ბაბილონის გოდოლი - შინ და გარეთ - კვირის პალიტრა

ბაბილონის გოდოლი - შინ და გარეთ

ბოლო ხანს ევროპის ლიდერების განცხადებებმა იმდენი ზიანი მოუტანა საქართველოს პროდასავლური კურსის მოიმედე მოსახლეობას, რამდენიც ვერ შეძლო ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში სრულიად ლაგამმიშვებულმა რუსულმა პროპაგანდამ. უფრო მეტიც, შედეგის მიხედვით ისე ჩანს, რომ რუსულ საქმეს რუსებზე მეტად ევროპელი ლიდერები აკეთებენ: ევროპიდან ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ნატო“ აღარ უნდა გაფართოვდეს; რომ ახლო მომავალში, ანუ რიგის სამიტზე, საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებს; ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე უარის თქმა - ყველაფერი ეს ერთად აღებული საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმს დღითი დღე ამძაფრებს და დასავლეთი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი, ბურუსით იფარება. ევროპელი ლიდერების ასეთი განცხადებები დასავლური კურსის მოწინააღმდეგე ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს და შესაბამისად, მათი ამომრჩევლების რაოდენობაც იმატებს, დრო მათზე მუშაობს. სიტუაციის ამგვარად გაგრძელების შემთხვევაში შემდეგ არჩევნებზე იმედგაცრუებული პროდასავლელი ამომრჩეველი ორ ნაწილად გაიყოფა: ნაწილი ანტიდასავლური ძალებისკენ გადაინაცვლებს, მეორე ნაწილს ნიჰილიზმი დაეუფლება და სახლში დარჩება. ორივე ერთად კი სწორედ დასავლური კურსის მოწინააღმდეგე ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს. ამ ფონზე რაღა გასაკვირია, რომ მმართველი კოალიცია თავს უფლებას აძლევს, ფრთა შეასხას ოცნებას და გოგი თოფაძის პირით საჯაროდ განაცხადოს, რომნატო“ არ არის "ქართული ოცნების" პრიორიტეტი და არც ლაიტმოტივი.

ბრძოლა ევროპისთვის და ამერიკის თავს წამომჯდარი ირანი

თანამედროვე დასავლეთი ისე ჩანს, რომ იმაზე არანაკლებ განიცდის ინტელექტუალურ კრიზისს, ვიდრე დღევანდელი საქართველო. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ადამიანური რესურსების ასეთი ნაკლებობა ევროპას ბოლო 25 წელია არ ჰქონია. ევროპული პოლიტიკური გონი დღეს არა მხოლოდ ისვენებს, არამედ დეგრადაციას განიცდის: სწორედ თანამედროვე ევროპის ლიდერების უხერხემლობა და საკუთარი კომფორტით ტკბობა აღმოჩნდა ის ნოყიერი ნიადაგი, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, ევროპა გაეხლიჩა, ხოლო ამერიკა იძულებული გახადა, ევროპის გაერთიანებისთვის ბრძოლა უკრაინაში ეწარმოებინა. ფაქტობრივად, ის, რაც უკრაინაში ხდება, სწორედ რუსეთსა და ამერიკას შორის ევროპისთვის ბრძოლაა. თუ ამერიკამ შეძლო და ევროპელებს დაანახა, რომ რუსეთი სერიოზული საფრთხეა კომფორტში ჩაძირული და გონებადაბინდული ევროპისთვის, მაშინ ის გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, თუ არადა, გამარჯვების სასწორი რუსეთს დარჩება, დროებით მაინც. თუმცა, სანამ ამერიკას დღევანდელზე გაცილებით ძლიერი ლიდერი არ ეყოლება, ამ კონფლიქტს ბოლო არ ექნება, რადგან დღევანდელი, პრობლემებში ჩაძირული  ამერიკა, არცთუ ისე საშიში მეტოქეა რუსეთისთვის.

მით უფრო მაშინ, როცა ამერიკა თმობს პოზიციებს კიდევ ერთ რეგიონში: ბოლო ინფორმაციით, ირანის არმია შევიდა ბოლო დროის ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციის „"ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაპყრობილ, ერაყის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ თიქრითში. დაინტერესებული მკითხველისთვის ცნობილია, რომ ბოლო თვეებში აშშ-მა, ფაქტობრივად, დაკარგა კონტროლი ერაყზე, მას შემდეგ, რაც ამერიკელების გაწვრთნილმა ერაყის არმიამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს, რომლებიც ერაყის ქალაქებს ერთმანეთზე მიყოლებით იპყრობდნენ. აშშ იძულებული გახდა, ირანი გაეხადა პარტნიორად "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში და ერაყის გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაციების სიმძიმე ირანმა აიღო თავის თავზე. შედეგიც სახეზეა. თუმცა, ამერიკისთვის ირანის მიერ კონტროლირებადი ერაყი არანაკლები ტრაგედიაა, ვიდრე „ისლამური ტერორიზმის“ გავლენის გაფართოება. ამერიკის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის შემყურე, აშშ-ის ყოფილი ძლევამოსილი პრეზიდენტები სიმწრისგან, ალბათ, საფლავში გორავენ და ცოცხალიც და გარდაცვლილიც, ყველანი ერთად ელოდებიან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელმაც იქნებ მორიგი რეიგანი მოიყვანოს აშშ-ის სათავეში. ერთი, რითიც ამერიკის დღევანდელმა მმართველმა ელიტამ ნამდვილად შეიძლება იამაყოს, ეს მათი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობაა: გარე სამყაროში მიმდინარე პროცესებიც დოლარის გამყარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის ძალზე ნოყიერ ნიადაგს ქმნის. იქნებ ეს გახდეს საფუძველი და სტიმული ამერიკის გავლენის აღმავლობისა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე.

ხოლო ევროპიდან ერთადერთი დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც ბოლო დროს მოვისმინეთ, ევროპული კომისიის ხელმძღვანელის, ჟან-კლოდ იუნკერის ინიციატივაა ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნის შესახებ. ეს იდეა, რომელიც წინა წლებში რამდენჯერმე უარყო ევროკავშირმა, ახლა ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს: ევროპის ერთიანი არმიის შექმნა წერტილს დაუსვამს ევროპის გახლეჩისა და მასზე სულ უფრო მზარდი გავლენის მოპოვების მოსურნე რუსეთის ამბიციებს. თუმცა, ჯერჯერობით, არავინ იცის, ამჯერად მაინც თუ აღმოჩნდება სიცოცხლისუნარიანი იუნკერის ეს ინიციატივა.

ჰოდა, დასასრულ, "ისევ ჩვენს ბატებს რომ მოვუბრუნდეთ", ამ ყველაფრიდან, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოგებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაცაა: საზოგადოება იმედგაცრუებულია და აბსოლუტურ ნიჰილიზმში ჩაძირული, რადგან პატრონი არც შინ ეგულება და აღარც - გარეთ; ოპოზიცია - გამარგინალებული; დასავლეთი - მორყეული და დისტანცირებულია. ჰოდა, ბურთიც მისია და მოედანიც. ასე რომ, სულ ტყუილია ის ალიაქოთი და ბაქიბუქი, რაც როგორც "ოცნების", ასევე "ნაციონალების" მხრიდან ახლავს 21 მარტის დაანონსებულ აქციას: როგორი ქაოსურიც უნდა იყოს შიგნით "ოცნება", ამდენი სუსტი ოპონენტის ფონზე, დღეს ის მაინც ყველაზე ძლიერია და ასე იქნება კარგა ხანს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დავდგეთ და ვიქექოთ "ბაზალეთის ტბის" სანახებში, მორიგი "მზეჭაბუკის" გამოჩეკის იმედად.