"ე.წ. ხალიფატი ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვოს" - ინტერვიუ თურქეთის ელჩთან (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ე.წ. ხალიფატი ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვოს" - ინტერვიუ თურქეთის ელჩთან (ექსკლუზივი)

"მნიშვნელოვანია იმ მიზეზების გამოვლენა, თუ რატომ სწირავენ პანკისელი ახალგაზრდები საუკეთესო წლებს

ისეთ მონსტრს, როგორიც ე.წ. ხალიფატია"

ახლახან პანკისიდან სირიაში საბრძოლველად წასული ახალგაზრდების ამბავმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა - რადიკალური ექსტრემიზმი გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს. "კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად ესაუბრა საქართველოში თურქეთის ელჩს, ლევენთ გუმრუქჩუს.

- ახლახან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დასავლეთს შეიძლება ბაშარ ალ-ასადთან მოლაპარაკებამ მოუწიოს. თუ გავიხსენებთ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თეთრი სახლის განცხადებებს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე, ორმაგ სტანდარტებთან ხომ არა?

- ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. რაზე უნდა მოილაპარაკო რეჟიმთან, რომელმაც სიკვდილისთვის გაწირა ასიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა? არ მჯერა, რომ დასავლეთში ვინმე იყოს ასადთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მსურველი. მაგრამ, მეორე მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კრიზისი, ბოლოს და ბოლოს, გადაიჭრას, თანაც მშვიდობიანი გზით. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ახლანდელი მთავრობა წავიდეს და ჩამოყალიბდეს სირიის ახალი მთავრობა, რომელიც გააერთიანებს მთელ ქვეყანას. ეს, რა თქმა უნდა, თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო, როცა კრიზისი ის-ის იყო იწყებოდა, ახლა ბევრად რთულია...

რაც სირიაში ხდება, იმაზე მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობაა პასუხისმგებელი. საერთაშორისო უსაფრთხოების ის მოდელი, რაც ახლა გვაქვს, არ არის ეფექტური მსგავს კრიზისებთან საბრძოლველად.

ამით იმის თქმა მინდა, რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ზოგიერთ მხარეს არ შეუძლია ან არ სურს საკუთარ ინტერესებზე მაღლა საერთაშორისო კეთილდღეობა დააყენოს.

- არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ ათეულობით ახალგაზრდა პანკისელმა სირიასა და ერაყს მიაშურა "ისლამური სახელმწიფოს" დროშით საბრძოლველად, დერეფნად კი თურქეთს იყენებენ. თქვენი აზრით, რა უნდა იღონოს საქართველომ ამ პრობლემის გადასაჭრელად?

- საუბედუროდ, საკმარისად არის ხალხი, ვინც ამას აკეთებს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანაშიც. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას, განსაკუთრებით მუსლიმებს, გავაგებინოთ, რომ იმას, რასაც ე.წ. ხალიფატი აკეთებს, საერთო არაფერი აქვს ისლამთან; რომ პირიქით, ეს უპირველესად ისლამს ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, აუცილებელია, მათთან ბრძოლაში გააქტიურება. თუ მხოლოდ იმ რეგიონებს დავუპირისპირდებით, რომელთაც ისინი აკონტროლებენ, ეს დროებითი გამარჯვება იქნება.

საჭიროა მათი ძირფესვიანად ამოძირკვა, ეს კი მხოლოდ სირიის კრიზისის მოგვარებით გახდება შესაძლებელი. რაც შეეხება თურქეთს, მინდა ვთქვა, რომ ექსტრემისტები სხვა ქვეყნებსაც იყენებენ სირიაში მოსახვედრად: ლიბანს, იორდანიასა და ერაყს. მეორე მხრივ, სირიასა და თურქეთს შორის საზღვრის სიგრძე 911 კმ-ია და შეუძლებელია 100%-იანი კონტროლის დაწესება. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ახლახან დაიწყო ჩვენთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა იმ პირთა შესახებ, რომელიც პოტენციური ექსტრემისტები არიან და შედეგად, სირიაში თურქეთიდან გადამსვლელთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. რაც შეეხება პანკისსა და საქართველოს, მე შევხვდი მთავრობის წარმომადგენლებს და მოხარული ვარ, რომ მზად არიან ამ პრობლემის გადასაჭრელად. იმავდროულად, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმ მიზეზების გამოვლენას, თუ რატომ სწირავენ ეს ახალგაზრდები თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლებს ისეთ მონსტრს, როგორიცაა ე.წ. ხალიფატი. ეკონომიკური მიზეზებია თუ ინტეგრაციის ნაკლებობა, საჭიროა ამ პრობლემების გადაწყვეტა და ამ ადამიანებისთვის ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობის მიცემა. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით საქართველოს მთავრობას სწორი პოზიცია უჭირავს. ისინი ცდილობენ მოსახლეობას დაანახონ, რომ ეს არ არის ისლამი. ამასთან, მუშაობენ პანკისში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.

ვაჟა თავბერიძე