პური და დემოკრატია (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
23-03-2015
პური და დემოკრატია (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
როგორც იქნა, ოცნება ასრულდა, დადგა ეს ნანატრი დღე და ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციის მიერ მომზადებული გადაცემა "20/30" ეთერში გავიდა. ის ხომ პოლიტიკიდან, ფაქტობრივად, იმის გამო წავიდა, რომ ჩვენთვის მოვლენების სწორი ანალიზი ესწავლებინა და ამისთვის სატელევიზიო გადაცემის ფორმატი აირჩია.  და რა ვნახეთ? აქცენტები მხოლოდ პოზიტივზე და პირველ გადაცემაში ტყუილით თავის მართლება ივანიშვილის მხრიდან, როცა ის დაეთანხმა წამყვანს, რომ, თავის დროზე, განცხადებაში: "მესამე წელი იქნება უკეთესი, ხოლო მეოთხე კარგი", დემოკრატიის განვითარება იგულისხმა. როცა
ერთ ტყუილს ამბობ, მერე იძულებული ხდები, მეორეც თქვა. რამდენიმე დღეში ივანიშვილმა უარყო, რომ სიტყვა "ჯიბე" საერთოდ ახსენა. არადა, ხომ არსებობს არქივი და ყველას შეუძლია მისი ნათქვამის ნახვა. აი, რა თქვა მაშინ: “"რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას და მის ტემპებს, პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება
საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი". 

დამეთანხმებით, რთულია ამ განცხადებაში სადმე დემოკრატიაზე მინიშნება დაინახოთ. სიტყვა "ჯიბეც" იმ კონტექსტშია, რა კონტექსტშიც უნდა იყოს! ხომ ნათელია, რაც იგულისხმა მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა? გასაგებია, რომ არ იგულისხმა ოთხ წელიწადში ევროპის დონის ეკონომიკა გვექნებაო, გასაგებია, რომ ამას თურმე ოცი წელი სჭირდება, მაგრამ უკეთესობა იქნება და ამას ჯიბეზე იგრძნობთო, ხომ თქვა? რა საჭიროა ამის უარყოფა? ან გადაცემაში რაზე კეთდება აქცენტი? მარტო ერთი გადაცემის თემებს წარმოგიდგენთ: 1) ლარი რეგიონში საუკეთესო ვალუტად დასახელდა; 2) გასულ წლებთან შედარებით საქართველოში ნათესი ფართობების რაოდენობა გაიზარდა; 3) ევროპული საკადრო პოლიტიკა თვითმმართველობაში; 4) ვირტუალური დემოკრატიიდან რეალურ დემოკრატიამდე (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პროკურატურა დააჯარიმა); 5) სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა იწყება; 6) საქართველო ნატოს გზაზე.
Dდა როგორი იყო იმ დღეს "რუსთავი 2"-ის თემები? 1) ვისი დავალებით უშვებდნენ მოზარდებს ძალადობის სცენების სანახავად? 2) არის თუ არა დამნაშავე სპეცრაზმელი ბრძანების შესრულების გამო? 3) რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმება ჟენევის მოლაპარაკებებს დაამთხვია; 4) პატრულის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ; 5) რატომ ცვლიან პარლამენტის შენობაში ოთხდღიანი შეხვედრებისთვის 491 კარს და ავეჯს და რატომ ხდება შესყიდვები გამარტივებული წესით?
ისევ ორი პარალელური რეალობა. ადრე "რუსთავი 2" მუშაობდა ისე, როგორც ახლა "20/30", ანუ მხოლოდ პოზიტივზე აკეთებდა აქცენტს. რა გამოდის? - მიშას დროინდელი "კურიერით" აპირებს ივანიშვილი ხალხისთვის სწორი ანალიზის სწავლებას?

იმაში კი ვეთანხმები ბატონ მოქალაქეს, რომ დემოკრატიის მიმართულებით დიდი წინსვლა გვაქვს! უბრალოდ, ეს საკმარისი არაა. იმისთვის, რომ ააშენო თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, საჭიროა პური და დემოკრატია

ლურსმნებიდან კომფორტამდე

რამდენი კაცი მივიდა "ნაციონალების" აქციაზე? "ოცნება" ამბობს, მხოლოდ 12 ათასიო, თავად აქციის ორგანიზატორები ამტკიცებენ, 50 ათასიო. პირადად არ დამითვლია და ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ცოტა ნამდვილად არ იყო, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე კარგი პარტიული სტრუქტურები აქვს, არც უფულობას უჩივის (ავტობუსების დასაქირავებელ ფულს ვგულისხმობ). შედეგად, ყველა ქალაქიდან და რაიონიდან ორ-ორი ათასი კაცი რომ ჩამოიყვანოს, მარტო 15 ქალაქი პატარა რიცხვი არ გამოდის. ამას დაამატეთ თბილისის რაიონები. ამიტომ ეს პარტია ყოველთვის გაავსებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას თუ თავისუფლების მოედანს. დღევანდელ აქციაზე ყველაზე მთავარი ის იყო, მივიდოდა თუ არა ისეთი ხალხი, ვინც მათი აქტივისტი არ არის. ანუ იქნებოდა თუ არა იმაზე მეტი, ვიდრე წინა ჯერზე იყო? მე იმაზე მეტი ნამდვილად არ მომეჩვენა, რამდენიც წინა აქციაზე მოაგროვეს და ეს იმ ფონზე, რომ ქვეყანაში სავალუტო კრიზისმა მართლაც დაამძიმა ვითარება!

ასე რომ, ეჭვი მეპარება, ამ აქციამ რაიმე კარდინალურად შეცვალოს. ამ დღემ ხელისუფლების წისქვილზე უფრო დაასხა წყალი. გამოჩნდა, რომ იმ ხალხის დაძახილზე, ვინც თავს მთავარ ოპოზიციას უწოდებს, მათი აქტივისტების მეტი არავინ მიდის.

ასევე, თუ ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს არ ჩავთვლით, ჩვენ ვნახეთ აქციისადმი უკიდურესი სიმშვიდით განწყობილი ხელისუფლება; შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამბობდა, რომ აქციის მონაწილეებს განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნიდა და პრინციპში ასეც მოხდა. რაიმე პრობლემაზე თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ვერ საუბრობდნენ. მათთვის რაიონებიდან ჩამოსვლაში ხელი არავის შეუშლია. არადა, კარგად გვახსოვს, თავად "ნაციონალები" როგორ იქცეოდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. რა პრობლემები ხვდებოდათ აქციის მონაწილეებს, ვიდრე თბილისამდე ჩამოაღწევდნენ. მარტო ერთმანეთზე "მისვარკული" ლურსმნები რად ღირს, რიკოთის უღელტეხილზე რომ დაყარეს, აქაოდა, ოპოზიციის ავტობუსებს ბორბლები დაუსკდეთო. ეს ლურსმნები მათი მმართველობის სიმბოლოა!

ძალიან სასაცილო იყო, როდესაც დავით ბაქრაძე ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ შერიგების ინიციატივის დაყენებაზე საუბრობდა, როცა ამბობდა, ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში დაპირისპირებას და ქვების სროლასო.
საერთოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რა კარგ იდეაზეც უნდა ილაპარაკოს, ყველაფერი ირონიულად ჟღერს, იმდენი მიმართულებით აქვთ სახელი გატეხილი. ახლა თურმე პერმანენტულ აქციებს აპირებენ. კორუმპირებულ ჩინოვნიკებს არ მოვასვენებთო, პარლამენტში მთავრობის გადასაყენებლად საკმარის ხმებს მოვაგროვებთო. მოკლედ, არც ჩვენ მოვისვენებთ და არც მთავრობას მივცემთ მშვიდი ცხოვრების საშუალებასო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკვე მართლა იმისთვის იბრძვის, რომ რადარებიდან არ გაქრეს! 

ბოლოს ნახევრად ხუმრობით ერთი კითხვა მაქვს: აქციაზე, სადაც მთავრობის გადადგომას ითხოვენ, უკრაინის ხელისუფლების მრჩეველი და მათი წარმომადგენელი, მიხეილ სააკაშვილი, ხალხს რომ მიმართავს, ეს უკრაინის ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარევა არ გამოდის?
aza
17 აპრილი 2015 14:40
არც ნაცები იყვნენ ხალხისთვის და ქოცები საერთოდ რატომ არიან.რაუნდათ,რას აკეთებენ.სულ ერთმანეთში კინკლაობენ.ტყუილებს უსირცხვილოდ გვაყრიან სახეში და აქაოდა ჩვენ აგაშენეთო.ხალხს უკვე ფსიქოლოგიური შოკი აქვს არამარტო სიღარიბისთვის ამათი უსინდისობით.ისე პრემიერობისთვის ნუთუ უკეთესი არავინ მოგვეძებნებოდა?კაცი რომელიც დაწერილ ტექსტსაც ზლივს ბორძიკით კითხულობს.ვაი ჩვენი ბრალი ხალხოოო
qeti
02 აპრილი 2015 18:03
მე, პირადად,მიმაჩნია,რომ რითაც ეგ გადაცემა განსხვავდება კომუნისტური საინფორმაციოებისაგან,არის იმ ჟურნალისტების ,ვინც სიუჟეტებს აშუქებენ,შემკრთალი და დაძაბული სახეები,რაზეც ეტყობათ, რომ დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან,რათა ერთი სიტყვითაც კი არ გადაუხვიონ ვიღაცის დაწერილ ან გასწორებულ ტექსტს.
ამით აბსოლიტურად განსხვავდებიან(უნებურად) სხვა ნებისმიერი არხის საინფორმაციოს მოწოდების აგრესიული მანერისაგან.
gode
01 აპრილი 2015 20:34
ა""ქციაზე, სადაც მთავრობის გადადგომას ითხოვენ, უკრაინის ხელისუფლების მრჩეველი და მათი წარმომადგენელი, მიხეილ სააკაშვილი, ხალხს რომ მიმართავს, ეს უკრაინის ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარევა არ გამოდის?"
--აი აქ კი ავტორი მაგრად ჩაიჭრა!!!

რედაქტორის რჩევით