ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

მაჟორიტარული დილემა

საქართველოში კარგად ცნობილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ანუ IRI-ის ბოლო კვლევის შედეგებმა და 21 მარტს "ნაციონალურმა" აქტიურობამ რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა:

უპირველეს ყოვლისა, დაგვანახა, რომ მართალია, "ქართულ ოცნებას" მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილის დაკავებაში ვერავინ შეეცილება, თუმცა, თუ მისი რეიტინგის ვარდნა არ შეჩერდა, შეიძლება პარლამენტში ვერ გაიყვანოს დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მთავრობის ერთპიროვნულად ასარჩევად. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, "ქართული ოცნება" იძულებული გახდება, კოალიცია შეკრას პარლამენტში მეორე-მესამე ან მეოთხე ადგილზე გასულ ძალასთან და მასთან ერთად დააკომპლექტოს კოალიციური მთავრობა.

იტყვით, ალბათ, კოალიციური მთავრობა ხომ ახლაც გვყავსო, მაგრამ დღევანდელი მთავრობა რეალურად ერთი კაცის ორკესტრია, სადაც არ ჩანს მასში შემავალი პარტიების განსხვავებული ხედვები, იდეოლოგიები და კარგი გაგებით - კონკურენცია. ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვქონია პრეცედენტი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალა სხვა ძალებთან თანამშრომლობაზე წასულიყო და მასთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობით ემართა ქვეყანა. მომავალი არჩევნების შემდეგ კი ამისი ალბათობა დიდია, რაც უდავოდ კარგია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - ეს ჯანსაღ კონკურენციასა და ურთიერთკონტროლს მიაჩვევს პარტიებს უკვე მთავრობის შიგნით და მეორე - დიდწილად დაგვაზღვევს ავტორიტარული გადაწყვეტილებებისგან.

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენციაა ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მომავალი არჩევნების შედეგად პარლამენტში მეორე ადგილის დაკავების გარანტია აღარ აქვს; ანუ მას მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს რამდენიმე პარტია შეეცილება. დღევანდელი გადასახედიდან მეორე და მესამე ადგილისთვის ბრძოლის მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსი, "ნაციონალების" გარდა, აქვთ ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებს", ნინო ბურჯანაძის "გაერთიანებულ დემოკრატებსა" და ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის "პატრიოტთა ალიანსს"; ანუ ისევე როგორც ბოლო საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,

მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც მთავარი ბრძოლა მეორე-მესამე საპატიო ადგილისთვის გაიმართება და თითოეულ სადეპუტატო მანდატს ოქროს ფასი დაედება.

საბოლოოდ კი როგორ პოლიტიკურ ლანდშაფტს მივიღებთ, დამოკიდებული იქნება იმაზე, შეელევა თუ არა "ქართული ოცნება" მაჟორიტარების ინსტიტუტს, რომელიც ყველა ხელისუფლების ხელში დეპუტატის ხმებით მანიპულირების ყველაზე მავნე ჩვევაა: დიდწილად მაჟორიტარებად კენჭისყრას ხელისუფლება ბიზნესმენებს აიძულებს ხოლმე და შემდეგ ისინი ბიზნესზე ზეწოლის შიშით ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას აფორმებენ, იმავდროულად, ხელისუფლების მოლარეები ხდებიან; ან არანაკლებ მავნე ტრადიციის თანახმად, მაჟორიტარებად სპორტისა და კულტურის ცნობილი მოღვაწეები გვევლინებიან, რომლებიც შემდეგ პარლამენტში მხოლოდ დეკორაციის ფუნქციას ასრულებენ და საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებით არიან დაკავებულნი. უახლოესი თვეები გვიჩვენებს, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება ოპოზიციისა და საზოგადოების მოთხოვნას, გააუქმოს მაჟორიტარული არჩევნების წესი.

თუმცა, მთავარი, რაზეც "ოცნებაში" გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა თუ პირებმა დღესვე უნდა იფიქრონ, არის არა იმდენად ის, თუ როგორ დაიწყებენ ისინი მეორე საპარლამენტო ვადას, არამედ როგორ და როდის დაამთავრებენ: მრავალპარტიული პარლამენტი და მით უფრო, კოალიციური მთავრობა (თუ ასეთი იქნა), მმართველი ძალის მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს, რათა მეორე საპარლამენტო ვადა ბოლომდე მიიყვანონ.

საქმე ის არის, რომ მრავალპარტიული პარლამენტის დროს, როდესაც ძალიან მყიფეა უმრავლესობა, ისიც და კოალიციური მთავრობაც შეიძლება ძალიან მარტივად დაიშალონ. ასეთ შემთხვევაში, უკვე არა პირველ ადგილზე, არამედ მეორე-მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ ძალებს უჩნდებათ ახალი კოალიციის შეკვრისა და შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტების შანსი. ასევე მაღალი იქნება პარლამენტის დაშლისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინა პირობების ხელოვნურად  შექმნის ალბათობაც. ახლა ამ პროცესების სამართლებრივ ნიუანსებს არ გამოვეკიდებით, თუმცა, ცხადია, რომ ამგვარი სიტუაციებით სარგებლობის შანსს "ნაციონალური მოძრაობა" ხელიდან არ გაუშვებს. ამიტომ მომავალ პარლამენტში კონკურენცია გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე დღევანდელში.

ამიტომ, თუ "ოცნებას" უნდა, მომავალი საპარლამენტო ვადა კვლავ დაასრულოს როგორც მმართველმა კოალიციამ, მთავარი, სადაც რადიკალურად უნდა შეცვალოს მიდგომები, საკადრო პოლიტიკაა. თუ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირები მომავალ პარლამენტს დღევანდელზე უფრო მორჩილი და უსახური სახეებით დააკომპლექტებენ და კვლავ უარს იტყვიან დამოუკიდებლად და კრიტიკულად მოაზროვნე, პროფესიონალ, გამოცდილ, თვითმყოფად კადრებზე, ეს მათი საბედისწერო შეცდომა იქნება.