ქართულ-იტალიური ვიპკომფორტი ძველი და ახალი ხელისუფლებისთვის - კვირის პალიტრა

ქართულ-იტალიური ვიპკომფორტი ძველი და ახალი ხელისუფლებისთვის

გასულ კვირას "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პირადი კომფორტის მოწყობაში. შესაძლოა, კრიტიკა საფუძვლიანია, თუმცა, ფაქტია, რომ თავად "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნისას გაცილებით მეტ თანხას ხარჯავდა ქვეყნის პირველი პირის კომფორტისთვის. "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა სააკაშვილის რამდენიმე რეზიდენციის მოსაწყობად დახარჯული თანხების ხარჯთაღრიცხვა.

სანამ ამ ციფრებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ "ნაცმოძრაობის" ოფისში გაკეთებულ განცხადებას პრემიერ-მინისტრისთვის შეძენილი ავეჯის შესახებ. ოპოზიციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ორ იტალიურ კომპანიას LIFE STYLE-სა და ITAL DESIGN-ს რბილი ავეჯი შეუკვეთა, მათ შორის 24.132 ლარის ღირებულების საწოლი ბატუტით და 1.980 ლარად ღირებული ორთოპედიული ზამბარიანი მატრასი. "საერთო ჯამში, ეს ავეჯი საქართველოს მოსახლეობას, ბატუტზე მხტუნავი პრემიერ-მინისტრისა და მცურავი ლარის კურსის პირობებში, 181.401 ლარი დაუჯდა. ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, რომ რბილი ავეჯის არშეძენის ხარჯზე შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის მოგვარება, მაგრამ მთავრობას არ სურს თუნდაც ელემენტარულ ფუფუნებაზე უარი თქვას", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, - ავეჯი მთავრობის კანცელარიამ არა პრემიერ-მინისტრისთვის, არამედ მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად შეიძინაო. რაც შეეხება საწოლს, ცქიტიშვილის თქმით, ის ნამდვილად მთავრობის ხელმძღვანელისთვის შეიძინეს. თუმცა, დასძინა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოებას არასწორი ციფრები მიაწოდა.

"ვიყიდეთ საწოლი, რომელიც ღირდა 950 ევრო, ანუ 2.200 ლარი და გათვალისწინებულია პირველი პირისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში დილის ოთხ საათამდე მუშაობა უწევს", - ამბობს ცქიტიშვილი.

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ღარიბაშვილის მსგავსად სააკაშვილიც, ძირითადად, იტალიურ ავეჯს ამჯობინებდა, თუმცა, გაცილებით ძვირად ღირებულს. მაგალითად, ავლაბრის რეზიდენციისთვის შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფამ" რამდენიმე საძინებლის, მისაღები ოთახის, სამზარეულოსა და სხვა სივრცეებისთვის დიდი ოდენობით ავეჯი შეიძინა.

ავლაბრის რეზიდენციაში სააკაშვილს 8.600-ლარიან საწოლში ეძინა, პრეზიდენტის კამოდი 2.508 ლარი დაჯდა, ტუმბო - 967 ლარი, 2 ცალი სავარძელი - 9.172 ლარი, ჟურნალების მაგიდა - 1.815, კარადა კი 12.793 ლარი. საძინებელ ოთახს ახლავს აივანიც, სადაც განთავსებული გახლდათ 5.682 ლარად ღირებული 3 სავარძელი და 3.105-ლარიანი მაგიდა. ავლაბრის რეზიდენციის ეზოში 5 ცალი ქოლგა 2.687 ლარი დაჯდა, ერთი საქანელა კი - 3.702 ლარი.

შთამბეჭდავია პრეზიდენტის ლიკანის რეზიდენციაც, რომლის რბილი ავეჯით გაწყობის მიზნით "სახელმწიფო უზრუნველყოფამ" ხელშეკრულება შპს "იტალდიზაინთან" გააფორმა. ლიკანის რეზიდენციაში სააკაშვილის საწოლის ფასი - 4.742 ლარია, მატრასი - 1.916 ლარი, 2 ცალი ტუმბო - 4.215 ლარი, კარადა - 8.382 ლარი, სეკრეტერი - 6.466 ლარი, 2 ცალი სავარძელი - 4.790 ლარი, კამოდი - 4.550 ლარი,  სარკე - 694 ლარი. ამავე რეზიდენციის სამზარეულოს მოსაწყობად ნაყიდია 25.866 ლარის ღირებულების სკამი, საბილიარდოსთვის რბილი ავეჯი კი 13.172 ლარი დაჯდა.

სააკაშვილის წეროვნის რეზიდენციის რბილი ავეჯით მომარაგება საერთო ჯამში ბიუჯეტს 350 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. მხოლოდ საბავშვო ოთახისთვის DEDALO-ს კომპლექტი 14.585 ლარი დაჯდა.

"სახელმწიფო უზრუნველყოფამ" პრეზიდენტისთვის ასევე შეიძინა VITRA-ს ფირმის 35 საოფისე სკამი, რაც ბიუჯეტს 110.506 ლარი დაუჯდა. 19.477 ლარია გადახდილი ტრენაჟორში, ჰიდრომასაჟორებში კი –22.803 ლარი. პრეზიდენტისთვის PIAZZA DI SPAGNA-ს საწოლის შესაძენად ბიუჯეტმა 5.501 ლარი გაიღო, უნიტაზი კი გადასახადის გადამხდელებს 4.442 ლარი დაუჯდათ. "სახელმწიფო უზრუნველყოფამ" გერმანულ საათში 45.586 ლარი გადაიხადა, შვეიცარიული წარმოების ეზოში გასაშლელი 3 ქოლგა კი 16.716 ლარი დაჯდა. რეზიდენციისთვის ასევე შეძენილია 24 ცალი ხალათი, საერთო ღირებულებით 13.751 ლარი.

ეს არის არასრული ხარჯი იმ ძვირად ღირებული ავეჯისა, რომელიც პრეზიდენტის სხვადასხვა რეზიდენციისთვის ბიუჯეტის თანხებით შეიძინეს. ამ ფონზე, ღარიბაშვილის ზამბარებიანი საწოლი შეიძლება არცთუ დიდ ფუფუნებად მოგეჩვენოთ, თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ხელისუფლებას ამ საქმეში წინამორბედთან შეჯიბრებას არ ურჩევს და სავალუტო კრიზისის ფონზე დაპირებულ "ქამრების შემოჭერას" შეახსენებს.

ვახო ბერიძე