გაგრძელება იქნება (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
04-05-2015
გაგრძელება იქნება (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
ეს რა იყო, კაცო! წინა კვირაზე ვამბობ. ბობოქარი ღამე ხომ გაგიგიათ? ჰოდა, ეს იყო ბობოქარი კვირა! რომ დაიწყო, აღარ დამთავრდა! მოდიოდა და მოდიოდა ამბები! ყოველ დღეს ახალ-ახალი სიურპრიზი მოჰქონდა! თითქოს ადრე ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით წასული შავლიაშვილი არ იყო საკმარისი (რომელსაც საკუთარი მოადგილე აკრიტიკებდა), რომ უცებ გარემოს დაცვის მინისტრს ცოლ-შვილი მოენატრა და თანამდებობიდან გადადგა (სულაც არ ვაპირებ ამის გამო მის გაკიცხვას, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და პრიორიტეტიც ცხოვრებაში). რომ ვიფიქრეთ, ამით
დასრულდა ყველაფერიო, ნურას უკაცრავად! წინადღით მუშაობის იშტაზე მყოფი ლევან ყიფიანი მეორე დილით გადამდგარი დაგვხვდა (თუმცა, რაღა უცებ? ერთი საათი კითხულობდა გადადგომის განცხადებას. იმდენი გაკეთებული საქმე ჩამოთვალა, ერთი ხანობა ვიფიქრე, ახლა არ თქვას, ამდენი რამე გამიკეთებია და სად უნდა წავიდეო). თან იმ დღეებში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა
ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კი ბატონო, ყიფიანს არ უთამაშია, მაგრამ სპორტის მინისტრის წარმატება სხვანაირად როგორ უნდა გაიზომოს, თუ არა სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებებით? თუმცა, ყველა გაკეთებულ საქმესა და ჩემპიონობაზე წონიანი კურტანიძისა და ხაბარელის განწყობა აღმოჩნდა. მათ არ მოსწონდათ მინისტრი! ჰოდა, კურტანიძეს და ხაბარელს თუ არ მოსწონთ, აბა, გაკეთებულ საქმეებს და მედლებს რაღა მნიშვნელობა აქვს?

ასევე, აღმოჩნდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს პრემიერ-მინისტრის სიტყვას. ერთ დღეს გვარწმუნებდა, რომ მხოლოდ ორი ახალი მინისტრი გვეყოლებოდა, მეორე დღეს კი გაირკვა, რომ თურმე, მესამეც იქნება! თანაც - თავდაცვის მინისტრი! ამან კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ მას ქვეყნის მართვას არც ეკითხებიან, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილს თავიდან სრული კარტ-ბლანში მისცა: ვინც გინდა, ის დანიშნე თანამდებობებზეო; ღარიბაშვილმაც დანიშნა, ვინც უნდოდა და მისი დანიშნული კადრების დიდმა ნაწილმა ვერ გაამართლა. ჰოდა, ახლა ისე უნიშნავენ კადრებს, არც კი აგებინებენ. ჰა, როგორია, ასეთი პრემიერ-მინისტრი რომ გყავს?

და რომ გვეგონა, ეს იყო ბოლო სიურპრიზი, თურმე მთავრობა ბჭობდა და პრეზიდენტი იცინოდა: რისი უფლებაც მაქვს, იმას მაინც გამოვიყენებო და პრეზიდენტმა ქუთაისისკენ დაძრული მთავრობა გზიდან მოაბრუნა - ერთი კვირა კიდევ იფიქრეთო. მართალია, მთავრობა და უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ერთ კვირაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ფიქრი მაინც სასარგებლო იქნება. ამასობაში, პრემიერმა ახალი მინისტრების დანიშვნის ბრძანება გამოსცა და ახლა კონსტიტუციონალისტები იმაზე დაობენ, ჰქონდა თუ არა პრემიერს ამის უფლება და ხიდაშელი და აგულაშვილი პარლამენტარები არიან თუ მინისტრები! კონსტიტუციონალისტების ნაწილი ამბობს, არიან უკვე მინისტრებიო, მეორე ნაწილი კი ამბობს­ - ჯერ არაო. თუმცა, ყველა აღიარებს, რომ მსოფლიოში ყველაზე ბუნდოვანი კონსტიტუცია გვაქვს! გაგრძელება იქნება...

როგორ წავიკითხოთ კონსტიტუცია?!


ამ კვირაში გაირკვა, რომ სავალუტო კრიზისი ხოკრიშვილისა და ყიფიანის ბრალი ყოფილა და ლარს სწორედ მათი გადადგომა გაამყარებს! ვისაც არ გჯერათ, ღარიბაშვილს ჩახედეთ თვალებში, ან ხადურს მაინც!
გაირკვა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ხაბარელს და კურტანიძეს შეუძლიათ მინისტრი გადააყენონ!
და რომ ხოკრიშვილის ცოლ­მა უნდა თქვას, ქალი ვარო - აბა, კაცი შენი მონატრების გამო მინისტრის თანამდებობას რომ დატოვებს...
ადრე ის მაინც ვიცოდით, ვისზე იყო მორგებული კონსტიტუცია. ახლა ისიც კი არ ვიცით, ის როგორ წავიკითხოთ.
გვყავს პრემიერი, რომელსაც მთავრობაში არც ერთი საკუთარი კადრი აღარ დარჩა და ჯერ ისიც არ იცის, თვითონ დარჩება თუ არა!
გვყავს მინისტრები, რომლებიც პრემიერს კი არა, ვიღაც სხვას ემორჩილებიან. კაცმა რომ თქვას, პრემიერიც მას ემორჩილება!

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რესპუბლიკელებს დაეყრდნოს! ძალიანაც კარგი. თავიდანვე ასე რომ ექნა, უკეთესი იქნებოდა!
პირველად გვეყოლება ქალი თავდაცვის მინისტრი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ კაცს აჯობებს!
გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცოტა უფლება აქვს, რომელიმე რომ არ გამოიყენოს, ენანება!
სულ უფრო ვრწმუნდები, მართალი ვიყავი, ადრე რომ დავწერე, ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა მისი ყველაზე უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო-მეთქი! ამ გადაწყვეტილებით მან საეჭვო გახადა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების მთავარი მონაპოვარი - უფრო დემოკრატიული გარემო, რადგან სინამდვილეში, წასვლა არ გამოვიდა!
და მაინც: "ოცნების" მმარ­თველობის თანმხლები პრობლემების ფონზე სააკაშვილისა და„"ნაციონალების" მონატრება იგივეა,„"ნაციონალების" სისასტიკის ფონზე შევარდნაძე და მოქკავშირი რომ მოგვნატრებოდა!
ტატო
08 მაისი 2015 18:45
ნაციონალების დროს ციხეში მოხვედრას მილიონერობა არ ჭირდებოდა თუ ოდნავ წარმატებული ბიზნესი გქონდა,აუცილებლად ნაცები გიჯდებოდნენ წილში ან საერტოდ ციხეში გსვავდნენ და ყველაფერს გარტმევდნენ ჯანმრთელობის ჩათვლით.ამ მთავრობამ თუ ვერ ივარგა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ნაციონალებს უკან დაბრუნების შანსი აქვთ.

nona 1
06 მაისი 2015 20:45
DINO_ZAUR,ფაქტს ფაქტი უნდა დაუპირისპირო,თორემ მეც შემიძლია პინგვინი ქოცუნია სექტანტი ან რაღაც მსგავსი(არჩევანი დიდი მაქვს) გიწოდო...(მე მხოლოდ უმუშევარი დევნილი ვარ და წინა მთავრობის დროსაც უმუშევარი ვიყავი)
სულ ტყუილად გგონია,რომ ხალხის არჩევანი ყოველთვის რაციონალურია.გააჩნია,შესაძლებლობებს,თორემ ხალხის აზრით მანიპულირება შეუძლებელი სულაც არ არის,მით უმეტეს ჩვენნაირ მცირერიცხოვან ქვეყანაში.
თავისთავად,მე წინააღმდეგი არათუ არა ვარ 9-10 წელიწადში ერთხელ, მთავრობის გადარჩევისა,არამედ მომხრეც ვარ,მაგრამ მომდევნო მთავრობამ ის უნდა გამოასწოროს ,რაც გამოსასწორებელია და არა იმის განადგურებას მიჰყოს ხელი,რაც გაკეთებულია.ასე ჩვენ მხოლოდ უკან-უკან წავალთ.
ეს ისეთი ამოუწურავი თემაა, მთელი გაზეთიც კი არ ეყოფა ყველაფრის ჩამოთვლას,მაგრამ ,თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ,რამდენად ასხავს წყალს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ინვესტორების მოზიდვას ,როდესაც ქვეყნის პირველი პირი, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ხმამაღლა აცხადებს,რომ ტყუილია, რომ ჩვენთან კარგი საინვესტიციო პირობებიაო. ან როდესაც ისეთი რეფორმა ტარდება ,რომლითაც მდიდარი და შეძლებული ხალხი მეტად სარგებლობს,ვიდრე ღარიბ-ღატაკი,რადგან ამ უკანასკნელთ არც თანადაფინანსების წილის გადახდის საშუალება არა აქვთ.(ბევრს ვიცნობ ასეთს)
ან რა საჭიროა ისეთი კანონის მიღება,რომელიც ტურისტის ან ინვესტორის შემოსვლას შეზღუდავს(ტერორისტს და მაფიოზს სავიზო რეჟიმის გამკაცრებით ვერ შეაკავებ).ასეთ კანონს,ბოდიში და "პრეზერვატივის" კანონიც კი სჯობია.
ან რა საჭიროა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება,ამით ხომ არა მარტო უმუშევრობა მატულობს,არამედ ის თანხებიც წყალში იყრება,რაც აქამდე დაიხარჯა მათზე.
ეს მცირედი მხოლოდ ეკონომიკაზე,პოლიტიკური საკითხები კიდევ სხვა სასაუბროა.ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევით მოხდა,რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი არათუ პრიორიტეტული,არამედ საერთოდ აღარავის ახსოვს და ფაქტობრივად მარტო ვართ დარჩენილი რუსეთის წინაშე.
ჩემი ლანძღვა თუ საქმეს უშველის,მე თანახმა ვარ წიწილიანი კვერცხების სროლაც კი ავიტანო,მაგრამ ,სამწუხაროდ ამით ქვეყანა ვერ აშენდება.
DINO_ZAUR
06 მაისი 2015 11:11
nona 1-ს

შესავალი ტყუილად გაუკეთე. ტიპიური დემაგოგი სექტანტი ნაცი ხარ!!! რაც ნაცხროვამ სასამართლოს (და მთელ ქვეყანას) დამართა, იმის შედეგებს ახლაც ვიმკით და კიდევ კარგა ხანს ეგრე იქნება. და კიდევ, მასეთი ანგელოზები რომ ყოფილიყვნენ, ხალხი ნაცხროვას არ გადაირჩევდა.

რედაქტორის რჩევით