"მთავრობა - მუდმივი თავის მართლების რეჟიმი" - კვირის პალიტრა

"მთავრობა - მუდმივი თავის მართლების რეჟიმი"

ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწიათ განმარტების გაკეთებამ იმ თემაზე, თუ რა მიზნით შეიძინეს მთავრობის კანცელარიისთვის რბილი ავეჯი. განმარტება კი  "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებების საპასუხოდ გაკეთდა, რომელთაც მთავრობა პირადი კომფორტის მოწყობისთვის დიდი ოდენობით თანხების ხარჯვაში დაადანაშაულეს ("ნაციონალებმა" განსაკუთრებული ყურადღება პრემიერისთვის შეძენილ ზამბარებიან საწოლზე გაამახვილეს). პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თამარ კიკნაძის აზრით, ის, რომ ხელისუფლება "ქამრების შემოჭერაზე" საუბრობს და პარალელურად, მორიგი “ავეჯის სკანდალი" ტყდება, მეტყველებს - მთავრობას საინფორმაციო ომის მოგებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

- დღევანდელი საინფორმაციო ომის პირობებში პიარი დიდ როლს თამაშობს. ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც მოწინავე სოციალური სახელმწიფოები არიან, ამისთვის დიდ თანხებს ხარჯავენ. ამ მხრივ ჩვენი წინა ხელისუფლება გამოირჩეოდა - პიარი ისე ძლიერად მოქმედებდა, რომ მოსახლეობა კარგა ხანს ინფორმაციის საშუალებებით შექმნილ ილუზორულ საქართველოში ცხოვრობდა. ნაწილს ისიც კი სჯეროდა, რომ წაგებული ომი მოვიგეთ, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო ბიზნესგარემო, მოკლედ, ჩვენი ქვეყანა კამპანელას "მზის ქალაქი" იყო. ხშირად გამიგონია: სააკაშვილმა საქართველო მსოფლიოს გააცნო და სი-ენ-ენის საინფორმაციო გამოშვებები საქართველოზე რეპორტაჟებით იწყებოდაო. იმას კი აღარავინ ამბობს, რომ ამ პოპულარობის საფუძველი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო, რომელსაც ჩვენი ბიჭების სიცოცხლე და ტერიტორიები შეეწირა.

დღევანდელი ხელისუფლება მეორე უკიდურესობაშია გადავარდნილი. გატარებული ღონისძიებების შესახებ მოქალაქეები შემთხვევით იგებენ. მთავრობა მუდმივი თავის მართლების რეჟიმშია და მისი არგუმენტებიც ხანდახან უსუსურია. მუშაობისთვის რომ ნორმალური პირობებია საჭირო, არავინ დაობს, მაგრამ დახარჯული თანხები რომ ადეკვატური არ არის ისეთი ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის მიღმაა, ფაქტია.

- განა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ოპოზიცია ამ ფაქტებს მშვენივრად გამოიყენებს?

- რასაკვირველია, საზოგადოებას აღიზიანებს, ერთი მხრივ, განცხადებები აკეთო "ქამრების შემოჭერის" აუცილებლობაზე, მეორე მხრივ კი, თავს ფუფუნების უფლება მისცე.  შესაძლოა, საქმე გვაქვს შიდაშეუთანხმებლობასთან, თავმოუბმელობასთან, სრულ ქაოსთან სახელმწიფო უწყებებში, რასაც ემატება უუნარობა, არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა.

თუმცა, ვფიქრობ, ყველაფრის თავიდათავი ხელისუფლების მეტისმეტი თავდაჯერებულობაა... ჩვენი მთავრობა დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვეღარასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამიტომ მოდუნებულია. არადა, "ნაცმოძრაობა" მუხლჩაუხრელად მუშაობს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ისეთ ფაქტებს აწვდის, რომ გაუარესებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ცალსახად ხელისუფლების უუნარობას მიაწერს.

ხელისუფლებაში მყოფი პირები უნდა აცნობიერებდნენ იმ რთულ მდგომარეობას, რომელშიც მოსახლეობაა და ხალხისადმი მეტი თანაზიარობა უნდა გამოიჩინონ...

და კიდევ, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმ სისტემის დასანგრევად, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა. არ შეიძლება ნახევრად გატარებული ზომებით მიზნის მიღწევა. ბევრ დაწესებულებაში მნიშვნელოვან პოსტებზე ისევ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები რჩებიან, არ გამოცვლილა დიპლომატიური კორპუსი, ასევე, სამართალდამცავების დიდი სპექტრი...

საჭიროა აქტიური ქმედებები, რადგან სულ უფრო იმატებს ხელისუფლების ინერტული პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეთა რიცხვი და მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ეს შეიძლება სარისკო იყოს.