სააკაშვილი 21 მარტს საქართველოში დაბრუნდება?! - კვირის პალიტრა

სააკაშვილი 21 მარტს საქართველოში დაბრუნდება?!

"ჩამოვიდეს, თუ ვაჟკაცია"

21 მარტს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას "გაბრაზებულ ხალხს”და პოლიტიკური რეალობის შეცვლას" ჰპირდება. მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იქნება. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ 21 მარტს "ნაციონალებმა" ბევრი ხალხი შეკრიბეს, შესაძლოა, სააკაშვილი სარფის საბაჟოს მოადგეს და რევოლუციური პროცესების დაწყება აჭარიდან სცადოს.

შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი: "დარწმუნებული ვარ, 21 მარტს "ნაციონალებს" არანაირი პროვოკაცია არ გამოუვათ, თუმცა, იქნება ამის მცდელობა. თითიც რომ არ გაანძრიონ, მათ პროვოცირებულ არეულობას ხალხი არ დაუშვებს... მათ ჰყავთ "ზონდერები", აქვთ ტელევიზია, ფული და ჰგონიათ, ამით გააკეთებენ იმას, რაც 2003 წელს შეძლეს. მაშინ ხალხი ოცნებობდა შევარდნაძის რეჟიმის მოშორებაზე და ფიქრობდა, რომ "ნაციონალები" ქვეყანას გადაარჩენდნენ. ამ ძალას მაქსიმუმ 6 თვე დასჭირდება იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დაისამაროს თავი და ნიღაბი ჩამოიხსნას უკრაინაშიც. 21 მარტი არის "ნაციონალების"“ინვენტარიზაციის დღე, მაქსიმუმ, 10-15 ათას კაცამდე მივიდეს დაანონსებულ აქციაზე, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ხალხს ფულს ჩამოურიგებენ.

წესრიგს თუ დაარღვევენ და ამაზე სამართალდამცველი ორგანოები რეაქციას არ მოახდენენ, "ნაციონალები" ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან.

რაც შეეხება იმას, თითქოს სააკაშვილი 21 მარტს დაბრუნდება, მას საქართველოს წონა ოქრო რომ დაუდო წინ, აქ ცხვირის შემომყოფი არაა. ვპირდები სააკაშვილს, ჩამოვიდეს დაკითხვაზე და მე გავხდები გარანტორი, მას არავინ დააკავებს. კი ბატონო, ჩამოვიდეს 21 მარტს, თუ ვაჟკაცია".

ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერი: - "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს ხალხის შესაკრებად ხარჯავს ნაქურდალ, მათ მიერ გაძარცული სახელმწიფოსა და მოქალაქეების ფულს. ამ ორი წლის განმავლობაში "ქართულ ოცნებას" ნაცვლად იმისა, მოეხდინა ამ ქონების კონფისკაცია და ნაძარცვი და ნაბანდიტარი ფული კანონიერი მფლობელებისთვის დაებრუნებინა, წილში ჩაუჯდა "ნაციონალებს". ხელი ხელს ბანსო, ასეა მათი საქმე. ერთი მხრივ, ხელისუფლებას აწყობს დაპირებების შეუსრულებლობისა და სოციალური კატასტროფიდან ყურადღება დესტაბილიზაციაზე გადაიტანოს და მიიღოს მართვადი ქაოსი, "ნაცმოძრაობას" კი ხელს აძლევს, მოირგოს ძლიერი ოპოზიციონერის მანტია. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შეთანხმებულებიც იყვნენ. "ნაცმოძრაობა" ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში. მათ მაიდნის და სახელმწიფო გადატრიალების მატერიალური რესურსი აქვს, მაგრამ ხალხის რესურსი - არა.

გიორგი მაღლაკელიძე, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი: - "ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების გონიერებაზეა დამოკიდებული, განვითარდება თუ არა ქვეყანაში უმართავი პროცესები. ის ხალხი კი, ვინც რაიმე საპირისპირო აქციით აპირებს, უპასუხოს "ნაციონალების" აქციას, უნდა ეცადოს, პროვოკაციის საშუალება არ მისცეს ამ ვერაგ ორგანიზაციას. რომ იცოდეთ, "ნაცმოძრაობის" რიგებს ბევრი ადამიანი ტოვებს, რიგითი წევრები ხვდებიან, რომ "ნაციონალებს" ისინი თავისი მზაკვრული მიზნებისთვის გამოსაყენებლად უნდათ. ბევრი უარს ამბობს რაიონებიდან ჩამოსვლაზე. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი 21 მარტს ჩამოსვლას გადაწყვეტს - სასამართლოს მისი დაკავების განაჩენი აქვს გამოტანილი. თუმცა, არა მგონია, ეს გააკეთოს".

გიორგი ვაშაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი: - ჩვენი მთავარი მიზანი და მოთხოვნა იქნება უუნარობიდან მავნებლობაში გადასული ხელისუფლების გადადგომა. მათი განცხადებები, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის, კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ისინი არაადეკვატურად პასუხობენ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ქვეყანა დგას. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს თუ არა საპროტესტო აქცია, ამას 21-ში ვნახავთ.

ჩვენი მიზანი მიღწევადია, ვინაიდან ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება მორყეულია, ღარიბაშვილს ჩამორთმეული აქვს ფუნქციები და რეალურად, ივანიშვილი მართავს პროცესებს. ყველაზე სამწუხარო ის არის, ხალხს არა აქვს იმის იმედი, რომ "ქართული ოცნება" შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას.

მთავრობის გადადგომას ერთი განცხადების დაწერა უნდა და მეტი არაფერი. ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს 21-შივე მოხდება, ყველაფერი ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ყველამ კარგად იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ის ძალა, რომელმაც შეძლო ქვეყნის მშენებლობაში დიდი წვლილის შეტანა და, შესაბამისად, ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი გათვლილია იმისკენ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი მოქცეული იყოს კანონის ჩარჩოებში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების დაფინანსებულ რადიკალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ, ნორმალური პოლიტიკური პროცესები დაპირისპირებაში გადაზარდონ. გვაქვს გეგმა, თუ როგორ ვუშველოთ კრიზისში მყოფ ქვეყანას".

ნანა ფიცხელაური