იციან"

1993 წლის ბოლოს სოფელ მუჟავაში ვინმე ბეჟან წურწუმიას ოჯახში საიდუმლო სერობა გაიმართა. შეკრების მიზეზი და მთავარი კითხვა იყო, ვინ ემხრობოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციას. შეკრების მონაწილეთა უმეტესობამ თანხმობის ნიშნად ხელი ასწია. იმ დღეს საქართველოს პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს. სამეგრელოს ტყეებში ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების დევნის ფინალი ხიბულაში გავარდნილი ტყვია (უფრო ზუსტად, ტყვიები) იყო. დღემდე დაუდგენელია, რა გარემოებებში გარდაიცვალა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან საქართველოს პარლამენტის იმ კომისიის წევრები დაბრუნდნენ, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებს იკვლევს. კომისიის  წევრმა ბეჟან ხურციძემ თენგიზ კიტოვანისა და იგორ გიორგაძის საუბრების ჩანაწერები ჩამოიტანა.

KvirisPalitra.Ge- იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც მოსკოვში გამგზავრებამდე გვეუბნებოდნენ, შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები თქვენთან საუბარს არ ინდომებენო, მაგრამ პირიქით მოხდა - მოსკოვში ჩასვლისთანავე დაგვირეკეს კიტოვანმა და გიორგაძემ.

პირველად კიტოვანი შეგვხვდა სასტუმრო "კარლსონში". შეხვედრა გადაღებული და ჩაწერილია, ასევე გადავიღეთ რამდენიმე დღის შემდეგ იგორ გიორგაძესთან შეხვედრაც. კიტოვანისა და გიორგაძის ნაამბობი  ერთმანეთს  დაემთხვა. მათ დაგვისახელეს იმ პირთა გვარები, ვინც ზვიად გამსახურდიას დევნიდნენ. სამეგრელოში ჩამოსვლის შემდეგ  შოთა კვირაიას, გია გულუასა და ავთო იოსელიანის ჯგუფები მისდევდნენ ფეხდაფეხ პრეზიდენტს. კონსტანტინე გამსახურდიას ფილმში არის ინტერვიუ ავთო იოსელიანთან, სადაც ის ადასტურებს, რომ მისი ჯგუფი კვალდაკვალ მისდევდა ზვიადს და მის გარემოცვაშიც ჰყავდა  თავისი ხალხი.

- იოსელიანი პრეზიდენტის დაცვის წევრებსაც გულისხმობდა?

- გვარების დასახელებას მოერიდნენ კიტოვანი და გიორგაძეც.  გვითხრეს, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება თქვენი საგამოძიებო ჯგუფის მუშაობაო. კიტოვანმა დაგვისახელა თანხა, რომელიც პრეზიდენტის მკვლელობაში გადაიხადეს.

- რა ოდენობის თანხაა და ვინ გადაიხადა?

- 50 ათასი დოლარი გადაიხადეს. კიტოვანმა დაგვისახელა გადამხდელის გვარიც, მაგრამ ჯერჯერობით მის ვინაობას ვერ გავამხელ.

- ამბობენ, რომ გამსახურდიას მკვლელობაში რუსები მონაწილეობდნენ.

- გადამხდელი ქართული მხარე იყო. კიტოვანმაც და გიორგაძემაც გვითხრეს, შევარდნაძეს თავისი ლეგიტიმაციისათვის არ სურდა, ზვიადი ცოცხალი ყოფილიყოო. შევარდნაძეს ცოცხალი ზვიადი არ სჭირდებოდა. გიორგაძისა და კიტოვანისგან ბევრი რამ გავიგეთ. მოსკოვში რამდენიმე დღით იმის გამო შევყოვნდი, რომ ჩანაწერები ჩამომეტანა.

- გიორგაძე დაუბრკოლებლად შეგხვდათ, ის ხომ წითელი ცირკულარით იძებნება?

- მას საქართველო ეძებს წითელი ცირკულარით, რუსეთი კი არა. მანქანა გამოგვიგზავნა, ტყეში კი არ შევხვედრივართ, გიორგაძეს "რია ნოვოსტის" ოფისში შევხვდით. ჩვენს საუბარს ორი ვიდეოკამერა იღებდა. შევარდნაძის დროს ხუთმა მინისტრმა მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტმა გამსახურდიამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მაშინდელი უშიშროების მინისტრი გიორგაძე არ დაეთანხმა ამ ვერსიას და კატეგორიულად განაცხადა, ეს თვითმკვლელობა არ არის და ამ დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერო. ამის გამო გახდა მიუღებელი შევარდნაძისათვის, მერე კი - ძებნილიც.

ჩანაწერები საიმედოდ არის შენახული. თავის დროზე მას კომისიის სხდომაზეც აჩვენებენ და, ალბათ, ტელეეთერშიც გავა. კიტოვანსა და გიორგაძეს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ზვიადი მოკლეს.

- ბესარიონ გუგუშვილი რატომ აცხადებს, პრეზიდენტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლეო?

- უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ და მას მკვლელობის თანამონაწილეობას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ცხადია, რომ გუგუშვილი ყველაფერს არ ამბობს. ასევე მალავენ სიმართლეს პრეზიდენტის დაცვის წევრებიც. გუგუშვილი ზღაპრებს ჰყვება. რამ დააძინა ისე ღრმად, რომ ვერაფერი გაიგო? გარდა ამისა, იმ ოჯახში, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, მოხუცი ცოლ-ქმრის გარდა, მათი შვილიც იყო. ეს ახლახან გაირკვა.

- რომელმა ჯგუფმა იკისრა პრეზიდენტის ლიკვიდაცია?

- მდევართაგან ერთ-ერთმა.  ფაქტია, კვირაიამ არ ისურვა ჩვენთან შეხვედრა. გვითხრეს, რომ არავის ხვდება და ბევრს სვამს. კიტოვანმაც და გიორგაძემაც მკვლელის ვინაობა იციან.

საზოგადოება მალე იხილავს ჩანაწერებს. ალბათ, ბესარიონ გუგუშვილსაც შევხვდებით.

ელცინი შევარდნაძეს საქართველოს შუაზე გაყოფას სთავაზობდა. დაუშვებდა შევარდნაძე, რომ დასავლეთ საქართველოში გამსახურდია ყოფილიყო პრეზიდენტად, თვითონ კი თბილისში მჯდარიყო? გამსახურდია უპრობლემოდ გადმოვიდოდა აღმოსავლეთ საქართველოში. ყველაზე მეტად შევარდნაძეს სჭირდებოდა გამსახურდიას მოცილება. ასე რომ,  ბატონ ედუარდ შევარდნაძესთანაც გვექნება კითხვები.