გიგის მხარდასაჭერად (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
16-03-2015
გიგის მხარდასაჭერად (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
ჰა, ხომ არ გაგიკვირდათ? რა თქმა უნდა, სად მე და სად უგულავას მხარდაჭერა, მაგრამ "ოცნებამ" და მისმა პროკურატურამ აქამდეც მიმიყვანა. ამ შემთხვევაში, არა უგულავას, არამედ სიმართლეს მინდა გამოვექომაგო! სიმართლე კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ უგულავას მხარეს მგონია. არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, ფაქტებს მივყვეთ: ამ ჩვენს პროკურატურას 9 თვის განმავლობაში ვერ მოუხერხებია, რომ დაუმტკიცოს დანაშაული იმ კაცს, ვისზეც ყველა გაიძახის, დამნაშავეაო. ვერ ახერხებს საქმის ბოლომდე მიყვანას, არადა, სწორედ 9 თვეა გათვალისწინებული კონსტიტუციით
წინასწარი პატიმრობისთვის. ეს შეზღუდვა იმიტომ დააწესა კანონმდებელმა, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ვერ შეძლონ ბრალის დაუმტკიცებლად პირის ციხეში სამუდამოდ გამოკეტვა. თუ ამ ვადაში ბრალი ვერ დაუმტკიცე, უნდა გაათავისუფლო. საქმის განხილვა სასამართლოში, რა თქმა უნდა, შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ, ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, მანამდე ვეღარ დაიჭერ. ჩვენი პროკურატურა
კი რას აკეთებს?

რადგან უგულავას ბრალი 9 თვეში ვერ დაუმტკიცა, ხოლო გამოშვების თარიღი მოახლოვდა, ადგა და ბრალი დაუმძიმა, რომ ახლა სხვა საქმეზე მოითხოვოს წინასწარი პატიმრობა და თუ სასამართლომ დაუკმაყოფილა, ყოფილ მერს ბრალის დაუმტკიცებლად კიდევ ცხრა თვე დატოვებს ციხეში. ამას წინათ თავად უგულავამ თქვა და ვეთანხმები: ასე, პროკურატურას შეუძლია უდანაშაულო ადამიანიც კი მთელი ცხოვრება ციხეში ამყოფოს, ყოველ ცხრა თვეში რაღაც ახალი მუხლებით თუ წარუდგენს ბრალსო! 

არის თუ არა უგულავა უდანაშაულო?! პირადად მე დარწმუნებულიც კი ვარ, რომ დამნაშავეა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ვიდრე სასამართლო არ გადაწყვეტს! სასამართლოზე კი ეს პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს და თუ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებს, კეთილი ინებოს და გამოუშვას განხილვის დასრულებამდე! ეს იქნება სამართლიანი, მაგრამ იციან, ახლა რომ უგულავა გამოვიდეს, "ოცნებას" ამას მხარდამჭერები არ აპატიებენ, ამიტომ ურჩევნიათ, დაუსრულებლად გაწელონ დრო. ვინ ფიქრობს ჩვენს ქვეყანაში კანონზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე?! მთავარი პოლიტიკური ინტერესია!

"ნაციონალური"ოცნება

ამას წინათ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას გივი თარგამაძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიზანი მოქმედი მთავრობის გადადგომა და ახალი, ტექნიკური” კაბინეტის დანიშვნაა, რომელიც ანტიკრიზისულ ღონისძიებებს გაატარებს და მომავალი არჩევნებისთვის პირობებს მოამზადებსო. "21 მარტის აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაინახოს, რომ მისი ლიმიტი ამოწურულია... ჩვენ დავიწყებთ მთავრობის გადაყენებას და ამ მიზანს მივაღწევთ ყველა მეთოდით, მათ შორის _ მიტინგებით, საპარლამენტო ბრძოლით და ა. შ.", - ბრძანა თარგამაძემ. როგორც ამბობს, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. "საბოლოოდ, მომავალ არჩევნებზე ეს ძალა მიიღებს თავის განაჩენს და დამარცხდება", _ განაცხადა დეპუტატმა.
აი, როგორი ყოფილა "ნაციონალების" გეგმა. "ნაციონალებს" ვერ გაუგიათ, რომ სწორედ ისინი არიან "ოცნების" მთავარი ფარი: ვიდრე მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობაა", "ოცნებას" არაფერი ემუქრება. ხალხმა შეიძლება აკრიტიკოს "ოცნება", მაგრამ, როცა მათი ალტერნატივა ისევ "9 წლის" შემოქმედები არიან, გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე? ერთმა ჩემმა ნაცნობმა "ფეისბუკზე" დაწერა: "21-ში მივდივარ აქციაზე! არა იმიტომ, რომ "ნაციონალი" ვარ, არამედ იმიტომ, რომ გამოვხატო პროტესტი უნიჭობის, განუკითხაობის, უსახსრობის, უვიცობისა და უნიათობის მიმართ!!! გმადლობთ, რომ შვილებს აღარ გვიკლავენ ქუჩაში, მაგრამ ახლა შიმშილით კვდებიან!!! ამდენი გაუნათლებელი, უსაქმურები სად ეყარენით? მე მინდა, ჩემი ადგილი ვიპოვო ჩემს ქვეყანაში!!!"

დიახ, ასეთ მდგომარეობამდე მივიდა ეს ადამიანი იმიტომ, რომ სამსახური ვერ იშოვა. ან როგორ იშოვიდა, როცა მხოლოდ ნაცნობობით და პარტიული კუთვნილებით იღებენ ხალხს სამსახურში? სამაგიეროდ, თანამდებობა იშოვა დეპუტატ ანი მიროტაძის დამ, რომელსაც თურმე კარგი CV ჰქონია. სამსახური იშოვეს ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც კონკურსში ჩაიჭრნენ, მაგრამ "პატრონი" აღმოაჩნდათ, ან თავის დროზე შევიდნენ პარტიაში. დიახ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ჩემი ნაცნობის მსგავსად დაივიწყებენ 9 წელს და წავლენ აქციაზე. მათი რიცხვი დღეს შეიძლება დიდი არ იყოს, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება მომავალში? სადამდე გამოდგება "ნაციონალური მოძრაობა" საფრთხობელად? 

21 მარტს კი, ჩემი აზრით, იქნება იმდენივე ხალხი, რამდენიც "ნაციონალების" წინა აქციაზე ყოფილა. ვერც მთავრობის გადაყენების რეალურ შანსს ვხედავ, რადგან მართალია, პარლამენტში ამ საქმეს სულ 76 ხმა სჭირდება, მართალია, მაჟორიტარების ნდობა არ შეიძლება და როგორც "ნაციონალებიდან" გადახტნენ "ოცნებაში", შეიძლება კრიტიკულ მომენტში ისევე გადმოხტნენ უკან, მაგრამ "თავისუფალმა დემოკრატებმა" აჭარის უმაღლეს საბჭოშიც კი არ მოინდომეს "ნაციონალებთან" ერთად გადატრიალების მოწყობა. ამიტომ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური კეთროვანი იქნება, გივი თარგამაძის გეგმა ოცნებად დარჩება.

P.S. ისე, "ნაციონალები" რომ იმუქრებიან, მალე ხელისუფლებას შევცვლითო და, ხვალ მართლაც რომ შეცვალონ, სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვები უკრაინაში საქმეს შუა გზაზე მიატოვებენ? მერე უკრაინა?
kato
18 მარტი 2015 10:51
ფერნანდო, რა მნიშვნელოვანი შეკითხვა დასვი. მაგის გაფიქრებაც არ მინდა, რომ ასე შეიძლება იყოს. თუ კადრს მიღმა ესეთი რამეები იგეგმება...თავმომწონე ადამიანი ხარაკირს ჩაიტარებდა.
ფერნანდო
17 მარტი 2015 14:45
მერაბ, იმ ვარიანტს თუ უშვებ რომ არ ასამართლებენ სანამ უზენაესი სასამართლოს ახალი ხელმძღვანელი არ დაინიშნება?
grigori
17 მარტი 2015 14:16
ბატონო მერაბ! მეც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პარტიის წევრი ვარ, მაგრამ 2 ოქტომბრის შემდეგ გავხდი სრულიდ უცნობი მათთვის,თანამდებობაზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია! არჩევნების მეორე დღეს ოფისიც დახურეს და ვინმე პარტიული მაღალი ჩინის მქონის ნახვაც კი შეუძლებელი გახდა.რა თქმა უნდა ტელეფონები შეცვალეს. რაც შეეხება თანამდებობებს, მას მხოლოდ ნათესაობის და ახლობლობის ნიშნით არიგებენ.

რედაქტორის რჩევით