ქამრების შემოჭერა ქართულად (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

ქამრების შემოჭერა ქართულად (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

თურმე ხარჯების შემცირება შესაძლებელი ყოფილა, თურმე შესაძლებელი ყოფილა, ჩინოვნიკებმა არ იყიდონ ახალ-ახალი მანქანები, ავეჯი, შემცირდეს საწვავის ხარჯი, მივლინებები, წარმომადგენლობითი ხარჯი. სწორედ ასეთი ანტიკრიზისული ნაბიჯები წარმოადგინა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე. მოკლედ, ეს ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კინაღამ ეკონომიკა თავზე დაგვენგრა. ვიდრე ეს ყველაფერი არ მოხდა, ამას ვერ მიხვდნენ. ვერ მიხვდნენ, რომ არ შეიძლებოდა 147 მილიონის დახარჯვა მანქანებში (მერე რა, რომ დიდი წილი პატრულისა და სასწრაფოს მანქანებია. ბევრია ასევე ჩინოვნიკებისთვის შეძენილი მანქანაც, ასევე 60-ზე მეტი მანქანა იყიდა სწორედ ხადურის უწყებამ ერთი ვიზიტის ორგანიზებისთვის, ვითომ ქირაობა არ შეიძლებოდა), რომ არ შეიძლებოდა უაზროდ პრემიებისა და დანამატების გამოწერა და მინისტრის თუ მერის მოადგილეებისთვის მათ უფროსებზე ორჯერ მეტი შემოსავლის უზრუნველყოფა, რომ არ შეიძლებოდა მხოლოდ სარესტორნო მომსახურებაზე 10 მილიონის დახარჯვა! ამ ყველაფრის მიხვედრას თურმე სავალუტო კრიზისი სჭირდებოდა!

სავალუტო კრიზისი სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ  ინფრასტრუქტურული პროექტები მარტო ახალი გზები და შენობები კი არ არის, არამედ ეკონომიკაში ჩადებული ფული, და ამ მიმართულებით ტემპის დაგდება არ შეიძლება. წულუკიანმა, აქცენტს იუსტიციის სახლების მშენებლობაზე გადავიტანთო. არადა, მანამდე ამ პროექტს ივანიშვილი აგდებით მოიხსენიებდა, რა შეგვჭამეს "ნაციონალებმა" ამ იუსტიციის სახლებითო. სააკაშვილი მართლა გიჟი კი არ იყო, ობიექტიდან ობიექტზე რომ დარბოდა! ის, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ბევრი რამე დააშავა, არ ნიშნავს, რაც სწორად კეთდებოდა, ის არ გავაგრძელოთ. იმედია, ამ სავალუტო კრიზისის დადებითი შედეგი ის იქნება, რომ ჩვენი ჩინოვნიკები ტვინს უფრო მეტად გაანძრევენ და ქამრებს მართლაც შემოიჭერენ!

ჯერჯერობით კი ისევ მხოლოდ ასეთი ინფორმაცია გვხვდება: თბილისის საკრებულომ 10 ათასი ლარი დახარჯა აზიური ოთახის მოსაწყობად, სახელმწიფომ ბოლო ორ დღეში (ანუ ხადურის განცხადების შემდეგ) 491.053 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა მანქანებზე. აქ შეიძლება ისეთი მანქანებიც არის, რომელთა ყიდვაც აუცილებელია, მაგრამ ორი დღით ადრე ქამრების შემოჭერის აუცილებლობაზე რომ ლაპარაკობ, ყურს უკვე ძალიან ცუდად ხვდება, როცა ამ ტენდერში ხედავ, რომ, მაგალითად, სახელმწიფო ელექტროსისტემა 6 მაღალი გამავლობის ავტომობილს ყიდულობს 234.500 ლარად!

წყვეტენ თუ აფუჭებენ?

ძია სტალინმა ტუილად კი არ თქვა, კადრები წყვეტენ ყველაფერსო.

ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კადრებია!

ყველა დონეზე პრობლემაა. იცით, რატომ? კოალიციაში შემავალ პარტიებს ხალხი იმის მიხედვით აჰყავდა, ვინ უფრო მეტად ვერ იტანდა სააკაშვილს. ეს კრიტერიუმი შეიძლება საკმარისია ოპოზიციაში ყოფნის დროს, მაგრამ აბსოლუტურად გამოუსადეგარია, როცა ხელისუფლებაში მოდიხარ. მერე ეს ხალხი დასასაქმებელი გყავს. შენთან ერთად იბრძოლეს, ქუჩაში ხომ არ დატოვებ? მაგრამ იციან საქმე, არიან პროფესიონალები, პატიოსნები? არადა, ყველა, ვინც სააკაშვილის დროს სამსახურიდან გააგდეს, უსამართლოდ დაჩაგრული კი არ იყო. აგერ,

მთელმა ქვეყანამ ნახა, როგორ იქცეოდა კახა კუკავას თანაპარტიელი, როდესაც მისი შვილი ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს სცემდა. პირდაპირ ვიტყვი - ამაზრზენად! თურმე შევარდნაძის დროინდელი პოლიციელი ყოფილა. ეტყობა, ისიც ფიქრობს, რომ "ნაციონალებმა" უსამართლოდ დაჩაგრეს. კიდევ კარგი, კუკავა ხელისუფლებაში არ არის, თორემ ხომ იჯდებოდა ახლა ეს კაცი  სადმე თანამდებობაზე და იქიდან დაგვმოძღვრავდა...

და ვინ იცის, ასეთი რამდენი მოხვდა კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებში?! დღე არ გავა, თბილისის მერიაში ან სადმე რეგიონში ქრთამის აღებისთვის ჩინოვნიკი არ დაიჭირონ. კარგი ის არის, რომ იჭერენ, ანუ კორუფციას ებრძვიან, რაც იმის გარანტიაა, რომ კორუფცია სისტემური არ გახდება, მაგრამ კიდევ რამდენის დაჭერა გახდება საჭირო, ვიდრე სახელმწიფო აპარატი ასეთი ხალხისგან გაიწმინდება?! ხომ შეიძლება, ვიდრე ოპოზიციაში ხარ, მანამდეც ცოტა პასუხისმგებლობა გამოიჩინო და პარტიაში ყველა ჯურის ნაძირალა არ შეყარო? ან ხელისუფლებაში რომ მოხვალ, დაიცვა კანონი და საჯარო სამსახურში ადამიანები არა ნათესაობის ან თანაპარტიელობის, არამედ ობიექტური კონკურსით აიყვანო?! მაგრამ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ კონკურსები ფორმალობად იქცა. აგერ, თბილისის მერიაში ვითომ ჩაატარეს კონკურსი და ზოგ თანამდებობაზე ისევ ის ხალხია, ვინც ბარიერი ვერ გადალახა. ჰოდა, ახლა არიან მოვალეობის შემსრულებლებად. იმიტომაც მისდით კარგად საქმე! ყველგან, სადაც შეიძლებოდა ფულის კეთება, კეთდება. ამას მე კი არ ვამბობ, ისევ ჯავახიშვილს ვციტირებ: საგზაო ტენდერებში ფული ტყდებაო, პირდაპირ თქვა. ერთი შეხედვით უცნაური სიტუაციაა: მინისტრის მოადგილე ისე ლაპარაკობს, როგორც ოპოზიციონერი, რეალურად კი რა ხდება: ივანიშვილმა რომ დაინახა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვერ იყო კარგად საქმე, თავისი კაცი ჩასვა ჯავახიშვილის სახით. სააკაშვილს იმას ვსაყვედურობდით, საშუალო და დაბალ რგოლებში კორუფცია კი დაამარცხე, მაგრამ ელიტური კორუფცია დარჩაო და დღეს რა ხდება: ამ ელიტური კორუფციის მოსპობის მაგივრად კორუფცია ბრუნდება საშუალო და დაბალ რგოლებშიც!

გემახსოვრებათ, ჟურნალისტებმა რა ამბავი ავტეხეთ ივანიშვილის განცხადებაზე, ნათესაობითა და მეგობრობით ხალხის დანიშვნა სულ იქნებაო, რომ თქვა. გაუკვირდა, რა ვთქვი არასწორიო. მაშინ ის პრემიერ-მინისტრი გახლდათ და ყველა მისი სიტყვა, ექსპერტის სიტყვისგან განსხვავებით, გზავნილი იყო და ყველა მას სწორედ როგორც გზავნილს, ისე იღებდა.  აი, მაშინ აუნთო სწორედ ბატონმა ბიძინამ მწვანე შუქი ნეპოტიზმს და ახლა შედეგს იმკის! შედეგი კი არის ის, რომ ხულოს გამგებლის მოადგილე თავის შვილზე, რომელიც რაიონის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილების უფროსია, ამბობს: ჩემი ოჯახის წევრი აღარ არის, გათხოვილია, სხვა ოჯახში ცხოვრობს და რა ნეპოტიზმში მადანაშაულებთო! რას ერჩით, რკინის ლოგიკაა!

"ოცნების" შემთხვევაში პირიქით ხომ არ გამოდის, კადრები კი არ წყვეტენ, იქნებ აფუჭებენ ყველაფერს!