"უთქვამს, ვიცი, რომ მომკლავენო" - ხარძიანი კილერს იცნობდა?! - კვირის პალიტრა

"უთქვამს, ვიცი, რომ მომკლავენო" - ხარძიანი კილერს იცნობდა?!

კილერი ხარძიანს უთვალთვალებდა?

მიხეილ ხარძიანი: "სამართალს აუცილებლად ვიპოვი"

28 მარტს, დაახლოებით 14.00 საათზე ბიზნესმენი ბესო ხარძიანი თბილისში, მარაბდის #25-ში, საკუთარი სახლის წინ მოკლეს. ცივსისხლიანმა მკვლელმა, რომელიც მოპედით მოძრაობდა, ბიზნესმენს სადარბაზოში ზურგიდან სამი ტყვია ესროლა. ხარძიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბიზნესმენის მკვლელობის საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს.

მკვლელობის შემდეგ კილერი შემთხვევის ადგილიდან მოპედით მიიმალა. Mმოპედი სამართალდამცველებმა კეკელიძის ქუჩაზე იპოვეს.

თამარ გეგეშიძე, ბესიკ ხარძიანის მეუღლის მეგობარი: ,,ქეთის (ბესო ხარძიანის შვილი) უთქვამს, ორი დღე ვიღაც გვითვალთვალებდაო. ბესოს რომ თავის ბიზნესთან დაკავშირებით სასამართლო დავები ჰქონდა, ყველამ კარგად იცის, შესაბამისად, მკვლელობის ვერსია აუცილებლად დაკავშირებული იქნება მის ბიზნესსაქმიანობასთან".

თამარ ქადაგიძე (ხარძიანების მეზობელი): "მკვლელი ჟვანიას ან შატბერაშვილის ქუჩით გაიქცეოდა, სხვა გზა არ ჰქონდა. ამ ქუჩებზე კი სათვალთვალო კამერებია".

"ბესომ დაიყვირა, რას შვრებიო"

ბიზნესმენის მკვლელობას მისი მეუღლე, ეკა ხარძიანი შეესწრო: "პირდაპირ გეტყვით, რომ გია უდესიანმა და ქურასბედიანმა დაიქირავეს კილერი და მოკლეს ბესო. სადარბაზოში მომიკლეს ქმარი. აივნიდან დავინახე ვიღაც ჩაფხუტიანი ბიჭი, რომელიც ჩემს ქმარს სადარბაზოში შეჰყვა. გავიგონე ბესოს ყვირილი, რას შვრებიო, მაგრამ სროლის ხმა არ გამიგონია. ცოტა ხანში ახალგაზრდა გამოვიდა სადარბაზოდან და წავიდა. დარწმუნებული ვარ, ქურასბედიანისა და უდესიანის ნახელავია, სხვა მტრები ბესოს არ ჰყოლია. პირველ ინსტანციაში მოვიგეთ საქმე და პროცესი 13 მაისისთვის გადაიდო. სწორედ ამ დავას ვუკავშირებ მის მკვლელობას".

"ბესომ და მკვლელმა იძიძგილავეს"(?!)

ასმათ ხარძიანი, ბესო ხარძიანის დედა, შვილის მკვლელობის სცენას ასე აღწერს: "საშინელი სცენა ვნახე - ჩემი შვილი სახლის კართან ჩაცხრილეს. სახლთან მანქანით მოვიდა, უკან მოტოციკლისტი (მოპედი) მოჰყვებოდა...

მანქანა რომ გააჩერა, მოტოციკლისტიც გადმოჰყვა და იძიძგილავეს, ბესომ მოტოციკლეტს სარკეც მოატეხა.

მერე ჩემი შვილი სახლისკენ წამოვიდა. მოტოციკლისტი კიბემდე მოჰყვა...".

თუ ბიზნესმენის დედა არ ცდება, შესაძლოა, დავუშვათ ვერსია, რომ ბესო ხარძიანი კილერს იცნობდა (მას ჩაფხუტი ეხურა, თუმცა, შესაძლოა, ხმით იცნო). არ არის გამორიცხული, რომ არც იცნობდა და ძიძგილაობა იმას მოჰყვა, რომ კილერმა ხარძიანის ვინაობის დაზუსტება სცადა. ყოველ შემთხვევაში, ეს დეტალი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: არც ოჯახის წევრებსა და არც იმ პირებს, რომლებიც მკვლელობის მომენტში მარაბდის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, გასროლის ხმა არ გაუგონიათ. სავარაუდოდ, კილერს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა.

"უთქვამს, ვიცი, რომ მომკლავენო"

ბიზნესმენის მეგობრები ამბობენ, რომ ბესოს გული ცუდს უგრძნობდა. ისინი კონკრეტულ გვარ-სახელებსაც ასახელებენ.

დაჩი ცაგურია, ბესო ხარძიანის მეგობარი: -

მე ბესოს ერთადერთი მტერი ვიცი - გია უდესიანი, რომელმაც არაერთხელ გაიმეტა სასიკვდილოდ.

ჯერ იყო და, უდესიანის დამსახურებით მოხვდა ციხეში, შემდეგ კი იქ მისი შეკვეთით არაერთხელ აწამეს. ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ციხეშივე მოკლავდა, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდა ბესო. ღვთის წყალობით გამოვიდა და დაიწყო ბრძოლა თავისი უფლებების აღსადგენად. სასამართლო რამდენიმე ინსტანციაში მოიგო, იბრუნებდა ქონებას და აგერ, მოკლეს. 2011 წელს, როდესაც გია უდესიანის სახლის წინ აქცია "აქ ცხოვრობს ჯალათი" გვქონდა მე და ჩემს მეგობრებს, იმავე ღამით ზონდერები დამხვდნენ პირადად მე, როდესაც ბეთანიაში მივდიოდი მეგობრის აგარაკზე, მაგრამ გადავრჩი, გაქცევა მოვახერხე... მიუხედავად ბესოს საქმეზე უამრავი მტკიცებულებისა, არავინ დაუჭერიათ. კარგად რომ გამოიძიონ, 30 კაცი მაინც იქნება პასუხისგებაში მისაცემი. უდესიანზე ძებნაც კი არ არის გამოცხადებული. ფაქტია, მას აქ ვიღაც დიდი მფარველები ჰყავს, რადგან შეუძლებელია, ამდენი ხნის განმავლობაში გამოძიება არ დაწყებულიყო. ჯერ იური ვაზაგაშვილი მოგვიკლეს, ახლა ბესო. Mსაკონტროლო ტყვიაც დაახალეს. ბესოს ბოლო დროს არაერთხელ უთქვამს, ვიცი, მომკლავენო. მაინც არ ჩერდებოდა. კარგად რომ იცნობდა უდესიანს, იმიტომაც ჰქონდა ეჭვი".

ირაკლი კორძაია, ბესო ხარძიანის მეგობარი: "ბოლო პერიოდში, ბესოს მეგობრებისთვის არაერთხელ უთქვამს, რაღაც ცუდი დამემართებაო. ეს მეც მითხრა და დაჩი ცაგურიასაც. მეგობრების გარდა, პროკურორსაც არაერთხელ შეატყობინა, საფრთხე მემუქრებაო, მაგრამ პროკურორმა უპასუხა, ნუ გეშინია, ვერ გაბედავენ შენს ფიზიკურ ლიკვიდაციასო. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ გაბედეს. გია უდესიანის გარდა, ბესო ხარძიანს მტერი არ ჰყოლია, გია უდესიანის ბანდა კი დღემდე თბილისში თავისუფლად დადის... როცა ბესო ხარძიანი ციხიდან გამოვიდა,

გია უდესიანის გარდა, ბიზნესდავაში ფარულად სხვა გვარებიც გამოჩნდა. მათ შორის, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ბესო ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს ხელოვნურად აფერხებდა.

ასევე ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც გია უდესიანთან პირდაპირი ბიზნესინტერესები აქვს. სწორედ ისინი წარმოადგენდნენ მთავარ დაბრკოლებას. არც ჯანყარაშვილი და არც ნაცვლიშვილი დღეს თანამდებობაზე არ არიან, თუმცა, მათ ქვეყანაში გავლენა მაინც დარჩათ".

"ამ საქმეს პირადად გამოვიძიებ"

მიხეილ ხარძიანი, ბესო ხარძიანის შვილი: - სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მამაჩემმა სამართალი ვერ იპოვა, მე კი სამართალს აუცილებლად ვიპოვი, ამას ყველას ვპირდები.

- კონკრეტულ პირზე გაქვთ ეჭვი?

- ახლა არაფერს ვიტყვი, ამის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მამაჩემის მკვლელობის საქმეს პირადად გამოვიძიებ.

- რატომ, საგამოძიებო სტრუქტურებს არ ენდობით?

- საერთოდ, მსგავსი ფაქტები მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ წლებია, უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხელისუფლებაში სახეები იცვლებიან, მმართველობის სტილი კი არ იცვლება. 90-იანი წლებიდან ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ - მოქალაქეები მუდმივად სამართალს ვითხოვთ... გია უდესიანის შესახებ მსმენია, მაგრამ ახლა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მალე გამოჩნდება, ვინ იყო მამაჩემის მტერი და ვინ - მოყვარე. გეკითხებით, მერამდენე ადამიანს კლავენ საქართველოში და დღემდე რატომ არავინ აგებს პასუხს?!  უკან არაფერზე დავიხევ. საერთოდ,

თუ სახელმწიფო თვალს გაახელს, კარგი იქნება, თორემ იცოდეთ, საქართველოში მე ბოლო ობოლი არა ვარ, რომელსაც მშობელს, დღისით, მზისით, მოუკლავენ.

ნატო უდესიანი: "გიას არავინ მოუკლავს"

ნატო უდესიანი, გია უდესიანის და: - ძალიან ვწუხვართ ბესო ხარძიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ნამდვილი შემკვეთი, ალბათ, ახლა ზის და ამ ყველაფერზე "კაიფობს". ნამდვილად არ მეგონა, ასე უნამუსოდ და ხელაღებით თუ გაიშვერდნენ გიასკენ ხელს დაჩი ცაგურია და ირაკლი კორძაია. ოჯახის ემოცია კიდევ გასაგებია, მაგრამ დაჩი ცაგურია საჯარო მოხელეა და არანაირი უფლება არ ჰქონდა, მას უდანაშაულობის პრეზუმფცია დაერღვია. ყველამ უნდა ეძებოს რეალური მკვლელი. გია უდესიანს არავინ მოუკლავს, მასზე მხოლოდ ჭორებს ავრცელებენ. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება და გამოძიება სწორი მიმართულებით წავა. ღმერთი არსებობს და ტყუილ-მართალი გაირკვევა.

თუ გია უდესიანია მკვლელი, საუკუნოდ იყოს დაწყევლილი მისი მოდგმა და მთელი ჩვენი ოჯახი. ამას სვანური გულწრფელობით ვამბობ. თუ არადა, ცილისმწამებლებზე გადავიდეს მთელი ცოდვა.

გია სამი წელია, არ ყოფილა საქართველოში. როცა მას და ბესო ხარძიანს შორის სასამართლო დავა მიდიოდა, ამ შემთხვევაში ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ გიამ ბესოს ეს გაუკეთა? რადგან სამართლებრივ ჩარჩოში გადავიდა დავა, ყველანი სასამართლო პროცესის დასრულებას ველოდებოდით. ამ დროს, რომელი ნორმალური ჩაიდენს ასეთ საქციელს, მერე რომ გიასკენ გაეშვირათ ხელი? როცა სასამართლო პროცესი დამთავრდებოდა, ბესოსა და გიას სვანური წესით შერიგება იყო დაგეგმილი.

რას ჰყვებოდა ბესო ხარძიანი "კვირის პალიტრასთან"

ბესო ხარძიანმა ბოლო ინტერვიუ "კვირის პალიტრას" 2014 წლის დეკემბერში მისცა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

ბესო ხარძიანი: - 2011 წლის 16 თებერვალს დამაკავეს გმირთა მოედანზე, ჩამიდეს ნარკოტიკული საშუალება, პირშიც ჩამაყარეს ნარკოტიკი და გლდანის ციხეში გამამწესეს. ჩემი სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ, ჩემს ოჯახს წილის დათმობა აიძულეს (მინდობილობა ოჯახის წევრებზე მქონდა გაფორმებული). წინა ხელისუფლების მთავარი ზონდერი გია უდესიანი ჩემს დას 5-6-ჯერ შეხვდა, ჩემს ძმას კი სცემა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ციხეში ჩემზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მოკლედ, იძულებით დამათმობინეს კომპლექს "კუს ტბის" აქციები. რა თქმა უნდა, მომატყუეს, არ გამათავისუფლეს და 2 წელი გავატარე პატიმრობაში. რომ არა ახალი ხელისუფლება, ალბათ, ცოცხალიც არ ვიქნებოდი. დათა ახალაია-გია უდესიანის ბინძურ ტანდემს შევეწირე და დღეს "კუს ტბის" აქციების 43% ბადრი ქურასბედიანისა და გია უდესიანის ხელშია. ეს ადამიანები ამოეფარნენ კომპანიას ოფშორში, რომელიც "უოლმილ სერვისის" სახელით არის დარეგისტრირებული. სანამ ეს ამბები მოხდებოდა, 5 მილიონი გადამახდევინეს, იმ პირობით, რომ "კუს ტბის" თაობაზე არ შემეხებოდნენ. ასევე, შემომთავაზეს პარლამენტარობა და მთხოვეს კენჭი მეყარა, რაზეც უარი ვუთხარი. ასევე, მთავაზობდნენ სხვისთვის წართმეულ ბიზნესებს, მაგ. "ჟინვალჰესი" უნდა წაერთმიათ ბიზნესმენ ჭიჭინაძისთვის და ჩემთვის გადმოეცათ, ამაზეც არ დავთანხმდი. მოკლედ, არ ვიყავი "მათიანი" და ამიტომაც დამსაჯეს. სხვათა შორის, "კუს ტბის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უდესიანის თანამზრახველი იყო მხედრიონელი ირაკლი შიხიაშვილი - საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვეტერანთა დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი. შიხიაშვილი ცდილობდა, "კუს ტბა" არაბებზე გაეყიდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

საკრებულოს არჩევნების წინ შიხიაშვილი ცდილობდა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი ზონდერი გია უდესიანი ჩაესვა. თუმცა, კახა კალაძემ დროზე მიიღო ზომები და ეს ამბავი დაბლოკა...

პროკურატურა 2 წელია იძიებს ჩემს საქმეს. როგორც გავიგე, ჩემს საქმეს ბლოკავდა მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. იგი თავის დროზე შეხვდა გია უდესიანს და ამის შემდეგ საქმე თაროზე შემოდო, გამოძიება შეაჩერა. ნაცვლიშვილი პროკურატურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ როგორც პროკურორი კი არა, როგორც ჩამწყობი, ისე იქცეოდა. მე მას ვეძებდი, მაგრამ მემალებოდა. როცა ქურასბედიანს შევხვდი, პირდაპირ მითხრა, ეს საქმე პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილთან გვაქვს "გაიასნებულიო"...

რადგან ლაშა არ შემხვდა, მისი სიმამრი ვნახე და ვუთხარი, შენს სიძეს ხელს ადებენ იმაში, რომ ფული აიღო და ჩემი საქმე გადადო-მეთქი...

ჩემს წინააღმდეგ უდესიანის მოკავშირე იყო პროკურატურის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩხატარაშვილი. ლაშა ნაცვლიშვილი, მინიმუმ, უნდა დაჰკითხოს პროკურატურამ და შესაძლოა, საქმე მის დაკავებამდეც მივიდეს. მაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურაში ნაცვლიშვილი და შესაძლოა, ერთი-ორი ადამიანი, გახმაურებული საქმეების დაბლოკვაში ფულს იღებდნენ.

ნანა ფიცხელაური

რუსუდან შელია

თორნიკე ყაჯრიშვილი