"ხელნაწერთა ცენტრი ეკუთვნის ქართველ ხალხს" - ვიცე-სპიკერი სანიკიძე მინისტრ სანიკიძის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ხელნაწერთა ცენტრი ეკუთვნის ქართველ ხალხს" - ვიცე-სპიკერი სანიკიძე მინისტრ სანიკიძის წინააღმდეგ

"რაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, არ არის ტვირთი, რომ ადგილი მოუნაცვლო."

"ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხანძრის შემთხვევაში ხელნაწერთა ცენტრი აბსოლუტურად დაუცველია."

გუბაზ სანიკიძემ გაიღვიძა, ამ ეპითეტებით შეამკეს სოციალურ ქსელებში პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიერ ხელნაწერთა ცენტრის შესახებ გაკეთებული განცხადება. "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არ ეკუთვნის ერთ რომელიმე მინისტრს, პარლამენტს ან მთავრობას, ის ეკუთვნის ქართველ ხალხს. იქ მუშაობს ძალიან დამსახურებული ხალხი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იცავენ ჩვენს ეროვნულ სიამაყეს. მათ აქვთ საკმაოდ დაბალი ხელფასი და ძალიან დიდი ფასის ექსპონატებთან აქვთ ურთიერთობა. ისინი არიან ჩვენი ეროვნული გმირები. ეს კოლექტივი ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილია." - ასე მიმართა მიმართა გუბაზ სანიკიძემ პრემიერსა და მის მოგვარე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლების უმრავლესობასთან შეხვედრისას. "რაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, არ არის ტვირთი, რომ ადგილი მოუნაცვლო." - განაცხადა ვიცე-სპიკერმა. მისივე შეფასებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებული საკითხი ძალიან სენსიტიურია და მასზე გადაწყვეტილება ცენტრის თანამშრომლების მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა იყოს მიღებული. ხელნაწერთა ინსტიტუტის გარშემო ვნებათაღელვა მას შმედეგ არ წყდება, რაც გაირკვა, რომ მის დირექტორს ბუბა კუდავას შეიძლება თანამდებობა დაატოვებინონ. ეს საფრთხე მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე განათლების და მეცნიერების სამინისტრომ კონკურსი  გამოაცხადა, შესაბამისად, ბუბა კუდავა ამჟამად მხოლოდ დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

ბუბა კუდავა:

- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არავის სჯერა, რომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის შედეგია. ეს  პირდაპირ უკავშირდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და პირადად ჩემს მიერ მიღებულ რამდენიმე პრინციპულ გადაწყვტილებას. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია - ჩვენსა და სამინისტროს არსებული უთანხმოება, რომელიც ცენტრის შენობას უკავშირდება. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა შეიძლება, ცენტრთან კონსულტაციების გარეშე, გამოიცვალოს და გადავიდეთ იქ, სადაც სამინისტრო მოისურვებს; მეორე საკითხი რაშიც დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ სამინისტროს იყო ის, რომ არ გადავეცით ლაილაშის ბიბლია ებრაელთა მუზეუმს; მესამე მიზეზი კი ისა, რომ ყველა იმ საკითხზე, რომელშიც არ ვეთანხმებოდით სამინისტროს პოლიტიკას, ხმამაღლა ვლაპარაკობდით. ამ სამი გარემოების პირდაპირი შედეგია მინისტრ თამარ სანიკიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება

- რამდენია ცენტრის ბიუჯეტი?

- დღეისათვის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ბიუჯეტი 875 000 ლარია, რაც ათჯერ ნაკლებია იმისათან შედარებით, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ ასეთი უნიკალური კოლექციის მქონე დაწესებულებამ სრულყოფილად იფუნქციონიროს. ჩვენ ყოველწლიურად ვგზავნით წერილებს და ვითხოვთ ბიუჯეტის გაზრდას, მიუხედავად ამისა ჩვენი ბიუჯეტი ან არ იზრდება, ანდაც იზრდება ძალიან მიზერულად: 50 000 - 100 000 ლარით. ეს ჩვენი მცირე ბიუჯეტი ჰყოფნის თანამშრომელთა ძალიან მცირე ანაზღაურებას (ჩვენი თანამშრომლების ხელფასი არის 200-490 ლარი, რომელსაც აკლდება საშემოსავლოს 20%), კომუნალურ გადასახადებს და საოფისე ხარჯებს. რეალურად, ჩვენ რა პროექტებსაც ვანხორციელებთ, იქნება ეს საგამოფენო, საექსპედიციო, სარესტავრაციო და სხვ. სამუშაოები, ფაქტობრივად ყველა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორცილედება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მოზიდული დაფინანსებით.

- განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ მეცნიერებს ხელფასები გაეზარდათ...

- დიახ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საზოგადოებას ამცნო რომ 2015 წლის იანვრიდან, საქართველოში მოღვაწე მეცნიერებს 250 პროცენტით ეზრდებათ დაფნინასება და მათი ანაზღარუება იქნება მინიმუმ 700-800 ლარი. სამწუხაროდ, ეს პროცესი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სამეცნიერო დაწესებულებას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს არ შეხებია. ვინაიდან ჩვენ არა გვაქვს საშუალება რომ ყველას თანაბრად გავუზარდოთ ანაზღაურება ჩვენი სახსრებით, ამიტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დავნერგეთ პრაქტიკა, შესაბამისად, მცირე სახელფასო დანამატებს ვაძლევდით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის თანამშრომელთა ერთ ნაწილს, ვისაც შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ ან იმათმ ვისაც უწევთ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება, თუმცა ბოლო თვეებია სამინისტრო ამის უფლებასაც აღარ გვაძლევს. განათლების და მეცნიერების სამინისტროს, დაახლოებით 14 თვის წინ ჩვენ მივწერეთ წერილი, სადაც ვწერდით, რომ აუცილებელი იყო ჩვენი საცავების გაუმჯობესება. წერილში აღწერილი იყო 7 პუნქტი, რომელიც სასწარფოდ იყო გასაკეთებელი (კლიმატ-კონტროლის სისტემა, სახანძრო სისტემა და სხვ.). წერილის გაგაზვნიდან გასულია 14 თვე და მხოლოდ ერთი პუნქტია განხორციელებული - კლიმატ-კონტროლის სიტემის დამონტაჟება დაგვიფინანსას სამინისტრომ, რაც ბუნებრივია, ძალიან კარგია, მაგრამ არაა საკმარისი.

- ანუ ცენტრის საცავი არაა დაცული ხანძრისაგან და შეიძლება ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ?

- დიახ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხანძრის შემთხვევაში ხელნაწერთა ცენტრი აბსოლუტურად დაუცველია.

თამარ სანიკიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი:

- ის პრობელმები, რაზეც ბუბა კუდავა ლაპარაკობს, მოდის 2006 წლიდან, სწორედ ამ პერიოდიდან, როდესაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა გახდა. 2012 წლიდან, რაც შეიცვალა მთავრობა, ჩვენ დავიწყეთ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. პირველ რიგში, დავიწყეთ უსაფრთხოების სისტემების მოწესრიგება - მოვაგვარეთ კლიმატ-კონტროლის სისტემა. ასევე საცავების უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრზე ზრუნვაც დავიწყეთ. მანამდე საცავები ყოველგვარი საფრთხის წინაშე აბსოლუტურად დაუცველი იყო. ბატონი ბუბა კუდავას ძირითადი უკმაყოფილება გამოიწვია თანამშრომელთა ანაზღაურების საკითხმა. როდესაც ვნახე, თუ როგორ არეგულირებდა სახელფასო დანამტების საკითხს, დავრჩი გაოცებული და შეურაცხყოფილი, რადგან ის ახორციელებდა დისკრიმინაციულ მიდგომას თანამშრომელთა მიმართ. მას ჰყავდა ფავორიტი თანამშრომლები, რომელთაც აძლევდა მაღალა დანამატს (ზოგჯერ ხელფასის სამმაგ ოდენობასაც კი), ზოგს კი - საერთოდ არაფერს აძლევდა, სწორედ ამიტომ მას ამის გაგრძელებაზე უარი ვუთხარით. პირდაპირ გეუბნებით, 2014 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი გაორმაგდა. გაითვალისწინეთ, რომ ბიუჯეტის დაფინანსება არაა ცენტრის ერთადერთი შემოსავალი, ისინი სისტემატურად იღებენ სხვადსხვა სახელმწიფო გრანტებს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)