"კიდევ 6 მინისტრს მოხსნიან" - ვინ როგორ ივაჭრა მმართველი კოალიციის შიგნით - კვირის პალიტრა

"კიდევ 6 მინისტრს მოხსნიან" - ვინ როგორ ივაჭრა მმართველი კოალიციის შიგნით

"არ გამოვრიცხავ, სამთავრობო ცვლილებები ივანიშვილისა და რიჩარდ ნორლანდის შეხვედრაზე დაგეგმილიყო"

"სერგეენკოსა და კალაძეს შორის ერთ-ერთი ფილტრაციას შეეწირება"

ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობის შემადგენლობას პირადი განცხადების საფუძველზე სამი მინისტრი გამოეთიშა - ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან წასვლის მთავარ მოტივად ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა, გარემოს დაცვის სამინისტროს ექსხელმძღვანელმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საჯარო სამსახურს გერმანიაში ოჯახთან ყოფნა არჩია, ლევან ყიფიანმა კი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კურირებდა, პოსტიდან გადადგომა სპეკულაციებისგან თავის არიდების მიზნით გადაწყვიტა.

დავით შავლიაშვილი მისმა მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილმა მეორე დღესვე შეცვალა, ამიტომ საზოგადოება, ლოგიკურად, ორი ახალი მინისტრის მოლოდინში იყო, თუმცა, საბოლოოდ, პრემიერმა მოსახლეობას თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელიც წარუდგინა.

გიგლა აგულაშვილი - გარემოს დაცვის, ტარიელ ხეჩიკაშვილი - სპორტის, თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრებად - მთავრობის ხელმძღვანელმა კოალიციასთან კონსულტაციების შემდგომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ღარიბაშვილის განმარტებით, ცვლილებები მთავრობის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება, თუმცა, ამ ცვლილებებს საზოგადოებაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა. გია ხუხაშვილის აზრით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში რესპუბლიკელების გაფართოებული შემადგენლობით წარმოდგენა პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ სამთავრობო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "მთავრობის სისტემური გადახალისება მოსალოდნელიც იყო, რადგან ხელისუფლებამ გლობალურ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გამოწვევებს სრულფასოვნად ვერ უპასუხა. რაც შეეხება რესპუბლიკელების წინა პლანზე წამოწევას, "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან წასვლის შემდეგ მმართველ გუნდში ამ პარტიის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მათ მეტი "ლუკმის" მიღების სურვილი გაუჩნდათ. რესპუბლიკურ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად კარგად ანგარიშობენ. გარკვეულ საკითხებზე რესპუბლიკელების მმართველ გუნდთან დაპირისპირება სწორედ პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილი იყო, თუმცა, ისინი ხელისუფლების პირველი პირებისთვის საფრთხეს მაინც არ წარმოადგენენ. თუ რესპუბლიკელები შიდაკრიტიკას "გადაამლაშებენ", ხალხის პირისპირ დგომა მოუწევთ, მათი საარჩევნო შესაძლებლობები კი მინიმალურია, რაშიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით. ამიტომ რესპუბლიკური პარტია ძალაუფლების გადანაწილებისას არასოდეს იმაზე მეტს არ ითხოვს, რისი მოთხოვნის რესურსიც რეალურად არ გააჩნია. პოლიტიკაში ასე ხდება, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.

მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა პარლამენტისგან ნდობას მიიღებს, ექვსი მინისტრის გათავისუფლების კომფორტი გაჩნდება. ალბათ, უახლოეს თვეებში კიდევ 6 მინისტრს გაათავისუფლებენ. საკადრო ცვლილებების მეორე ეტაპზე მთავრობას პოლიტიკურად მძიმეწონიანი მინისტრები დატოვებენ, ფინალი კი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის მძიმე ტვირთისგან გათავისუფლება იქნება. მმართველი გუნდის თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ახალი მინისტრთა კაბინეტი შემოდგომისთვის უკვე დაკომპლექტებული იქნება. კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ, თუმცა, დავით სერგეენკოსა და კახა კალაძეს შორის ერთ-ერთი ამ ფილტრაციას შეეწირება. არ გამოვრიცხავ, სამთავრობო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილისა და რიჩარდ ნორლანდის შეხვედრაზე დაგეგმილიყო... შინაარსობრივად, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა საინტერესო და სწორად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯია. ოპოზიციური პარტიების "დამსახურებით" ხელისუფლების საგარეო მისწრაფებებზე კითხვები მრავლად არსებობს, ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა კი დასავლეთის პასუხად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ცვლილებების ფორმამ საბოლოოდ მაინც ქვეყანაში არსებული მმართველობის კრიზისი გამოავლინა".

ირაკლი გოგავა, "საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი: "ინფრასტრუქტურისა თუ სპორტის სამინისტროებში უამრავი პრობლემა დაგროვდა. ამიტომ მინისტრების წასვლის ოფიციალური მიზეზების უკან ბევრად სიღრმისეული პრობლემები იმალება.

ვფიქრობ, გრანდიოზული ცვლილებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, როცა "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო მარათონისა და ამომრჩევლის გულის მოსაგებად მზადებას დაიწყებს, მინისტრთა კაბინეტიდან არაერთ ხელმძღვანელს დაითხოვენ. რაც შეეხება რესპუბლიკელების მთავრობაში დაწინაურებას, ამ გუნდის პრიორიტეტს ქართული ინტერესები არ წარმოადგენს. ფაქტია, "ქართულ ოცნებას" საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტში არ ვიხილავდით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ფაქტია ისიც, რომ რესპუბლიკელები საკუთარ მდგომარეობას ოსტატურად იყენებენ. კარგად იციან, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე "ქართული ოცნება" უმრავლესობას დაკარგავს, თუმცა, არსებობს მეორე მოსაზრებაც: თუ პოლიტიკური პარტნიორის მოშორება გინდა, ის უმაღლეს თანამდებობაზე უნდა დანიშნო. შესაძლოა, ამ ყველაფრის უკან ეს მიზეზიც იყოს, რადგან გამოუცდელი ადამიანისთვის თავდაცვის მინისტრის პოსტის ჩაბარება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებას ნიშნავს. "ქართული ოცნებისთვის" კოალიციური გაერთიანება, მით უმეტეს, რესპუბლიკელები, ზედმეტი ტვირთია, მაგრამ ასეთ ვითარებაში ფრთხილი მოქმედებაა საჭირო - უსუფაშვილი-ხიდაშელი მაქსიმუმის მისაღებად იბრძოლებენ".

რუსუდან შელია