გაგრძელება იქნება (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

გაგრძელება იქნება (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

ეს რა იყო, კაცო! წინა კვირაზე ვამბობ. ბობოქარი ღამე ხომ გაგიგიათ? ჰოდა, ეს იყო ბობოქარი კვირა! რომ დაიწყო, აღარ დამთავრდა! მოდიოდა და მოდიოდა ამბები! ყოველ დღეს ახალ-ახალი სიურპრიზი მოჰქონდა! თითქოს ადრე ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით წასული შავლიაშვილი არ იყო საკმარისი (რომელსაც საკუთარი მოადგილე აკრიტიკებდა), რომ უცებ გარემოს დაცვის მინისტრს ცოლ-შვილი მოენატრა და თანამდებობიდან გადადგა (სულაც არ ვაპირებ ამის გამო მის გაკიცხვას, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და პრიორიტეტიც ცხოვრებაში). რომ ვიფიქრეთ, ამით დასრულდა ყველაფერიო, ნურას უკაცრავად! წინადღით მუშაობის იშტაზე მყოფი ლევან ყიფიანი მეორე დილით გადამდგარი დაგვხვდა (თუმცა, რაღა უცებ? ერთი საათი კითხულობდა გადადგომის განცხადებას. იმდენი გაკეთებული საქმე ჩამოთვალა, ერთი ხანობა ვიფიქრე, ახლა არ თქვას, ამდენი რამე გამიკეთებია და სად უნდა წავიდეო). თან იმ დღეებში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კი ბატონო, ყიფიანს არ უთამაშია, მაგრამ სპორტის მინისტრის წარმატება სხვანაირად როგორ უნდა გაიზომოს, თუ არა სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებებით? თუმცა, ყველა გაკეთებულ საქმესა და ჩემპიონობაზე წონიანი კურტანიძისა და ხაბარელის განწყობა აღმოჩნდა. მათ არ მოსწონდათ მინისტრი! ჰოდა, კურტანიძეს და ხაბარელს თუ არ მოსწონთ, აბა, გაკეთებულ საქმეებს და მედლებს რაღა მნიშვნელობა აქვს?

ასევე, აღმოჩნდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს პრემიერ-მინისტრის სიტყვას. ერთ დღეს გვარწმუნებდა, რომ მხოლოდ ორი ახალი მინისტრი გვეყოლებოდა, მეორე დღეს კი გაირკვა, რომ თურმე, მესამეც იქნება! თანაც - თავდაცვის მინისტრი! ამან კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ მას ქვეყნის მართვას არც ეკითხებიან, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილს თავიდან სრული კარტ-ბლანში მისცა: ვინც გინდა, ის დანიშნე თანამდებობებზეო; ღარიბაშვილმაც დანიშნა, ვინც უნდოდა და მისი დანიშნული კადრების დიდმა ნაწილმა ვერ გაამართლა. ჰოდა, ახლა ისე უნიშნავენ კადრებს, არც კი აგებინებენ. ჰა, როგორია, ასეთი პრემიერ-მინისტრი რომ გყავს?

და რომ გვეგონა, ეს იყო ბოლო სიურპრიზი, თურმე მთავრობა ბჭობდა და პრეზიდენტი იცინოდა: რისი უფლებაც მაქვს, იმას მაინც გამოვიყენებო და პრეზიდენტმა ქუთაისისკენ დაძრული მთავრობა გზიდან მოაბრუნა - ერთი კვირა კიდევ იფიქრეთო. მართალია, მთავრობა და უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ერთ კვირაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ფიქრი მაინც სასარგებლო იქნება. ამასობაში, პრემიერმა ახალი მინისტრების დანიშვნის ბრძანება გამოსცა და ახლა კონსტიტუციონალისტები იმაზე დაობენ, ჰქონდა თუ არა პრემიერს ამის უფლება და ხიდაშელი და აგულაშვილი პარლამენტარები არიან თუ მინისტრები! კონსტიტუციონალისტების ნაწილი ამბობს, არიან უკვე მინისტრებიო, მეორე ნაწილი კი ამბობს - ჯერ არაო. თუმცა, ყველა აღიარებს, რომ მსოფლიოში ყველაზე ბუნდოვანი კონსტიტუცია გვაქვს! გაგრძელება იქნება...

როგორ წავიკითხოთ კონსტიტუცია?!

ამ კვირაში გაირკვა, რომ სავალუტო კრიზისი ხოკრიშვილისა და ყიფიანის ბრალი ყოფილა და ლარს სწორედ მათი გადადგომა გაამყარებს! ვისაც არ გჯერათ, ღარიბაშვილს ჩახედეთ თვალებში, ან ხადურს მაინც!

გაირკვა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ხაბარელს და კურტანიძეს შეუძლიათ მინისტრი გადააყენონ!

და რომ ხოკრიშვილის ცოლმა უნდა თქვას, ქალი ვარო - აბა, კაცი შენი მონატრების გამო მინისტრის თანამდებობას რომ დატოვებს...

ადრე ის მაინც ვიცოდით, ვისზე იყო მორგებული კონსტიტუცია. ახლა ისიც კი არ ვიცით, ის როგორ წავიკითხოთ.

გვყავს პრემიერი, რომელსაც მთავრობაში არც ერთი საკუთარი კადრი აღარ დარჩა და ჯერ ისიც არ იცის, თვითონ დარჩება თუ არა!

გვყავს მინისტრები, რომლებიც პრემიერს კი არა, ვიღაც სხვას ემორჩილებიან. კაცმა რომ თქვას, პრემიერიც მას ემორჩილება!

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რესპუბლიკელებს დაეყრდნოს! ძალიანაც კარგი. თავიდანვე ასე რომ ექნა, უკეთესი იქნებოდა!

პირველად გვეყოლება ქალი თავდაცვის მინისტრი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ კაცს აჯობებს!

გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცოტა უფლება აქვს, რომელიმე რომ არ გამოიყენოს, ენანება!

სულ უფრო ვრწმუნდები, მართალი ვიყავი, ადრე რომ დავწერე, ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა მისი ყველაზე უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო-მეთქი! ამ გადაწყვეტილებით მან საეჭვო გახადა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების მთავარი მონაპოვარი - უფრო დემოკრატიული გარემო, რადგან სინამდვილეში, წასვლა არ გამოვიდა!

და მაინც: "ოცნების" მმართველობის თანმხლები პრობლემების ფონზე სააკაშვილისა და„"ნაციონალების" მონატრება იგივეა,„"ნაციონალების" სისასტიკის ფონზე შევარდნაძე და მოქკავშირი რომ მოგვნატრებოდა!