აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში
23-03-2015
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში
საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევრით ან შეიძლება სულაც ნახევარი წლით ადრე უპრიანია, თვალი გადავავლოთ წამყვანი პოლიტიკური ძალების სასტარტო პოზიციებს. მით უფრო, რომ განვლილმა კვირამ გვაჩვენა, რომ მიმდინარეობს ახალი პოლიტიკური კონფიგურაციების თუ ახალი სახეების გაჩენის პროცესი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

ბიძინა ივანიშვილი და აქედან გამომდინარე, მმართველი პარტია სუსტი ოპოზიციური სპექტრის ფონზე ისევ უკონკურენტოა. მაშინ როცა პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტი საერთო ენას ვერ ნახულობენ, გასაკვირი არ არის, რომ მიდის ამ სამივე შტოს მარგინალიზაცია. განსაკუთრებით
საგრძნობია ეს პრეზიდენტის შემთხვევაში: როცა დეპუტატები საჯაროდ უცხადებენ ბოიკოტს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საგანგებო სხდომებს, თვეების მანძილზე ვერა და ვერ ხერხდება მისი გამოსვლა პარლამენტში, ეს პირდაპირ გვაჩვენებს იმას, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის მარგინალიზაციასა და მის "ნაციონალურ მოძრაობასთან"„მიწებებას ცდილობს. ასეთ პირობებში პრეზიდენტს საზოგადოება უნდა გაეხადა პარტნიორად: მას,
როგორც საყოველთაო კენჭისყრით არჩეულ ერთადერთ ფიგურას, სახელისუფლებო ვერტიკალში ნამდვილად შეეძლო ქცეულიყო ჯანსაღი საზოგადოებრივი ძალების და იდეების შემკრებ ღერძად, მაგრამ მისი აქტიურობა ამ მიმართულებით დღემდე არ ჩანს და, სავარაუდოდ, ალბათ, არც მომავალში გამოჩნდება.

ახალგაზრდა პრემიერის გარემოცვის ყველა სახელმწიფო სტრუქტურიდან დათხოვის ფონზე, ასევე დაიწყო მისი გავლენის მკვეთრი შემცირება მთავრობაში, რასაც თან სდევს მისი მარგინალიზაციის პროცესიც, ხოლო პარლამენტში ინტენსიურად მიდის პარლამენტის თავმჯდომარის პარალელურად სხვა პოლიტიკური ლიდერების წახალისებაც.
ამ ფონზე სრულიად ბუნებრივია, რომ ივანიშვილს ვერავინ შეეცილება მთავარი საერო ლიდერის როლს. გარდა ამისა, მმართველი პოლიტიკური ძალის წისქვილზე პროდასავლურ თუ ანტიდასავლურ ფლანგებზე რადიკალური ძალების არსებობაც ასხამს წყალს.

"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის რადიკალურ და რევანშისტულ ძალად აღიქმება, რაც მიუღებელია იმ ელექტორატისთვის, ვინც 2012 წლის არჩევნებზე სწორედ იმიტომ მივიდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებიდან გაესტუმრებინა. ამომრჩევლის ამ ნაწილის თვალში ივანიშვილი ამ ეტაპზე ერთადერთი ძალაა, ვისაც "ნაციონალების" რევანშის აღკვეთა შეუძლია. რაც შეეხება ანტიდასავლურ ფლანგს, ისიც რადიკალიზმით გამოირჩევა და მიუღებელი და უფრო მეტიც, საშიშია პროდასავლელი ელექტორატისთვის. რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობას რადიკალიზმი აშინებს, მათი სოლიდური ნაწილი ხმას "ოცნებას" მხოლოდ იმიტომ მისცემს, რომ ის რადიკალური და ექსტრემისტული მოწოდებებით არ გამოირჩევა.

რაც შეეხება ფლანგებზე არსებულ ვითარებას: არა "ნაციონალი", მაგრამ პროდასავლელი ელექტორატის ერთადერთი იმედი იყო ირაკლი ალასანია, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე საჭირო აქტივობით და გნებავთ, ექსპრესიით ვერ გამოირჩევა. მას საკუთარი პოლიტიკური სტილის რადიკალური განახლება სჭირდება რეალური წარმატების მისაღწევად. მით უფრო, რომ მის ჩასაძირად შეხმატკბილებულად მუშაობენ "ნაციონალები" და "მეოცნებენი", აღარაფერს ვამბობთ ანტიდასავლურ ფლანგზე.

რამდენიმე დღის წინ პროდასავლურ ფლანგზე ახალმა საზოგადოებრივმა მოძრაობა „"ივერიამ"“ გააკეთა განაცხადი. ორგანიზაციას, რომელიც დიდწილად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს პროფესიონალთა და ინტელექტუალთა გაერთიანება. თუმცა, მას წარმატების მისაღწევად ორი ძირითადი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველი გახლავთ ის, რომ საქართველოს ამომრჩეველი დიდად  არ სწყალობს ინტელექტუალურ ძალებს და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, „რესპუბლიკელების, "ახალი მემარჯვენეების"“ თუ „"თავისუფალი დემოკრატების" სახით. მეორე და უმთავრესია: „"ივერიამ" ჩამოიშოროს "ნაციონალური მოძრაობის" კლიშე და გააქარწყლოს საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი შიში "ნაციონალური" რევანშის თაობაზე, რაც არცთუ მარტივი ამოცანაა, რადგან ყველა პარტია, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, შეეცდება, რომ  "ივერია" "ნაციონალების" ჩრდილიდან ვერ გამოვიდეს, რათა მას გზა გადაუკეტოს ახალი პოლიტიკური მომავლისკენ. თუმცა, საგარეო მხარდაჭერა მას ექნება, მით უფრო, 2016 წლის არჩევნების შემდეგ აშშ-ში უფრო პროაქტიური პრეზიდენტის მოსვლის შემთხვევაში, დასავლეთს მათი სახით საქართველოში გამზადებული პოლიტიკური პლატფორმა დახვდება.

დასავლეთის მიმართ მზარდი იმედგაცრუებისა და ნიჰილიზმის ფონზე ძალასა და ელექტორატს იკრებენ ნინო ბურჯანაძისა და ინაშვილ-თარხან მოურავის პარტიები. ნაწილობრივ ამითიც არის განპირობებული თოფაძე-ტყემალაძის განცხადებები „ნატოზე“ უარის თქმის და ევრაზიულ კავშირში გაწევრების თაობაზე: როგორც ჩანს, მმართველი ძალა ამ გზით ცდილობს ბურჯანაძე-ინაშვილისკენ არ გაუშვას და თავის გარშემო შემოიკრიბოს დასავლეთის მიმართ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი. თუმცა, ის, რაც შეიძლება ქვეყანაში ამომრჩევლის მოზიდვის ტაქტიკად შეფასდეს, დასავლეთის დედაქალაქებში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუებისა და მიუღებლობის ზრდას უწყობს ხელს. და არავინ იცის, როგორი სიმძაფრით უპასუხებს დასავლეთი ამას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ანუ 2017 წლიდან. მანამდე საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდის სტაბილურობას არაფერი ემუქრება.

როგორც ჩანს, მმართველ გუნდშიც მიმდინარეობს ახალი სახეების ძებნის პროცესი. ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი "20/30" უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი პოლიტიკური სახეების შერჩევა-გამოზრდასაც ემსახურება, თუნდაც მომავალი პარლამენტისთვის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით