პრემიერი და სარკე - კვირის პალიტრა

პრემიერი და სარკე

ბევრ პოლიტიკოსს უთქვამს ისეთი ფრაზა, რომელიც თაობებს რჩება. ღარიბაშვილს შეიძლება ჯერ ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ გასულ ხუთშაბათს მისი ნათქვამი ნამდვილად გაუძლებს საუკუნეებს! პრემიერმა, როდესაც მისი და მთლიანად მმართველი ძალის რეიტინგის ვარდნაზე ჰკითხეს, მახვილგონივრულად შენიშნა: რეიტინგები უსაქმურების საქმეაო! ხომ არის იმ დონის გამონათქვამი, როგორიც, მაგალითად, "კანონი მე ვარ!" ან "სამი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ ათასების - სტატისტიკა!" სწორედ ასეთივე მოკლე, ლაკონიური და ბევრისმთქმელია მის მთქმელზე!

რა რეიტინგები, რის რეიტინგები?! რა საზოგადოებრივი აზრი, რის საზოგადოებრივი აზრი?! მთავარია, რას იტყვის ივანიშვილი, რომლის გამოსვლებსაც როგორც ამავე პრესკონფერენციაზე აღიარა, გულისყურით უსმენს. ჰო, მისთვის ასევე საინტერესოა, რას იტყვიან ვაშინგტონში ან ბრიუსელში. სულ ველოდი, იტყოდა, რას იტყვის ქართველი ხალხიო, მაგრამ... იმ დღეს არ თქვა. ის მაინც ეთქვა ბატონ პრემიერს, კონკრეტულად ეს კვლევა არ მაინტერესებს, არ ვენდობიო. არც ეს იქნებოდა იდეალური პასუხი, ჩემი აზრით, მაგრამ კიდევ არა უშავდა. ამან კი, რეიტინგები საერთოდ არ მაინტერესებსო, ეგ უსაქმურების საქმეა, მხოლოდ საქმის კეთება მაინტერესებსო. ეს ისეთი ნათქვამია, როცა ყველა ხვდება, რომ იტყუები!

გინახავთ პოლიტიკოსი, რომელსაც რეიტინგები არ აინტერესებდეს?! პარტიები სოციოლოგიური კვლევებისთვის ათასებს იხდიან.

ამან კიდევ, არ მაინტერესებსო. რა საჭიროა ისეთი რამის თქმა, რასაც არავინ ჭამს?! როცა ყველა მიხვდება, რომ გულწრფელი არა ხარ? საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ისევე როგორც მასმედია, სარკეა და თუ იქ ჩახედვის დროს შენი თავი არ მოგწონს, სარკე კი არ უნდა დალეწო, არამედ შენს თავში რაღაცის შეცვლას უნდა ეცადო.

ვიცი, ახლა იტყვით, რამდენად ზუსტად ასახავს ირი-ის კვლევები რეალობასო. არ ვიცი, თავს ვერც ერთი მიმართულებით დავდებ და ვერც - მეორით. აი, მედიაზე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ მრუდე სარკეა და ცოტა რეალობას ამახინჯებს, მაგრამ არა იმდენად, რომ ვერ გაარჩიო, რა ნაკლი გაქვს გამოსასწორებელი. თორემ, როცა პრემიერმა ერთ-ერთი რეგიონული ტელეკომპანიის ჟურნალისტს შეუტია, რომელმაც შიდა ქართლის გუბერნატორს პირდაპირ პრესკონფერენციაზე ბრალდებები წაუყენა, სულ არ გამჩენია სურვილი, ჩემი კოლეგა დამეცვა. არ შეიძლება, ჟურნალისტი ასეთ მძიმე ბრალდებებს უყენებდეს ვინმეს ასეთი ტექსტით: "ხალხი ამბობს..."… ხალხმა შეიძლება ბევრი რამე თქვას. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვს, გადაამოწმე, შეისწავლე და ისე გამოიტანე სახალხოდ. რა თქმა უნდა, მე მომხრე ვარ, როცა სხვის თვალში ბეწვს ვხედავ, ჩემსაში დირე მაინც დავინახო, ამიტომ ვამბობ: ქართული მედიის ნაწილი ისევ მრუდე სარკედ რჩება, მაგრამ არა იმდენად, რომ იქ რეალობა ვერ გაარჩიო. ეს სარკე იმისთვის არ არის, რომ ჰკითხო, ვინ არის ყველაზე ლამაზიო და იმანაც გიპასუხოს, შენო. ასეთი სარკე მიშას ჰქონდა, მაგრამ უშველა რო?

ასევეა სოციოლოგიური კვლევებიც და იმედია, მთავრობაც და პრემიერიც, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ, ამ შედეგებზე დაფიქრდებიან!

პრეზიდენტი, მთავრობა და სულ სხვა რეიტინგები

მივა თუ არა პარლამენტში მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლის დროს? ეს საკითხი უკვე მეორე წელია პრეზიდენტის გამოსვლის წინ მსჯელობის მთავარი თემაა. არადა, ვერაფრით ვხვდები, რატომაა ეს თემა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ყველა ამაზე ლაპარაკობს. ერთი მხარე გაიძახის, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივისცემა სჭირდებაო, მეორე მხარე, კანონი არ მავალდებულებს, მინდა, მივალ, მინდა, არაო. ვერაფრით ვხვდები, რატომ ითხოვს პრეზიდენტი ასე დაჟინებით მთავრობის მისვლას მისი გამოსვლის მოსასმენად და ასევე ვერაფრით ვხვდები, რატომ არ მიდის ასე პრინციპულად მთავრობა პარლამენტში მისი მოხსენების მოსასმენად?! ან მიუსვლელობით რა დაშავდება, ან მისვლით რა უბედურება დატრიალდება? მაგრამ არა, ორივეს პატივმოყვარეობა არ აძლევს საშუალებას, დათმოს! ოპოზიციასაც რა ენაღვლება? ამ ყველაფრით ქულებს იწერს!

კარგი იქნებოდა, მთავრობა მისულიყო, მაგრამ არ მიდის. არ მიდის და ნუ მიდის!

ამაზე ათასჯერ მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია, მაგალითად, ბრიტანულ გაზეთ "ტელეგრაფის" მიერ წამოწეული საკითხი, რომ დროა, საქართველოს რაგბის ნაკრები ექვსი ერის პირველობაზე დაუშვან, რადგან ამ პირველობაზე მოთამაშე იტალიას უკვე რეიტინგში გადავუსწარით. დიდი ხანია ამაზე ჩვენში საუბარი, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ამას უცხოელები წერენ! თუმცა, როგორც ამბობენ, ექვსი ერის პირველობა კომერციული ტურნირია და ორგანიზატორებისთვის კომერციულად იტალიის თამაში უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ჩვენი და ამიტომაც ეს საკითხი ჯერ არ იძვრის. მაგრამ ახლა სათქმელი მეტი გვაქვს: იტალიას რეიტინგში გადავუსწარით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ უკვე იტალიაზე კარგი გუნდი ვართ, მაგრამ ხომ შეიძლება, შანსის მოცემა მოვითხოვოთ? წარმოგიდგენიათ, ჩვენი ქვეყნისთვის რამხელა რეკლამა იქნება პატარა საქართველო ევროპის, საუკეთესო ექვს გუნდში რომ ითამაშებს. ეს მარტო სპორტული საკითხი არ არის - ეს საერთო-ეროვნული საკითხია! მე რომ მკითხოთ, პრემიერიც და პრეზიდენტიც პირადად უნდა ჩაერთონ ამ საკითხის მეტად გააქტიურებაში. ერთმანეთს კი ნუ "ეშპილკავებით", მიდექ-მოდექით, შეაწუხეთ ხალხი! ჩვენი ხალხი კი არა. ჩვენს ხალხს ისედაც აწუხებთ გაუთავებელი კინკლაობით! კამპანია აწარმოეთ! სარეკლამო რგოლებში მიიღეთ მონაწილეობა! იმის ილუზია არა მაქვს, რომ დღეს-ხვალ მოგვარდება ეს საკითხი, მაგრამ ცდა ხომ შეიძლება?!