"არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად" - რა რეცეპტები აქვს თინა ხიდაშელს?
04-05-2015
"არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად" - რა რეცეპტები აქვს თინა ხიდაშელს?
თინა ხიდაშელი: "ჩემი რეცეპტები თავში მაქვს"

"ირაკლი ალასანია გასცდა იმ ზღვარს,  რა ტონალობითაც ოპონენტს უნდა ესაუბრო"


ესაუბრა თუ არა მთავრობის წევრად წარდგენამდე ბიძინა ივანიშვილს და რა პრინციპით შეარჩიეს თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე, როგორ აპირებს მოქმედ პრემიერთან ურთიერთობის გაგრძელებას და შედგა თუ არა პოლიტიკური ვაჭრობა რესპუბლიკურ პარტიასა და ხელისუფლების პირველ პირებს შორის? ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" თავდაცვის მინისტრად დანიშნული თინათინ­ ხიდაშელი­ ესაუბრა:

- როგორც კი პრემიერმა­ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარგადგინათ, უწყების წარმომადგ­ენ­ლებთან
აქტიური შეხვედრები დაიწყეთ. ამ თანამდებობისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებოდით და უკვე გაქვთ ჩამოყალიბებული კონცეფცია, თუ როგორ აპირებთ თავდაცვის სამინისტროს მართვას?

- თავდაცვის მინისტრად ჩემი დანიშვნის შესახებ პრემიერის პრესკონფერენციიდან არ შემიტყვია. ამაზე საუბარი მანამდე შედგა და შეთანხმებაც არსებობდა. რაც შეეხება ხედვას, დღეს თავდაცვის სამინისტრო უელსის სამიტზე
მიღებული ფორმატის მიხედვით მუშაობს. ამ მიმართულებით კი, პირადად მე, საკმაოდ ბევრი მიმუშავია. არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც ყველგან რეცეპტებით დადიან. შესაძლოა, ჩემი რეცეპტები თავში მაქვს, მაგრამ სამინისტროში მყოფ პროფესიონალ კადრებს მედიის საშუალებით არ დაველაპარაკები. სწორედ ამიტომ დავიწყე მათთან ინტენსიური შეხვედრები.

- თავდაპირველად პრემიერმა­ მხოლოდ ორი მინისტრის შეცვლა დააანონსა, თუმცა, მოგვიანებით ახალი მინისტრების სიაში თქვენც მოხვდით. საზოგადოების ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენი დანიშვნის შესახებ თავად ირაკლი ღარიბაშვილიც არ იყო ინფორმირებული. თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან გაიარეთ?

- ბიძინა ივანიშვილთან ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი განწყობა და მასთან ურთიერთობაც არასოდეს დამიმალავს. ამიტომ მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მას არასოდეს შევხვედრივარ.
მოქმედ პრემიერთან ურთიერთობას კი ისე გავაგრძელებ, როგორც აქამდე, უბრალოდ, ბევრად ინტენსიურ რეჟიმში.

- ბოლო პერიოდში რესპუბლიკელებმა საკუთარი პოზიციები პარლამენტში შეარბილეთ. მაგალითად, საყდრისის კომისიის შექმნას ხმა არ მიეცით, როცა მანამდე დროებითი საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებას ეთანხმებოდით, ირაკლი ალასანიაც მწვავედ გააკრიტიკეთ მკვეთრი განცხადებების გამო. პოზიციის შეცვლა თქვენი პარტიის ლიდერების დაწინაურებას ხომ არ უკავშირდება?
- "ნაციონალებმა" ან "თავისუფალმა დემოკრატებმა" ეს საკითხი პარლამენტში 23-ჯერ რომ შემოიტანონ, საყდრისის საკIითხზე კომისია მაინც არ შეიქმნება და რა აზრი აქვს? ეს ცირკს დაემსგავსა, რომელშიც მონაწილეობას არ მივიღებთ. ასე რომ, ეს პოზიციის შერბილებას არ გულისხმობს. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მას დღესაც ჩემს მეგ­ობრად მივიჩნევ და მუდამ ასე იქნება. შესაძლოა, დღეს ის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტია, მაგრამ ის სწორედ იმ ტიპის ოპონირებას გვიწევს, რომელიც სახელმწიფოს მეტად გაჯანსაღების საშუალებას აძლევს. უბრალოდ, განვაცხადე, რომ ირაკლი ალასანია გასცდა იმ ზღვარს, რა ტონალობითაც ოპონენტს უნდა ესაუბრო.

- სხვადასხვა მედიასაშუალება­ დღესაც ავრცელებს 2001 წელს თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევთ.

- რაც წერია, ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ თუ არ იტყვი, რა კონტექსტია... როცა წერია მხოლოდ ეს... ტრენინგზე ხომ ყოფილხართ, არ გითამაშიათ? შეიძლება ისეთ საკითხებზე ვიმსჯელოთ, ვიღაცამ ჩვენი საუბარი რომ ჩაიწეროს, სამშობლოს მოღალატეებად კი არა, სამყაროს პრობლემადაც შეიძლება გამოგვაცხადონ.

- ეს ტრენინგზე კი არა, ქართულ-აფხაზურ კონფერენციაზე­ განაცხადეთ..
- ეს საერთაშორისო დონეზე ორგანიზებული შეხვედრა იყო, კონფერენციას უფრო ოფიციალური სტატუსი აქვს. მაშინ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შეხვედრების მთელი ციკლი გვქონდა. დახურულ კარს მიღმა საუბრისას ამოცანას გულზე ხელების ბრაგუნი კი არა, მეორე მხარის ალაპარაკება წარმოადგენს. მე დღესაც იმავეს გავიმეორებ... ვფიქრობ, საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი აფხაზეთში პროაფხაზური ძალები არიან, რომლებსაც სჯერათ, რომ მთავარი მიზანი აფხაზეთის დამოუკიდებლობაა. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის ნაწილად გახდომას არ დაუშვებენ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. მათი ამოცანები­ და სტრატეგია უნდა იცოდე, მაგრამ თუ ადამიანს ეტყვი, ხვალ დილით თუ არ დათანხმდები ჩემს წინადადებას, თოფით მოვდივარ და დაგიპყრობო, ის ჩაიკეტება და მის გეგმებზეც ვერაფერს შეიტყობ. ამიტომ სემინარი თუ "მრგვალი მაგიდის" ფორმატის შეხვედრები სწორედ იმას ემსახურება, რომ მეორე მხარე ყველა სცენარზე მაქსიმალურად აალაპარაკო.

- დავაზუსტოთ: უკვე თავდა­ცვის მინისტრი ხართ და იგივე პოზიცია გაქვთ?

- არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად. ეს არის სცენარის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მეორე მხარე უნდა ვალაპარაკოთ. ამას ჰქვია თამაში "მრგვალი მაგიდის" ფორმატში. არ ვაპირებ ამ თემაზე თავის მართლებას.

- იქნებ ის აგვიხსნათ, მთავრობაში რესპუბლიკური პარტიის ფართო სპექტრით წარმოდგენა პოლიტიკური ვაჭრობის შედეგი არის თუ არა, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს?

- ეს არ არის ვაჭრობა, ეს კოალიციური შეთანხმებაა. თავის დროზე, "თავისუფალ დემოკრატებს" მთავრობაში ხუთი მინისტრი ჰყავდათ, მაგრამ მაშინ ასეთი შეთანხმება იყო: რესპუბლიკელებს მეტი თანამდებობრივი წარმომადგენელი პარლამენტში უნდა გვყოლოდა, "თავისუფალ დემოკრატებს" - მთავრობაში. დღეს "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციაში აღარ არიან, შესაბამისად, ახალი ტიპის შეთანხმების საჭიროება დადგა. პოლიტიკაში ყველაფერი "მოსულა", გნებავთ, ამას ვაჭრობა დაარქვით, პრობლემა არა მაქვს. უბრალოდ, როცა ხელისუფლება კოალიციურია, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა შტოც კოალიციური უნდა იყოს.

- პრეზიდენტთან თანამშრომლობის გაგრძელების გეგმაც შემუშავებული გაქვთ? მან, ფაქტობრივად, თქვენი კანდიდატურის გამო გადაავადა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში გადაგზავნა?
- არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და მასთან კომუნიკაციის პრობლემა მაქვს. ეს არც პრეზიდენტის შემთხვევაში მოხდება, თუ, რა თქმა უნდა, მასაც ექნება ამის სურვილი.

რუსუდან შელია

iza
06 მაისი 2015 21:03
ასე ოსტატურად გააბრიყვო ხალხი და მტავრობასჰი დაუსვა იმ პარტიის წევრები რომელტაც ხალხის ერტი %-იც არ ენდობა ეს ამერიკის და ივანისჰვილის პროფეზიონალიზმია.ბრავო.
iberieli
06 მაისი 2015 02:06
ეს ისეთივე თავდაცვის მინისტრი იქნება როგორც შადიმან ბარათავშვილი იყო დაუწყებელ ომს ეგრევე წაგებულად გამოაცხადებს
zaza
05 მაისი 2015 21:52
მოკლედ რაღა ეს და რაღა ზაქარეიშვილი, ეს უკანასკნელი ვინცაა კარგად იცით

რედაქტორის რჩევით