ვის გაჭრის "კაროლი" ანუ ვინ ითამაშებს პარტიას ბოლომდე - კვირის პალიტრა

ვის გაჭრის "კაროლი" ანუ ვინ ითამაშებს პარტიას ბოლომდე

"ბევრზე, ვინც დღეს პარლამენტშია, მომავალი არჩევნებისთვის ფსონის დადებას აღარ აპირებენ..."

ხალი საარჩევნო ციკლის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესებიც წინასაარჩევნო მზადების რეჟიმში ნელ-ნელა გადავა. ასეა თუ ისე, წარმატების მისაღწევად როგორც სახელისუფლებო ძალას, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, მოუწევთ მნიშვნელოვანი გადახალისება და გადაჯგუფება. იწყება პოლიტიკური ბანქოს ახალი პარტია.

კულუარულად უკვე არაერთი სავარაუდო ალიანსი განიხილება.

ვარაუდობენ, რომ ეს ჯგუფი პოლიტიკური ალიანსის შექმნას შეეცდება ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებთან", რომლებიც შესაძლოა პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო გაერთიანდნენ. გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობა" შექმნის ალიანსს ისეთ ფიგურებსა და ძალებთან, როგორიც არიან გია თორთლაძე, პაატა დავითაია, ედპ და "ახალი მემარჯვენეები". ეს სჭირდება იმისთვის, დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ მას მხარს უჭერს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, თუმცა, კარგად ვიცით, რომ ისინი ძალიან მცირერიცხოვანი არიან და არანაირი გავლენა არა აქვთ. სამწუხაროა, რომ "ახალი მემარჯვენეები", რომელიც თავის დროზე კარგი სასტარტო მდგომარეობის პარტია იყო, დღეს ასეთ მდგომარეობაშია. ბოლო ხანს ხშირად ისმის კითხვა: რას იზამენ "თავისუფალი დემოკრატები", შევლენ თუ –არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში? ჩემი აზრით, "თავისუფალი დემოკრატები" შეიძლება მარგველაშვილის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ. "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობით ისინი ბევრ მხარდამჭერს დაკარგავენ, მათ შორის - რეგიონებში. ეს კარგად იციან პარტიაში, თანაც პარტიის მთავარ კომიტეტში არის რამდენიმე ფიგურა, რომლებიც "ნაცმოძრაობასთან" აბსოლუტურად შეურიგებელნი არიან.

არ გამოვრიცხავ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" ითანამშრომლონ იმ ჯგუფთან, რომელიც ჯერ არ გააქტიურებულა, თუმცა, როგორც ვიცი, აპირებს. ვგულისხმობ ნიკა რურუასა და მათ, ვინც წინა ხელისუფლების წევრები კი იყვნენ, მაგრამ საზოგადოება მათ ნაკლებად უკავშირებს "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებს.

ერთადერთი, რურუას ხშირად უკიჟინებენ "მხედრიონულ" წარსულს. ასეთ კონფიგურაციას არ გამოვრიცხავ.

შესაძლოა, ამგვარი ალიანსი პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო ჩამოყალიბდეს.

რამდენად ეფექტიანი იქნება ასეთი გაერთიანება, ვერ გეტყვით, ვფიქრობ, ის უპირველესად "ნაცმოძრაობას" გაუყოფს ხმებს...

- მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე რა კონფიგურაციით წავა მმართველი კოალიცია?

- დღევანდელ "ქართული ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციაში მუშაობს 20-25 კაცი, დანარჩენები კი საკუთარი კეთილდღეობის მოწყობით არიან დაკავებული. 2012 წლის არჩევნებისთვის სიებს ადგენდნენ ნაუცბადევად, ფორსმაჟორულ ვითარებაში, ხშირად ტერორის თანხლებით. შედეგად, ბევრი ღირსეული მოქალაქე მოხვდა პარლამენტში, მაგრამ ბევრი ისეთიც გაძვრა, რომელთა ადგილი იქ ნამდვილად არ არის. ვიცი, რომ პარტია "ქართული ოცნების"”ხელმძღვანელობა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი მიიზიდოს, ბევრზე, ვინც დღეს პარლამენტშია, მომავალი არჩევნებისთვის ფსონის დადებას აღარ აპირებენ...

- კოალიცია ერთიანობას შეინარჩუნებს?

- დღეს აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელები ემზადებიან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მარტო წავიდნენ, თუმცა, არჩევნების მოახლოების ჟამს ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს. გასათვალისწინებელია, არჩევნებამდე ეს პარტია როგორ მოახერხებს პარტიული სტრუქტურის დალაგებას... კოალიციის დანარჩენ პარტიებს, მაგალითად, "ეროვნულ ფორუმს", "მრეწველებს", კონსერვატორებს, კოალიციაში ყოფნის გარდა, სხვა შანსი არა აქვთ. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, შეეცდება ბოლო მომენტამდე კოალიციაში დარჩეს. თუ გავა, დაკარგავს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, რაც ნამდვილად არ უნდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში რესპუბლიკელების გავლენა 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდისგან განსხვავებით გაიზარდა, ეს მაინც არ არის ის პარტია, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მიაღწიოს შედეგს. ისინი ტრადიციულად, ვიღაცასთან არიან ალიანსში. ჯერ ვერ ვხედავ წინა პირობას, რომ რესპუბლიკელები გაემიჯნონ კოალიციას და შევიდნენ ალიანსში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან "თავისუფალ დემოკრატებთან".”აქ გასათვალისწინებელია უსუფაშვილის ფაქტორი, არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ როგორც გონებაგახსნილი პოლიტიკოსისა... თუ უსუფაშვილი არ იქნება რესპუბლიკურ პარტიაში, მაშინ შეიძლება პარტია ნებისმიერი მიმართულებით წავიდეს...

- "რესპუბლიკელებს მიგვითითეს კიდეც, იქნებ კოალიციიდან წახვიდეთო, მაგრამ კოალიციის დასატოვებლად სხვისი მითითება არ გვჭირდება. ჩვენი პასუხია - თვითონ წავიდნენ! - ეს სიტყვები რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის, რომელმაც კულუარულად გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ქართული ოცნების" გასაძლიერებლად ივანიშვილი უსუფაშვილს "რესპუბლიკური პარტიის" დატოვებას სთხოვდა, განაცხადა: "წარმოგიდგენიათ, უსუფაშვილი "რეალიდან" ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდეს. რომელიმე ევროპული პარტია მაინც ეთქვათ?"

- როგორც ვიცი, უსუფაშვილს პარტია "ქართულ ოცნებაში" გადასვლა ნამდვილად შესთავაზეს... რესპუბლიკურ პარტიაშიც არის შიდა წინააღმდეგობები, მაგრამ ეს თვალსაჩინო ნაკლებად არის, თუნდაც იმიტომ, რომ პარტიას დიდი გამოცდილება აქვს, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომლის შიგნით მცირე დაპირისპირებაც კი საჯარო განხილვის თემად იქცევა ხოლმე.

კიდევ ერთ სავარაუდო ალიანსზეა ლაპარაკი. ეს არის ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი". ამ უკანასკნელმა საკმაოდ მყარი ელექტორატი შეიძინა ტრადიციული ფასეულობების დამცველის პოზიციის წყალობით. რატომღაც მისი ბურჯანაძის პარტიასთან თანამშრომლობა ძნელად წარმომიდგენია.

- ეს ძალები პრორუსულ ძალებად განიხილება. ვარაუდი, რომ ისინი ალიანსს შექმნიან, ამას ემყარება...

- ბურჯანაძეზე დაბეჯითებით ვერ ვიტყოდი, რომ პრორუსული განწყობის პოლიტიკოსია.

ის კარგად იყენებს შექმნილ სიტუაციას და თავს წარმოაჩენს მრავალვექტორიანი პოლიტიკის მომხრედ, მათ შორის - რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრედაც, რითაც მან თავისი ნიშა იპოვა. ბურჯანაძესთან, სავარაუდოდ, ალიანსის შექმნას კახა კუკავა და მისი პარტია შეეცდებიან... თუმცა, ეს ვარაუდებია. ფაქტი ერთია, გაერთიანების გარეშე ბევრ პოლიტიკურ ძალას არჩევნებში წარმატების შანსი არა აქვს.ისიც ფაქტია, რომ ამ პოლიტიკურ ბანქოში გადამწყვეტი როლი ბიძინა ი\ვანიშვილს ეკუთვნის და სწორედ მასზეა დამოკიდებული, ვინ ითამაშებს პარტიას ბოლომდე.

ნათია დოლიძე