"პრორუსულობის დაბრალების შიშით, ხელისუფლება არ უნდა მოერიდოს ევროკავშირთან ვაჭრობას" - კვირის პალიტრა

"პრორუსულობის დაბრალების შიშით, ხელისუფლება არ უნდა მოერიდოს ევროკავშირთან ვაჭრობას"

ამას შეიძლება ვუწოდოთ დიპლომატიური შანტაჟი, მაგრამ ეს არის აპრობირებული მეთოდი თანამშრომლობის პროცესში და მას ევროკავშირის ყველა ქვეყანა იყენებს

უნდა მოაწეროს თუ არა საქართველომ ხელი რიგის სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციას?

აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება, თუმცა, ცნობილია, რომ საქართველო ამ სამიტიდან მნიშვნელოვანს არაფერს უნდა ელოდოს. დეკლარაციის პროექტში არც ვიზალიბერალიზაციის მიღებაზეა ლაპარაკი და არც ევროპული პერსპექტივის აღიარებაზე. გამომდინარე აქედან, ჩნდება კითხვა: ღირს თუ არა სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაზე ხელIმოწერა, თუ ამ ეტაპზე არსებულ პროექტში მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვალა? დამოუკიდებელი ექსპერტი ლევან ბოძაშვილი ხელისუფლებას ევროკავშირთან დიპლომატიურ ვაჭრობას ურჩევს, თუმცა, დასძენს, რომ მმართველი გუნდი საკუთარი იმიჯის ხარჯზე არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას ერიდება.

- ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სამოქმედო არეალი რიგის სამიტის წინ. პრაქტიკულად, ვილნიუსის სამიტის შემდეგ ამ დეკლარაციაში არაფერი შეცვლილა, არადა, ორი წელი გავიდა მას შემდეგ და პირიქით, პროექტი უფრო სუსტია. ვილნიუსის დეკლარაცია იყო ევროკავშირის გაცილებით პერსპექტიული და ძლიერი განაცხადი, ვიდრე რიგის სამიტის დეკლარაცია იქნება. გამოდის, ვრჩებით ნომინალურ პარტნიორებად.

ევროკავშირმა მიაღწია იმას, რაც სურდა. ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას.ჩანს, ეს მაქსიმუმია, რასაც ამ ეტაპზე გვთავაზობენ.

ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს საჯარო განხილვა, რათა ევროკავშირმა დაინახოს, რომ ის არ არის ხელისუფლება, რომელსაც რასაც ეტყვიან, ყველაფერს გააკეთებს. ეს მესიჯი იქნება ევროკავშირისთვის.

- თუკი ხელს არ მოვაწერთ დეკლარაციას, ეს ევროკავშირს დააზარალებს თუ ისევ საქართველოს?

- სამწუხაროდ, 2013 წლიდან ჩვენ ბევრი მომგებიანი პოზიცია გავუშვით ხელიდან. ახლა ევროკავშირისთვის აღმოსავლეთპარტნიორობის გადარჩენა პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ამ პროექტიდან სამი ქვეყანა გამოთიშულია: ბელორუსია, აზერბაიჯანი და სომხეთი - ასოცირების ხელშეკრულებას არც ერთი ეს ქვეყანა არ აწერს ხელს. უკრაინის საკითხი თვითონ ევროკავშირისთვის იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ ის აღმოსავლეთპარტნიორობას სცილდება, მოლდავეთს სავიზო ლიბერალიზაცია უკვე მიღებული აქვს. ამრიგად, რჩება საქართველო, რომელზეც დამოკიდებულია აღმოსავლეთპარტნიორობის ბედი.

- ანუ აღმოსავლეთპარტნიორობის გადარჩენა საქართველოზეა დამოკიდებული?

- სწორედ ამაზეა საუბარი. ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ ევროპელი ანალიტიკოსების აზრი. საქართველო წმინდა დიპლომატიური ვაჭრობის თვალსაზრისით მომგებიან პოზიციაშია და ეს ვითარება უნდა გამოვიყენოთ. არ უნდა ვიყოთ ევროკავშირთან ისეთ ურთიერთობაში, რომ 28 სახელმწიფო, თავისი ბიუროკრატიული მექანიზმებით, წლების განმავლობაში რასაც გადაწყვეტს, იმას დაველოდოთ. მხოლოდ იმის ძახილი, რომ ხელისუფლება რაღაცას ვერ აკეთებს, საკმარისი არ არის. თვითონ ევროკავშირის ტენდენცია მიდის იქით, რომ თავად იყოს თავშეკავებული ჩვენს საკითხში და, ბუნებრივია, ეს ცვლის საზოგადოების განწყობას. ამიტომ ეს მომენტიც უნდა გამოიყენოს ჩვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან ურთიერთობაში. უნდა გამოეყენებინა საბაჟო გადასახადთან დაკავშირებული ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებაც.

ევროკავშირი 4 წელიწადში ერთხელ დაახლოებით 400 მილიონ ევროს გვაძლევს, რაც მიზერული თანხაა, მაშინ, როდესაც თავის საქონელზე საბაჟო გადასახადი რომ გადაეხადა, ერთ-ორ წელიწადში გაცილებით მეტ მოგებას მივიღებდით, მაგრამ ამაზე არავინ ევაჭრა ევროკავშირს.

მაგალითად, უკრაინელები და იანუკოვიჩი ითხოვდნენ... თუ ჩვენ ფულს არ ვითხოვთ, რაღაც მექანიზმი მაინც მოგვცენ, რომელსაც გამოვიყენებთ. სამწუხაროდ, ამაზე საუბარი პრორუსულობად ითვლება, არადა, ასე არ არის. ჩვენ შეგვიძლია ვივაჭროთ ნებისმიერ მექანიზმზე, მით უმეტეს, ამას ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

- ვაჭრობის იანუკოვიჩისეული ტაქტიკა ხომ არ დააზარალებს ხელისუფლების იმიჯს როგორც დასავლეთში, ისე ქვეყანაში?

- ევროკავშირში არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლებიც მუდმივი ვაჭრობის პროცესში არიან.

იმის შიშით, რომ ვიღაცამ სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი არ ატეხოს და პრორუსულობა არ დააბრალოს, ხელისუფლება არ უნდა მოერიდოს ევროკავშირთან ასეთი ტიპის დიპლომატიურ ვაჭრობას. თუ ამ პიართან გამკლავების თავი ხელისუფლებას არა აქვს, მაშინ ის არაკვალიფიციურად ჩაითვლება. ასეთი შიშებით ხელისუფლება შორს ვერ წავა. კი ბატონო, ამას შეიძლება ვუწოდოთ დიპლომატიური შანტაჟი, მაგრამ ეს არის აპრობირებული მეთოდი თანამშრომლობის პროცესში და მას ევროკავშირის ყველა ქვეყანა იყენებს.

- დიპლომატიური ვაჭრობა დაგვიანებული ხომ არ არის? რიგის სამიტი უკვე კარს მოგვადგა...

- დაგვიანებულია. ჩვენ რამდენიმე შანსი გავუშვით როგორც ასოცირების ხელმოწერამდე, ისე მას შემდეგ. დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება უნდა ზარალდებოდეს და არა - ქვეყანა. როცა ცდილობენ, კარგ ხელისუფლებად მოგვაჩვენონ თავი, სწორედ მაშინ ჩნდება კითხვები მის ავკარგიანობაზე.

- თუ ვილნიუსის სამიტის შემდეგ დეკლარაციაში არაფერი იცვლება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაინც არის გათვალისწინებული რუსეთის ინტერესები?

- ევროკავშირს აქვს ორი ძირითადი მექანიზმი, რომლითაც პარტნიორ ქვეყნებს იზიდავს: ეს არის უვიზო რეჟიმი და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა. ისეთი კანდიდატი ქვეყნების, როგორიც არის სერბეთი, კოსოვო და ა.შ. წევრობა მხოლოდ 2025 წლისთვის არის სავარაუდო. გამოდის, ჩვენთვის ეს პერსპექტივა კიდევ უფრო ტაბუდადებულია.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, საქართველოში მოსახლეობის აზრი პროევროპულიდან პრორუსულისკენ რომ არ შეიცვალოს, ევროკავშირი ქმედითი დანაპირებით კვებავს საზოგადოებას.

როდესაც ელოდები უვიზო რეჟიმს ევროკავშირისგან, რა თქმა უნდა, მისკენ იხრები, როგორც კი ევროკავშირი ამას მოგვანიჭებს, მას მექანიზმი აღარ დარჩება, რაიმე დანაპირები მოგვცეს, გარდა იმისა, რომ პატარ-პატარა გრანტები ჩაგვირიცხოს. ერთადერთი, რაც ამის შემდეგ რჩება, ევროპული პერსპექტივის აღიარებაა. ცხადია, ეს არ სურს ევროკავშირს და, შესაბამისად, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას რაც გვიან მოგვცემს, მით უკეთესი მისთვის, რადგან მანამდე შეეცდება მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებისგან.

სამწუხაროდ, ხელისუფლება პოზიორობს, ცდილობს, არ გაიფუჭოს ურთიერთობა ევროპელებთან, რათა არ გაჩნდეს თანამდებობრივი პრობლემები.

თუ ისინი საკუთარი იმიჯის ხარჯზე არ გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს ევროკავშირთან ურთიერთობაში, ეს პროცესი უსასრულოდ გაჭიანურდება.

- მინდა გკითხოთ საკადრო ცვლილებებზეც... ხომ არ უკავშირდება ეს ცვლილება სწორედ რიგის სამიტს, რადგან, თუნდაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ვიხილეთ მკვეთრად პროდასავლელი თინა ხიდაშელი...

- როდესაც ალასანიას გუნდის სახით ერთი პროდასავლური ძალა გამოეცალა კოალიციას, საჭირო იყო მეორე პროდასავლური ფლანგის გაძლიერება, რადგან ეს სეგმენტი სჭირდება ხელისუფლებას. თუმცა, კოალიციას სჭირდება ისეთი პრორუსული ძალაც, როგორიც არის გოგი თოფაძე. თუნდაც ევროპელებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ესეც დიპლომატიური ვაჭრობის ელემენტია.

ვახო ბერიძე