"ქუჩაში პროცესების გადატანა სახიფათოა" - კვირის პალიტრა

"ქუჩაში პროცესების გადატანა სახიფათოა"

"აპრილში კი ისევ გამართავენ მიტინგს, რომლის შემდეგ შიმშილობასაც გამოაცხადებენ"

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული აქციებისთვის ემზადება. დიასპორის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია ქუჩაში პროცესების გადმოტანას აპრილშიც შეეცდება.

- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბრძოლა დაიწყო.

სანამ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ასპარეზზე იქნება, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე მუდმივად იარსებებს.

მარტის აქციის შემდეგ ისინი წერტილოვანი დარტყმებისთვის ემზადებიან, აპრილში კი ისევ გამართავენ მიტინგს, რომლის შემდეგ შიმშილობასაც გამოაცხადებენ. მათი გათვლით, დროთა განმავლობაში პროტესტი უნდა გამძაფრდეს, "ნაციონალების" აუხდენელი ოცნება კი ქუჩაში მოლოტოვის კოქტეილებით სირბილია. ადამიანები, რომლებიც "ნაციონალებმა" ციხეში გამოამწყვდიეს, აწამეს, ზოგს კი ქვეყნიდან გაქცევა აიძულეს, მათგან ჭკუის სწავლებას ვერ შეეგუებიან. ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ, მეუბნებიან, "ნაციონალების" ქუჩაში გამოსვლას არ დავუშვებთო. ასე რომ, ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, "ნაციონალებს" მოსახლეობის მხოლოდ 12-13% უჭერს მხარს.

დავით მაღრაძე, პოეტი: - როგორც ლენინს არ იღებს მიწა, ისე რუსთაველი არ მიიღებს "ნაციონალურ მოძრაობას". ამ ქვეყანაში მათი "მოღვაწეობა" დასრულებულია. "ნაციონალური მოძრაობის" აგრესიული სექტის მიმართ ქვეყანაში ემოცია არ განელებულა, თანაც მთავრობის გადადგომას იქ ითხოვენ, სადაც ადამიანები დახოცეს და დაასახიჩრეს. ეს იმის ტოლფასია, სერგო ორჯონიკიძე, რომელიც მე-11 არმიას შემოუძღვა, კოჯრის მემორიალთან ავიდეს. დღეს  საქართველოში "ნაციონალების" ნარჩენებიღაა მხოლოდ, ანუ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში არჩევნების დღეს ხაშურში გატაცებული ურნების წყალობით აღმოჩნდნენ. მათ უკულტურობას რუსთაველის გამზირი ვერასოდეს შეეგუება, მაგრამ ივანიშვილი დაგვპირდა, დემოკრატიით ევროპასაც გავაოცებთო და იქამდე მივედით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯალათების მიტინგს კომფორტს უწყობს.

რუსუდან შელია