"ამ აქციით გააკეთეს ყველაფერი, რომ ხალხს ისევ "ოცნების" სიმპათია მოსძალებოდა
23-03-2015
"ამ აქციით გააკეთეს ყველაფერი,  რომ ხალხს ისევ "ოცნების" სიმპათია მოსძალებოდა
"ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ახლა უმოქმედობისა და მიძინების დრო არ არის"

"ნაციონალურ მოძრაობას" არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ის ამ მთავრობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს"


როგორც მოსალოდნელი იყო, "ნაციონალური მოძრაობის" აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. ლარის გაუფასურება, ეკონომიკური კრიზისი, ბიუჯეტიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში 900 მილიონის "გაქრობა", სიტყვა "სეკვესტრის" დაბრუნება - ეს ის თემები იყო, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს. მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა და შეახსენა,  რომ "ივანიშვილის ტყუილები არ
იჭმება". მისი თქმით, "ქვეყნის სიბნელისა და დაპაუზების პერიოდი მალე დამთავრდება".
აქციაზე გაჟღერებული "მესიჯების" შეფასება ექსპერტებს ვთხოვეთ.

მამუკა არეშიძე:
"ამ რაოდენობის ხალხს 21 მარტის აქციაზე  ნამდვილად  ველოდი.  ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლები, მოქალაქეები, რომლებსაც  წლების განმავლობაში რაღაც  მატერიალური დაინტერესება ჰქონდათ. ამდენად, მათი პროტესტი ბუნებრივად მომეჩვენა.  ჩემთვის
უფრო გასაკვირი იყო აქციაზე ახალგაზრდების გამოჩენა. ვთვლი, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მონაპოვარი, სერიოზული ნამუშევარი აშკარად  იგრძნობა. ამ კუთხით,  ხელისუფლების სისუსტე ჩანს.

- მათ გამოაცხადეს მომავალი გეგმების შესახებ, რაც გულისხმობს პერმანენტული აქციების დაწყებას რეგიონებში,  გამგებლების, გუბერნატორებისა და სხვა ჩინოვნიკების კორუფციაში მხილებას, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო შენობების პიკეტირებას, დეპუტატებთან მუშაობას, რათა პარლამენტის მეშვეობით მთავრობის გადაყენების პროცედურები დაიწყოს და ა.შ.
- ამ განცხადებებით "ნაციონალებმა" გვითხრეს, რომ  სადაც თავისუფალი  ოპოზიციური ნიშა ნახეს, ყველა შეავსეს. ეს პოლიტიკური ძალა რასაც წარმოადგენს, ყველამ იცის... მაგრამ  აშკარად ჩანს მთავრობის სუსტი მხარეც. მაგალითად, ის, რომ ცენტრალურ  ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის კავშირი ძალიან სუსტია. გაუარესდა ეკონომიკური გარემო, რაც ხალხის უკმაყოფილებაში გამოიხატა. ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა სწორი ახალგაზრდული პოლიტიკის გატარება. რასაკვირველია, "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს ხელისუფლების ყველა შეცდომას და მაქსიმალურად შეეცდება, თავად ენერგიული და ორგანიზებული იყოს. თუკი ხელისუფლება  მას მაქსიმალური მოქმედების საშუალებას მისცემს, მაშინ ამ ოპოზიციური ძალის ბრძოლას შედეგი ნამდვილად ექნება.
მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ახლა უმოქმედობისა და მიძინების დრო არ არის. 

- სააკაშვილმა თქვა, "სიბნელის და ქვეყნის დაპაუზების პერიოდი მალე დამთავრდებაო".

-  მისი ასეთი განცხადებები ბევრი გვახსოვს. ეს არის პიარტექნოლოგიის შესატყვისი ტექსტი, რომელსაც  ყოფილი პრეზიდენტი იყენებს. მთავარი კი ის არის, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, იყოს უფრო ქმედითი, პასუხისმგებლიანი და ავტორიტეტული. აქედანვე  დარწმუნებული ნუ იქნება, რომ მიშას შანსი არა აქვს.

- აქციაზე გაკეთდა ასეთი განცხადებები: რომ "ბიძინა ივანიშვილმა ხალხის ნდობა მოკლე ხანში სრულიად დაკარგა",  "კრიზისი ქვეყანაში მას ხელს აძლევს" და   ა.შ. ამას საზოგადოება მიიღებს?

- საზოგადოების ძირითადი ნაწილი არა, მაგრამ რაღაც ნაწილი ამას მიიღებს. ფაქტია, რომ ხალხის უკმაყოფილების ხარისხი გაიზარდა. 

დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ხალხის  მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებზე არ მივა, არც "ნაციონალებს" დაუჭერს მხარს და არც "ოცნებას". ამიტომ არის საჭირო, ხელისუფლებამ სათანადო ღონისძიებები გაატაროს. უამრავი პროექტი არსებობს, რომელსაც რეალიზაციის საშუალება არ მიეცა. კი ბატონო,  ფულიც არის, სურვილიც, კადრებიც, მაგრამ მათ განხორციელებას  ხელს ბიუროკრატია და უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების მთელი არმია უშლის. ეს, იცით, როგორი ჩინოვნიკები არიან?  ქრთამსაც არ იღებენ, მაგრამ არც  მოქმედება უნდათ იმ მიზეზით, რომ მერე ვინმემ ნამოქმედარი არ დაუწუნოს და არ დასაჯოს.

ბიძინა  ივანიშვილი კითხულობს, რას ერჩით  ამ მთავრობასო... აი, ამას ვერჩით, რაც ზემოთ მოგახსენეთ! ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - "ნაციონალურ მოძრაობას" სიტუაციის გამწვავება ნამდვილად შეუძლია, თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ქმედუნარიანი  იქნება მთავრობა.

ვახტანგ ძაბირაძე: - ველოდებოდი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე 20 ათასამდე კაცი მაინც  მივიდოდა. მთლიანობაში "ნაციონალურ მოძრაობას" არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ის ამ მთავრობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს. მას არა აქვს  მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა. პირიქით, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ლაპარაკობს რიგგარეშე არჩევნებზე, ეს უკვე კონტრპროდუქტიულია. ე.ი. მოსახლეობა  ყოველგვარი  ბრმა ანალიზის გარეშე,  ინტუიციურად საწინააღმდეგო აზრზე დგება. რაც შეეხება იმას,  შეძლებენ თუ არა ისინი მომავალში პერმანენტული  და ხალხმრავალი აქციების  გამართვას, ესეც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ ეს უკანასკნელი ისე მოიქცევა, როგორც მოიქცა და ოპოზიციის მიტინგებს ხელს არ შეუშლის, სიტუაცია არ დაიძაბება.
რაც შეეხება  რიგგარეშე არჩევნების  დანიშვნის თემას, მე თუ მკითხავთ, ეს "ნაცმოძრაობას" ხელს არც აძლევს. ვფიქრობ, "ქართული ოცნებისთვისაც" და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება, თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.
სოსო ცისკარიშვილი: "ჩემი აზრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ აქციით გააკეთა ყველაფერი, რომ  ორჭოფობაში მყოფ ხალხს ისევ "ქართული ოცნების" სიმპათია მოსძალებოდა. ე.ი. ოპოზიციურმა ძალამ ამ პროცესს ხელი მისდა უნებურად შეუწყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ნაცმოძრაობას" მხოლოდ ძველი მდგომარეობის ნოსტალგია აქვს და ძალაუფლების დაბრუნებისკენ ისწრაფვის.

ამ მიტინგიდან ერთი, რაც მკაფიოდ  დავიმახსოვრე, არის ის, რომ ისინი "ჩვენი ქვეყნის მომავალს არავის დაუთმობენ". ახლა  უკვე "ქართული ოცნებისკენ" არის ბურთი და თუ მას შესწევს უნარი, უნდა აიღოს ეს ბურთი და გადააგდოს მოწინააღმდეგის მინდორზე. ამით  ხელისუფლებაში არსებობას გაიხანგრძლივებს. თუ ის ისევ დაბნეული დარჩება და, ბოლოს და ბოლოს, მკაფიო საკადრო პოლიტიკას არ შეიმუშავებს, მაშინ ველოდოთ იმას, რაზეც ოცნებობს "ნაციონალური მოძრაობა".
glaxuna
24 მარტი 2015 21:13


,,ნაციონალების,, მხარდამჭერების ,,მატერიალურ დაინტერესებაზე,, რომ...მ.არეშიძე და მისთანები დაიწყებენ ლაპარაკს ?!!!

აი მერე..წაკითხვაც აღარ ღირს,რას წერს,გასაგებია რ ა ტ ო მ ა ც ?!

და ...,,აშენებენ,, ხო ,,ოცნების,, ხალხი,ნაციონალების 9 წლის მანძილზე ,,დანგრეულ,, ქვეყანას,ანუ შევარდნაძემ და მისმა კომუნისტურ-ნომენკლატურულმა კლანმა ,,ა ა შ ე ნ ე ს,, მერე ,,ნაც-ებმა...,,დაანგრიეს,, და ახლა ესენი ისევ ,,აშენებენ,ხო ?!

და ამ ხალხს რა უნდა ?!

ესენი,ხო ,,მატერიალური,, დაინტერესებების გამო გამოვიდნენ,ხო ...დემონსტრაციაზე ?!

ზუსტად ასეთი ცინიკური დამოკიდებულება გქონდა ზ.გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების მიმართ,

და დღესაც იგივეს დ ე მ ა გ ო გ ო ბ,

მაგრამ ხალხი ბ რ ი ყ ვ ი არ არის...

ზვიადი და მისი ქართველობა დღეს:ეროვნული გმირები არიან,ვინც 200 წლოვანი ნანატრი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ოე ბ რ ი ო ბ ა აღდგინა,

და ,,ნაციონალების,, მოღვაწეობას სახელმწიფოებრიობის განვითარება-განმტკიცებისათვის ... ისტორია შეაფასებს,

და ვ ე რ ა ს ო დ ე ს დღეს სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და უპასუხისმგებლო,კრიმინალურ-ფარისეველი მენტალიტეტის მქონე ,,ელიტა,, და მისი მეხოტბე მხარდამჭერები...

და ხალხი,თანდათან ა ფ ა ს ე ბ ს,რადგან სწორად შევარდნაძის დროინდელ ,,აშენებულ,, საქართველოსაკენ მივდივართ...

სადაც კ ა ნ ო ნ ი აბსოლუტურად არ არსებობდა და რ ე ა ლ უ რ ა დ დაქუცმაცებულ კრიმინალურ-კლანური მმართველობით,კრიმინალურ გუბერნიებად ვიყავით ქცეული,1.200 მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტით (?!!!)

ისეთი როგორც ს უ რ დ ა და დღესაც ს უ რ ს ..ჩრდილოელ მეზობელს და ვისთანაც ეს მართლა მეოცნებეები...,,ურთიერთობებს ალაგებენ,, !!!
aleko
24 მარტი 2015 10:00
ხო აპა რა,ეს ხალხი ვინც აქციაზე მოვიდა და მათი ოჯახის წევრები სახლში რომ დარჩნენ სულ ოცნებას და მის ლიდერს ,,აქებდნენ"
თუ ნაციონალების შიში არა,რატომ ატეხეთ ამდენი გნიასი?
საქმეს მიხედეთ,რაღაც შექმენით,რაღაც რეფორმა განახორციელეთ,ნუ დაგვამხეთ ეს ქვეყანა თავზე და გპირდებით არავის მოენატრება წარსული
მიშა
23 მარტი 2015 21:23


მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი. ვარ ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე. დღე არ გავა ყაჩაღობის ფაქტს არ გავეცნო თქვენი გაზეთის მეშვეობით.
მთავრობამ ადგილზე ლიკვიდაცია უნდა მოახდინოს ყაჩაღების როგორც ნაცების დროს იყო.
თუ მთავრობამ ასე გააგრძელა (გაყუჩებული ყურება) მართლა ცუდად დაამთავრებს.

რედაქტორის რჩევით