როგორ ვებრძოლოთ ნეპოტიზმს - კანონის გამკაცრება გვიშველის? - კვირის პალიტრა

როგორ ვებრძოლოთ ნეპოტიზმს - კანონის გამკაცრება გვიშველის?

"ვფიქრობ, შექმნილი ე.წ. გასაუბრების კომისიის მთავარი მიზანი ის არის, რომ არასასურველი ხალხი ჩამოიშოროს"

"ნეპოტიზმის ამოძირკვა შეუძლებელია, მაგრამ სასჯელის გამკაცრება აუცილებლად გაამართლებს"

ის არ განუცდია კარგი სამსახურის შოვნის მწველი სურვილი, სადაც კომფორტული გარემოა, ხელსაყრელი პირობები, კარგი ანაზღაურება და ამ მხრივ განსაკუთრებით მიმზიდველი სახელმწიფო სამსახურებში გამოცხადებული ვაკანსიებია, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში არის ეჭვი, "ხელის წამკვრელი" თუ არა გყავს, ფუჭ ოცნებას თავი უნდა დაანებო... თუმცა, არიან გამოუსწორებელი ოპტიმისტებიც, რომლებიც კონკურსებში მონაწილეობენ და მეტწილად გაწბილებულები რჩებიან. ამ მავნე პრაქტიკის ამოძირკვა, რასაც ნეპოტიზმი ჰქვია, ჯერჯერობით ვერა და ვერ ხერხდება.

32 წლის ლაშა ბ. მერიის კონკურსში მონაწილეობდა. მის გვარს არ ვასახელებთ, რადგან ისევ აპირებს ხელმეორედ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას.

ლაშა: "გასული წლის შემოდგომაზე გამოცხადდა ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკურსები. სამი ეტაპი უნდა გაგვევლო - საბუთების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

განცხადების შევსებისას საჯარო სამსახურის ვებგვერდზე მითითებული იყო მოთხოვნები და ყველამ საბუთები ამის შესაბამისად წარადგინა, მაგრამ რატომღაც ბევრი დაიწუნეს. მე მოკრძალებული ვაკანსიები შემოვხაზე, შევეცადე, თანამდებობებში ვიღაცებს არ შევცილებოდი. უმაღლესი განათლებაც მაქვს და 4-წლიანი სამუშაო გამოცდილებაც.

ტესტირების მაქსიმალურ ქულად 60 ქულა იყო განსაზღვრული, მინიმალურად - 45 ქულა. მე 52 ქულა ავიღე.

გასაუბრებაზე ჩემ წინ ვინც შედიოდა, ყველა 1-2 წუთში ტოვებდა იქაურობას. წუთში როგორ უნდა დაადგინოს კანდიდატის შესაძლებლობები კომისიამ, რომელიც 7 პირისგან შედგებოდა?

მე 10 წუთი ვიყავი და თითოეული წევრის 3-3 შეკითხვას ვუპასუხე.

17 თებერვალს ღამით სმს-შეტყობინება მივიღე, რომ სამსახურში მიღებაზე უარი მეთქვა. გასაჩივრება 19 თებერვლამდე შეგვეძლო. ბათუმში ვიყავი და მეორე დღეს სასწრაფოდ წამოვედი თბილისში, მაგრამ მერიაში რომ მივედი, სამუშაო საათები დასრულებული იყო. გასაჩივრების ასეთი მცირე ვადაც ალბათ საგანგებოდ დაადგინეს, რომ ხალხს ვერ მოესწრო.

- თქვენ ისევ აპირებთ კონკურსში მონაწილეობას, იგივე ვაკანსიებია გამოცხადებული?

- თავდაპირველად 1033 ვაკანსია იყო, შემდეგ მერიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ 545 ისევ არის. როგორ შეიძლებოდა ამდენი ვაკანსია დარჩენილიყო, როცა ბევრს მაღალი ქულები ჰქონდა? იყვნენ 56, 58-ქულიანები და არ მიიღეს. ვფიქრობ, შექმნილი ე.წ. გასაუბრების კომისიის მთავარი მიზანი ის არის, რომ არასასურველი ხალხი ჩამოიშოროს. რატომ გეთქვა უარი, განმარტებას არავინ აკეთებს. მერიის მოქმედი თანამშრომლების 80% ჩაიჭრა, სწორედ მათთვის აცხადებენ ხელმეორედ კონკურსს.

ეტყობა, ისინი მათი აქტივისტები ან ახლობლები არიან და გაშვება არ უნდათ.

იმედგაცრუებული ვარ. ბევრი თვლის, რომ აზრი არა აქვს ხელმეორედ გასვლას. ფასადურია ეს კონკურსები! როცა თანამშრომლების 80% მინიმალური ზღვრის გადალახვას ვერ ახერხებს, მას ტოვებ და 58-ქულიანს უარს ეუბნები, ეს არის სამართალი?! შეიძლება რამდენიმე კონკურსგავლილი კი მიიღეს, რომ სათქმელი ჰქონდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათაც ეყოლებოდათ იქ ვინმე ახლობელი ან ნათესავი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ამ გზით შეგიძლია სამსახურის შოვნა, მით უფრო, საჯარო სამსახურში".

ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პროექტების მენეჯერი:

"ამ მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად ბევრს ვმუშაობთ და მალე საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივას შევთავაზებთ პარლამენტს.

როგორმე უნდა ამოივსოს ის ხვრელი, რომლითაც საჯარო უწყების ხელმძღვანელები და მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობენ.

- დააზუსტეთ, როგორ გამოსწორდება ამ საკანონმდებლო ინიციატივით პრობლემა?

- ჩვენი კანონმდებლობით საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად კონკურსის გავლა სავალდებულოა, მაგრამ ვიდრე  კანდიდატი კონკურსს გაივლის, შეიძლება თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად აიყვანონ. ასეთი შემთხვევა ხშირია. 9 თვის მერე ატარებენ კონკურსს, სადაც მოვალეობის შემსრულებელს სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა ენიჭება.

კვლევების თანახმად, სახელმწიფო უწყებებში "მოვალეობის შემსრულებლების" 85% კონკურსის შემდეგაც რჩება დაკავებულ თანამდებობაზე, რაც იმას მიანიშნებს, რომ კონკურსი ფორმალურად ტარდება.

მკაცრად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ღირსეულ კანდიდატს დაჩაგრავს. ამას სასამართლო გადაწყვეტს, ანუ უნდა შეიქმნას დამატებითი მექანიზმი, კონკურსის მონაწილეს უნდა შეეძლოს საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება და უსამართლობის დადასტურების შემთხვევაში, დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი დაისჯება. ნეპოტიზმის ამოძირკვა შეუძლებელია, მაგრამ სასჯელის გამკაცრება აუცილებლად გაამართლებს. უწყებების ხელმძღვანელები პროფესიონალი კადრების შერჩევას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. რაც მთავარია, კონკურსი უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ. კარგი იქნება, ყველა კანდიდატთან გასაუბრების ვიდეოგადაღება და ფირი ხელმისაწვდომი იყოს.

- ხომ შეიძლება თანამდებობის პირის ნათესავი ან მეგობარი პროფესიონალიც იყოს?

- რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მისი დასაქმება პრობლემა არ იქნება.

ეკა ასათიანი

თეა ხურცილავა