შვეიცარიის ელჩის სკანდალური განცხადება და ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ელჩი გულისხმობდა - კვირის პალიტრა

შვეიცარიის ელჩის სკანდალური განცხადება და ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ელჩი გულისხმობდა

შვეიცარიულ კომპანია "ანკა ფუდს" სამეგრელოში, ადგილობრივ კომპანიასთან გაჭიანურებული სასამართლო დავის გამო,  სერიოზული პრობლემები შეექმნა...

რა პრობლემები ექმნებათ საქართველოში უცხოელ ინვესტორებს? - ამ საკითხით მმართველი გუნდი შვეიცარიის ელჩის სკანდალური განცხადების შემდეგ დაინტერესდა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი, უცხოელ დიპლომატს, გიუნტერ ბეხლერს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა ერთ-ერთი იმ ინვესტორის ვინაობა, რომელზეც შვეიცარიის ელჩი ქართველ დეპუტატებს ესაუბრა. საქმე ეხება შვეიცარიულ კომპანია "ანკა ფუდს", რომელიც სამეგრელოს რეგიონში 2008 წლიდან თხილის ექსპორტზე მუშაობს და ადგილობრივ კომპანიასთან გაჭიანურებული სასამართლო დავის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კომპანიის მფლობელის, ალი რიზა კიზილდაგის, წილები და ქონება დააყადაღა.

გიგლა აგულაშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: - რამდენიმე სიტყვით ამ თემასაც შევეხეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ელჩი ამ საკითხზე ესაუბრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც, დეტალებში ჩაღრმავება აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ. სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელისგან ველით ადეკვატურ გადაწყვეტილებას.

- ბრძანეთ, რომ გიუნტერ ბეხლერი ნინო გვენეტაძესაც ესაუბრა. ხომ არ აღიქმება ეს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად?

- ამა თუ იმ პრობლემაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინფორმირება არ ნიშნავს, რომ ვინმე უკანონო გადაწყვეტილებას ითხოვს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ერთ-ერთ კომპონენტად გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვის ალბათობის გაზრდას. მომავალში მოვაწყობთ ამ ბიზნესმენებთან შეხვედრას და მათგან უშუალოდ მოვისმენთ, რა პრეტენზიები აქვთ. ზოგადად,

საკითხი ეხება გაჭიანურებულ საგადასახადო შემოწმებას, ცალკეული ჩინოვნიკების, მათ შორის - სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

იმისათვის, რომ ეს საკითხები კარგად იქნეს შესწავლილი, შევთანხმდით შეხვედრაზე, სადაც მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და გადავწყვეტთ, რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე - ეს არის სისტემური თუ ინდივიდუალური...

- თქვენთვის თუ მოუმართავს რომელიმე ინვესტორს მსგავსი პრეტენზიით?

- არა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეჭვი შევიტანო ელჩის განცხადებაში. ჩვენ შევთავაზეთ ელჩს, თუ არსებობს საქმე, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩარევას, ან მომავალში გაჩნდა ასეთი საკითხი, დაგვიკავშირდეს და დაუყოვნებლივ ჩავერევით.

P.S. შევეცადეთ კომპანია "ანკა ფუდთან" დაკავშირებას. საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი ალი რიზა კიზილდაგი ამჟამად ციურიხშია, კომპანიის იურისტმა კი კომენტარისგან თავი შეიკავა, რათა ეს არ ყოფილიყო აღქმული სასამართლოზე ზეწოლად.

გიუნტერ ბეხლერის განცხადება

შვეიცარიის ელჩი ერთ-ერთ ინტერვიუში სასამართლოში წარმოებულ საქმეებზე საუბრობდა. უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ სასამართლოში საქმეს აგებენ უცნაური გარემოებებისა და მტკიცებულებების გამო.

"სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ ქრთამის და არა მტკიცებულებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. თუ ეს მართალია, მე მხოლოდ შემიძლია ვთხოვო ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს, რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან შესაძლოა, გახდეს მთავარი რისკ-ფაქტორი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება როგორც პარტნიორები და ნოვატორული გზამკვლევები", - აღნიშნა გიუნტერ ბეხლერმა.

ვახო ბერიძე