პროგრესი, თუ იგივე? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

პროგრესი, თუ იგივე? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ სხვანაირად გამოაჩინა. მაგალითად, ბევრი კიდევ ერთხელ დაფიქრდა, ღირდა თუ არა ისეთი მასშტაბური ამნისტიის გამოცხადება, როგორიც მოსვლისთანავე "ოცნებამ" გააკეთა? ხშირად კამათობენ, შეასრულა თუ არა "ოცნებამ" თავისი წინასაარჩევნო დაპირებები. ერთი, რაც საკამათო არ არის, ისაა, რომ პატიმრებს ნამდვილად შეუსრულა, რასაც დაჰპირდა. 10 ათასამდე პატიმარი გათავისუფლდა. ივანიშვილი ამბობს, ამნისტირებულებიდან მხოლოდ 6 პროცენტი შებრუნდა, რაც ნიშნავს, რომ ბევრი უდანაშაულო იჯდაო. ეს ამას პირდაპირ რატომ ნიშნავს, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რადგან თუ მეორეჯერ ადამიანმა დანაშაული არ ჩაიდინა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირველადაც არ ჩაუდენია, თუმცა, ეს სტატისტიკა თუ სწორია, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამნისტია გამართლებული იყო.

6 პროცენტის მიერ განმეორებითი დანაშაული მართლაც ცოტაა, მაგრამ ყველა სტატისტიკის უკან კონკრეტული ადამიანები და მათი ტრაგედია დგას. რას ეუბნება ხელისუფლება თუნდაც იმ პოლიციელების მშობლებს, რომლებიც შალვა აბულაძემ იმსხვერპლა?

ამ დღეებში განვითარებულმა ამბებმა  ასევე გამოაჩინა, რომ ჩვენი პრემიერი ცოტაც და სააკაშვილივით დაიწყებს აზროვნებას, რადგან მისი განცხადება, რომ ხელისუფლება იქნება დაუნდობელი ყველა ამნისტირებულის მიმართ, ვინც ამას ვერ დააფასებს და დანაშაულს კიდევ ჩაიდენს, ძალიან ჰგავდა მიშას ცნობილ გამოსვლას - "ყველანი ციხეში!" "ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებულნი, ეს ვერ დააფასეს, ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი. მე პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობას, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათ მიმართ. ამის პირობას ვდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება. მათი ადგილი არ არის ჩვენ შორის, ჩვენს ხალხს შორის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ბატონო ირაკლი, ვინც კანონს დაარღვევს, უნდა დაისაჯოს ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და არა ისე, როგორც ამას თქვენ, ან სააკაშვილი მოითხოვთ! თუ ასეთი მკაცრი ტონით კრიმინალების შეშინება გადაწყვიტეთ? ან რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამნისტირებულებმა ვერ დააფასეს ხელისუფლების ჰუმანური ნაბიჯი, თუ მართლაც მხოლოდ 6-მა პროცენტმა ჩაიდინა დანაშაული?

და კიდევ ერთი შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც აბულაძის დაკავების დროს გამოიკვეთა: აბულაძე რომ უსისხლოდ დააკავეს, მივესალმები, მაგრამ მართლა მაინტერესებს, რითი განსხვავდება აბულაძის ახლობლებისა და მეგობრებისთვის ნარკოტიკების ჩადება (ამის დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რადგან ყველას ერთდროულად როგორ აღმოაჩნდა კანონდარღვევა?)  და ფაქტობრივად მათი მძევლად აყვანა, რომ ძებნილი ჩაბარებულიყო, თავის დროზე ოთანაძის და კრიალაშვილის ნათესავების დაჭერისგან? იმით, რომ ისინი მაშინ, როგორც ჰყვებიან, აწამეს და მამედოვი კი მხოლოდ სამუდამო პატიმრობით შეაშინეს? კი ბატონო, ეს მართლაც არის მნიშვნელოვანი განსხვავება! შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ პროგრესი გვაქვს უზარმაზარი!

მოეთხოვება თუ არა პასუხი სპეცრაზმელს?

ინა კვირას პირველად მოხდა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აზრები ერთმანეთს სრულად დაემთხვა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ღარიბაშვილმა სპეცრაზმელების პასუხისმგებლობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ მათ დანაშაულის გამო პასუხი არ უნდა აგონ, თუ სხვის უკანონო დავალებას ასრულებდნენ, შესაბამისად მხოლოდ უკანონო დავალების გამცემი უნდა დაისაჯოსო. არადა, კანონი ცალსახად ამბობს, რომ ისჯება როგორც უკანონო ბრძანების გაცემა, ასევე უკანონო ბრძანების შესრულება, თუ საქმე აშკარა უკანონობასთან გვაქვს. თან ეს განცხადება პრემიერმა გააკეთა  იმ ფონზე, როდესაც ამ ხელისუფლებას ცნობილი კორტების საქმეზე 8 სპეცრაზმელი ჰყავს დაკავებული. "ნაციონალები" დიდი ხანია გაიძახიან, რატომ დაიჭირეთ ეს სპეცრაზმელები, მათ როგორ უნდა გაერკვიათ, კანონიერი იყო თუ არა ხელმძღვანელის ბრძანებაო.

ზოგადად პრემიერის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება, რომ სპეცრაზმელი ყველა შემთხვევაში უდანაშაულოა, რადგან ბრძანებას ასრულებს, არის დანაშაულის წახალისება. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ მისგან აშკარად განსხვავებული განცხადება გააკეთა შს მინისტრმა. გომელაურმა თქვა, რომ უკანონო ბრძანების შესრულება აშკარად დანაშაულია, მაგრამ ვეცდებით მსუბუქად გადავარჩინოთ ის რვა სპეცრაზმელიო. ასევე განსხვავებული მიდგომა აღმოაჩნდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან უხეშადაც კი უპასუხა ღარიბაშვილს, მაგას სპეცრაზმელების ამბავს ვინ ეკითხება, მათი უფროსი მინისტრია და იმან რაც თქვა, იმას ვეთანხმებიო.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ არსებობს შემთხვევები, როდესაც სპეცრაზმელისთვის შეუძლებელია იმ მომენტში მიხვდეს, ბრძანება კანონიერია თუ უკანონო, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევაც, როცა ეს თავიდანვე ცხადია. მინისტრმაც მოიყვანა ასეთი მაგალითები და მეც ვიტყვი ერთს: მაგალითად, თუ ალყაში მოქცეული ძებნილი ნებდება და ხელებს სწევს, ხოლო უფროსი სპეცრაზმელს უბრძანებს, ესროლე, მაგის ცოცხლად აყვანა არ გვაწყობსო, არა მგონია, ასეთ დროს სპეცრაზმელს კოდექსში ჩახედვა სჭირდებოდეს იმის გასარკევევად, ეს ბრძანება კანონიერია თუ უკანონო! ამიტომ იყო არასწორი პრემიერის განცხადება.

კორტების საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელების შემთხვევაში კი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი დიდი ალბათობით, იმიტომ დააკავეს, რომ ფირცხალავაზე რამე ეთქმევინებინათ და ახლა, როცა ჩვენება მაინც ვერ მიიღეს, ფიქრობენ, როგორ გამოუშვან! საკუთარ გადაწყვეტილებებში აიხლართნენ. ყველაზე სწორი კი ის იქნებოდა, რომ თუ სპეცრაზმელების ქმედებაში დანაშაული იკვეთებოდა, წაეყენებინათ მათთვის ბრალი, მაგრამ წინასწარი პატიმრობა არ მოეთხოვათ. განეხილა საქმე სასამართლოს და სასამართლო გადაწყვეტდა მერე, ისინი დამნაშავეები არიან თუ არა. ახლა კი ღარიბაშვილი წყვეტს ამას!