"გამგებლების თავები დაიყრება" - ნოდარ ჯავახიშვილის სკანდალური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"გამგებლების თავები დაიყრება" - ნოდარ ჯავახიშვილის სკანდალური ინტერვიუ

"ვერ ვიტყვი, რომ შავლიაშვილი წარმატებული მინისტრია"

"მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფაქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება"

რატომ მონაწილეობს რეგიონებში სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების საკმაოდ დიდ ნაწილში მხოლოდ ერთი კომპანია და ხომ არ ზრდის ეს კორუფციულ რისკებს საჯარო სტრუქტურაში, ამ საკითხებზე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, ნოდარ ჯავახიშვილს ვესაუბრეთ:

- სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით, გარკვეული ეჭვები მეც მაქვს, მაგრამ კანონმდებლობაში არსად არის მითითებული, რომ ჩვენ გამარჯვებული კომპანიების წარმომავლობითა და დამფუძნებლების ვინაობით უნდა დავინტერესდეთ. კანონი არც იმას გვავალდებულებს, მონაწილე კომპანიების უკან სახელმწიფო მოხელეების ინტერესები ვიკვლიოთ - ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ტენდერში მონაწილე კომპანიის გამოცდილება და სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაა.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამინისტროსა და სატენდერო კომისიაში ყველა საკითხი მოწესრიგებულია და პროცესებიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს,

მაგრამ რასაც ვხედავ და ვუყურებ, ფორმალურად ყველაფერი თითქოს სწორად კეთდება.

- სწორედ ფორმალური მხარის მიღმა ჩნდება მწვავე კითხვები. მაგალითად, უკვე ტენდენციად იქცა, რომ რეგიონებში ტენდერებს ერთი და იგივე კომპანიები იგებენ.

- გიდასტურებთ, რომ ხშირ შემთხვევაში ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია მონაწილეობს და გამარჯვებულად ცხადდება, მაგრამ თუ სხვა, დაჩაგრული კომპანიის მფლობელი ხმას არ ამოიღებს და სიმართლეს არ იტყვის, როგორ მოვიქცეთ? არც მე მომწონს, როცა ტენდერების შედეგების განხილვისას მუდმივად ერთ გამარჯვებულ კომპანიას ვაწყდები, მაგრამ ხომ გეუბნებით, ჩემთან ჯერ არავინ მოსულა, დამეხმარეთ, ტენდერიდან უსამართლოდ გამომაგდესო...

- ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი უწყება საზოგადოებაში საკმარისი ნდობით არ სარგებლობს?

- თუ ვინმე სამინისტროს არ ენდობა, მე მითხრას, ტენდერებში ვინ დაჩაგრა. პირობას ვაძლევ, საკითხს ძირფესვიანად შევისწავლი. ადამიანმა საკუთარი უფლებების დასაცავად თავადვე უნდა იბრძოლოს... მაგალითად, ზემო სვანეთში ყველა სამუშაოს მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს და სხვა ორგანიზაცია ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად არც კი შემოდის. ანალოგიური ვითარებაა ონშიც, სადაც ყველა სამუშაოს "ამბროლაურის გზა" ასრულებს...

სავარაუდოდ, სხვა კომპანიებს აშინებენ და ტენდერში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. როცა 12 სატენდერო დოკუმენტაციიდან რვა ტენდერში ერთი გამარჯვებული კომპანიის შესახებ მომდის ინფორმაცია, ტენდერის არსი უკვე დაკარგულია.

ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდერს "ჯავახ ავტოგზა" იგებს.

- ალბათ, მუნიციპალიტეტებში გამოცხადებულ ტენდერებში მუდმივად ერთი კომპანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ვერ გაიმარჯვებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხშირად სამშენებლო კომპანიები გამგებლებთან არიან შეთანხმებული. მაგალითად, ბორჯომში ყველა ტენდერს კომპანია "მშენებელი" იგებს და როცა ერთ-ერთი ტენდერი სხვა ორგანიზაციამ მოიგო, ადგილობრივმა სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა და სამუშაო ისევ კომპანია "მშენებელს" გადაულოცა...

- ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავსი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება! მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფაქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება.

- თუ ტენდერში დაჩაგრული კომპანიებისგან ინფორმაცია მომავალშიც ვერ მიიღეთ, გამოდის, ალტერნატიული მექანიზმი არ გაგაჩნიათ და დარღვევები გაგრძელდება?

- ასე იქნება მანამ, სანამ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქე არ იგრძნობს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, ვითარება გამოვასწორო. ამ მიზნით საკადრო ცვლილებებიც განვახორციელე - გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი სამინისტროში გადმოვიყვანე და მის ნაცვლად იქ გამოცდილი კადრი დავნიშნე. პარალელურად, ბაზის შექმნას ვცდილობ, რომლის შემდეგაც სამშენებლო ორგანიზაციები ჩვენს მოტყუებას ვეღარ შეძლებენ, დღეს კი მხოლოდ მათ მიერ მოტანილ ინფორმაციას ვეყრდნობით და არ გვაქვს შესაძლებლობა, გუშინ და დღეს მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს შევადაროთ.

არც მაღალკვალიფიციური საზედამხედველო სამსახურები გვყავს, ამიტომ საკითხს პრინციპულად ვერ უდგებიან...

- ჩვენი ინფორმაციით, მინისტრ დავით შავლიაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ხშირად საერთო პოზიციის ჩამოყალიბებასაც ვერ ახერხებთ.

- ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს. ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა, პირისპირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს შორის აუცილებელი ურთიერთგაგების დონეს მაინც მივაღწიეთ.

შავლიაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასოდეს გადავდივარ.

სამინისტროში სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ახალგაზრდები გამოცდილებით შევავსო.

არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვილი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვიცი, ის გზების დეპარტამენტშიც მუშაობდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ წარმატებული მინისტრია.

- აჟიოტაჟი მოჰყვა სავალუტო ფონდის წარმომადგენლების თქვენეულ შეფასებასაც, როცა მათ "ნაციონალებისგან" მოსყიდულები უწოდეთ.

- ეს პირადი საუბარი იყო, არ ვიცოდი, თუ ჟურნალისტი ამას ინტერვიუდ გამოიყენებდა, თანაც ფაქტების არევაც მოხდა - მე "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს საქართველოში მყოფ მსოფლიო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებზე ვისაუბრე, რომლებსაც "ქართუ ბანკში" მაშინ არსებული დარღვევების შესახებ რეაგირება არ მოუხდენიათ. დღეს მათთან არანაირი ურთიერთობა არა მაქვს და შესაბამისად, არც სავალუტო ფონდის საქმიანობის შეფასების უფლება მაქვს.

ამირან გიგუაშვილი, ორგანიზაცია "პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარე:

- პერიოდულად, გამგებლებს, გუბერნატორებს და საერთოდ, მაღალჩინოსნებს, მთავრობის ხელმძღვანელისგან "ცივი შხაპი" სჭირდებათ.

ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რაიონებში, ინერტულობის შეგრძნება მძაფრდება, რადგან იქაური ხელმძღვანელები ხშირად უუნარობას იჩენენ და დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ, უფუნქციო გუბერნატორები და გამგებლები კი საზოგადოების სერიოზულ პრობლემად იქცა. საზოგადოებაში ინოვაციურობისა და მოძრაობის ნაკლები შეგრძნებაა, რადგან გამგებლები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებენ და მუდმივად ვიღაცის დავალების მოლოდინში არიან. უმეტესად მხოლოდ შტატების გაბერვითა და საეჭვო ხელშეკრულებების გაფორმებით არიან დაკავებული.

მსგავსი უძრაობა, როგორც წესი, მაღალჩინოსანს კანონის დარღვევისკენ უბიძგებს. ამიტომ მთავრობამ რეგიონებში კონტროლი მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს!

რუსუდან შელია