"სამეფო კარის ინტრიგები" - კვირის პალიტრა

"სამეფო კარის ინტრიგები"

გამოცხადებული სამთავრობო ცვლილებები მნიშვნელოვნად ცვლის როგორც შიდაპოლიტიკურ ლანდშაფტს, ასევე ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური იმიჯის გაუმჯობესებასაც ემსახურება.

რესპუბლიკელებისთვის თავდაცვის მინისტრის პოსტის გადაცემით გადაწყვეტილების მიმღებმა რამდენიმე კურდღელი მოკლა: დასავლეთს ლოიალურობა დაუდასტურა და დღევანდელი ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებული კითხვები დიდწილად მოხსნა. აშშ-ის ელჩის აქტიურობა სამთავრობო გადაადგილებების პროცესში სწორედ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დიდ დაინტერესებას ადასტურებს. როცა პარლამენტი და თავდაცვა ხანგრძლივი პროდასავლური ბიოგრაფიის მქონე პირებს აბარიათ, დასავლეთი უფრო მშვიდად შეხედავს საგარეო-პოლიტიკურ ფლანგზე საქართველოს ხელისუფლების დაბალანსების პოლიტიკას.

დასავლეთისკენ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო იმ ფონზე, როცა ჩვენივე მეგობარმა, მეზობელმა და პარტნიორმა ქვეყნებმა სულ უფრო გაახშირეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების იგნორირებისა და აშკარა უპატივცემულობის გამოვლენა. ბოლო ასეთი ფაქტი სწორედ სამთავრობო ცვლილებების პარალელურად მოხდა აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტმა ალიევმა დიდი პატივით მიიღო საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. თუ გავითვალისწინებთ უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ანალოგიურ დამოკიდებულებას საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდის მიმართ და იმასაც, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება აშშ-ის სრული მხარდაჭერით სარგებლობს, მივხვდებით, რომ საქართველოს მმართველ კოალიციას საერთაშორისო იზოლაციას ბევრი არაფერი აკლდა და ამ ვითარებაში კოალიციაში პროდასავლური ფრთის გაძლიერება მართლაც გონივრული ნაბიჯია.

მეორე მხრივ, მმართველი კოალიცია კვლავ საინტერესო ხდება პროდასავლელი ამომრჩევლისთვის, რაც მთავარ ოპოზიციურ პროდასავლურ ძალებს ნიადაგს დიდწილად აცლის. განსაკუთრებით დამძიმდება "თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია, რომელთა მთავარი მესიჯი მმართველი კოალიციიდან წასვლის შემდეგ სწორედ ხელისუფლების მიერ პროდასავლურ საგარეო კურსზე უარის თქმა გახლდათ. ამასთან, ირიბად სწორედ "თავისუფალ დემოკრატებს" უძევთ ლომის წილი რესპუბლიკელების დღევანდელ ტრიუმფში - მათი წასვლით უმრავლესობიდან „რესპუბლიკელები“ ერთადერთი მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური ძალა დარჩა კოალიციაში და მისი შენარჩუნება კოალიციის პროდასავლური იმიჯისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა, ისევე როგორც „რესპუბლიკელი“ დეპუტატების ხმები უმრავლესობის შესაქმენლად. ასე რომ, რესპუბლიკელებს პოლიტიკამ, - ვინც მოითმენს, ის მოიგებს, - არა მარტო ადგილი შეუნარჩუნა სახელისუფლებო პიედესტალზე, არამედ თავდაცვის მინისტრის პოსტიც ჩაუგდო ხელთ, პოსტი, რომელიც თავისთავად შეიცავს რეიტინგის მარაგს. უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილის მიერ დაკავებული წამყვანი სახელმწიფო პოსტები რესპუბლიკელებს პირველად აძლევს რეიტინგის ზრდის იმგვარ შანსს, რომ მათ სხვა პარტიებისგან დამოუკიდებლად შეძლონ საპარლამენტო ბარიერის გადალახვა.

სამაგიეროდ, პარტია და ფრაქცია "ქართული ოცნებაა" ცუდ დღეში. მათთვის რიცხოვნობით გაცილებით მცირე„რესპუბლიკური ფრაქციისგან პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოხვევა ერთგვარი ალიყურის ტოლფასია და იმ მარტივი ჭეშმარიტების დადასტურება, რომ რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს და მორჩილი ჭკვიანთან ყოველთვის აგებს ბრძოლას. თუ 2016 წლის არჩევნებისას "ქართული ოცნების" საპარლამენტო სია კვლავ მორჩილებით და არა მოაზროვნეებით დაკომპლექტდა, ის ძალიან მალე დაკარგავს სახელისუფლებო პოზიციებს. ამის მაგალითი უკვე მოქმედ პარლამენტში რესპუბლიკელების მოქნილობამ აჩვენა. მომავალ პარლამენტში კი მორჩილსა და კუნთმაგარს აუცილებლად დაჯაბნის გამოცდილი და გამჭრიახი.

თუ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს შევაფასებთ, ერთი დამაიმედებელი ტენდენცია ნამდვილად იკვეთება: ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი პრეზიდენტი; პარლამენტი, რომელიც თავის ჭკუაზე ატარებს მთავრობას და ყველაზე სუსტი რგოლი - აღმასრულებელი ხელისუფლება. ევროპისა რა გითხრათ, მაგრამ საქართველოს დემოკრატიისკენ 25-წლიანი სვლის გზაზე არცთუ მცირე მიღწევაა ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯნული შტოები, რაც დაუძლეველი ამოცანაა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. ახლა თქვენ ამას გინდათ“"სამეფო კარის”ინტრიგები" უწოდეთ და გინდათ, აშშ-ის ზეგავლენა: ფაქტი სახეზეა.