ვინ ვის - რუსული დათვი თუ ამერიკული არწივი? - კვირის პალიტრა

ვინ ვის - რუსული დათვი თუ ამერიკული არწივი?

რუსეთისა და აშშ-ის შერკინების მწვავე ფაზა კარგა ხანია გასცდა უკრაინის საზღვრებს და როგორც ჩანს, სხვადასხვა ინტენსივობით მოიცავს ჩვენს უახლოეს სამეზობლოს, მთლიანად ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეს თუ ევროკავშირისა და ნატოს ამჟამინდელ წევრებს, სხვა რეგიონებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

პირველი და თვალში საცემი რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობაში ერთგვარი დაძაბულობის გაჩენაა. სომხეთში განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს რუსეთ-აზერბაიჯანის დაგეგმილი სამხედრო თანამშრომლობა, რაც აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას ითვალისწინებს. ამასთან, სომხეთში კითხვის ნიშნები ჩნდება, რატომ არ მიიწვიეს მათი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი, თუნდაც 20 მარტს ასთანაში რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, სადაც ახალშექმნილი "ევრაზიული კავშირის" სავალუტო პრობლემებზე ისაუბრეს და სადაც რუსეთის პრეზიდენტი სავალუტო კავშირის შექმნის იდეით გამოვიდა. ღიაა საკითხი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას სარგსიანი„ევრაზიული კავშირის სახელმწიფო მეთაურთა მომავალ სამიტშიც. სომხეთში იზრდება უკმაყოფილება იმითაც, რომ მათივე შეფასებით, "რუსული სახელმწიფო კომპანიები: "გაზპრომი", "როსნეფტი" და "რაო ეესი" სომხეთის ეკონომიკას სისხლს სწოვენ".

რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგიის მორიგი სამიზნე ამჯერად საქართველოა - უკვე კარგა ხანია რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს მონოპოლია საქართველოს ენერგეტიკაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაზე ფარული ზეწოლა კიდევ უფრო გამწვავდება.

თუმცა, მივუბრუნდეთ ისევ სომხეთს. სომხეთში მიმდინარე პროცესებით არც რუსეთია კმაყოფილი. მაგალითად, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი პირდაპირ ადებს ხელს„სომხეთის 350 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ისინი სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებისთვის და "ევრაზიული კავშირის" წინააღმდეგ აშკარა პროპაგანდას ეწევიან. კოსაჩოვი იმასაც ამბობს, რომ საკითხის ასე დასმამ - ან რუსეთი, ან ევროკავშირი -უკვე დაანგრია უკრაინა და შეუძლია დაანგრიოს ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც ასე პრინციპულად დააყენებს საკითხს. ფაქტია, რუსეთს აშფოთებს დასავლეთის, უფრო ზუსტად კი, აშშ-ის გავლენის შესაძლო ზრდა სომხეთში, მაგრამ, იმავდროულად, უარს ვერ ამბობს აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვაზეც, რადგან რუსეთის ახალ სტრატეგიაში აზერბაიჯანისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება შედის. ამიტომ იმავე ბაქოსთან რუსეთი "მათრახისა და თაფლაკვერის" პოლიტიკას ერთდროულად აწარმოებს: იარაღის მიყიდვის პარალელურად აქტიურად უწყობს ხელს ალიევის ოპოზიციის დაფინანსებას, რომელიც, ძირითადად, აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი ოლიგარქებისგან შედგება.

თუმცა, უკრაინაში შეჭრამ და ექსპანსიონისტურმა განცხადებებმა რუსეთს ტრადიციულად მისადმი ლოიალურად განწყობილ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებშიც შეუქმნა პრობლემები, რითიც, ბუნებრივია, სარგებლობს ამ რეგიონში გავლენის გაზრდით დაინტერესებული ამერიკა.

ყაზახეთში აქტიურად განიხილება განათლების სისტემის რეფორმის თემა, რომლის თანახმადაც, უფროს კლასებში ყველა საგანი ინგლისურად უნდა ისწავლებოდეს. ყირგიზეთში ითხოვენ, რომ რუსულს ოფიციალური ენის სტატუსი ჩამოერთვას. თუმცა, ყველაზე საინტერესო თურქმენეთისა და აშშ-ის დაგეგმილი სამხედრო თანამშრომლობაა, რომლის თანახმადაც, ამერიკამ თურქმენეთს უნდა გადასცეს საზღვრის გასაკონტროლებელი სპეციალური აღჭურვილობა. თურქმენეთმა აშშ-ს დახმარების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც დადასტურდა ინფორმაცია თურქმენეთის მოსაზღვრე ავღანეთის რეგიონებში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებების არსებობის შესახებ. რუსეთს ეშინია, რომ შესაძლოა, თურქმენეთმა უარი თქვას ნეიტრალური ქვეყნის სტატუსზე.

ასე რომ, რუსეთს თავსატეხი საკმარისზე მეტი აქვს, თუმცა, თავადაც არანაკლებ მტკივნეულ დარტყმებს აყენებს დასავლეთს არა მარტო ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ „ევროკავშირისა“ და ნატოს შუაგულში. მოსკოვი აცხადებს, რომ არ დაუშვებს„ნატოს შეიარაღებული ძალების განთავსებას ბალტიისპირეთში. დასავლური პრესა წერს, რომ რუსეთი ვერ ხედავს არსებით სხვაობას უკრაინასა და ბალტიისპირეთს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი„ნატოს წევრები არიან.

დასავლეთი ელოდება, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე ესტონეთი, ლიტვა და ლატვია იქნებიან, სადაც მოსკოვი ფართოდ გაშლის თავის საბრძოლო არსენალს, დაწყებული სამოქალაქო დესტაბილიზაციის პროვოცირებით და დამთავრებული კიბერშეტევებით.

ესტონეთი, ლიტვა და ლატვია რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისთვისაც ემზადებიან და ცდილობენ თავდაცვის განმტკიცებას:„"მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნები თავად იყვნენ მზად, დაიცვან საკუთარი ქვეყნის საზღვრები და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი, ითხოვონ დახმარება და დაელოდონ, სანამ მათ დაეხმარებიან ნატოს პარტნიორი წევრი-ქვეყნები. უპირველესად ჩვენი ხალხი უნდა იყოს მზად თავისი ქვეყნის დასაცავად", - მოუწოდებს მოსახლეობას ლიტვის პრეზიდენტი.

რუსეთის აქტიურობა იგრძნობა სერბეთში, კვიპროსსა და უნგრეთშიც, რომელთაც რუსეთი თავის პარტნიორებად აცხადებს და ახლა ცდილობს, მათ რიგებს საბერძნეთიც შემატოს.ევროკავშირი შიშობს, რომ კვიპროსისა და უნგრეთის მსგავსად, საბერძნეთიც გამოეთიშება სანქციებს. უფრო შორს მიმავალია ნატოს შიშები, რომ უნგრეთმა და საბერძნეთმა უკვე ნატოში არ შეკრან„პრორუსული“ ბლოკი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ რუსეთი აქტიურად აფინანსებს დასავლეთის ქვეყნების ოპოზიციურ პარტიებსა თუ მედიას.

რა ტაქტიკა უნდა აირჩიოს საქართველომ, რომ ამ გეოპოლიტიკური ბრძოლებიდან „მშრალი“ გამოვიდეს, ანუ სულ მინიმუმ, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც დღეს გვაქვს? - ეს არის დღევანდელობის ყველაზე საჭირბოროტო საკითხი.